გადაწყვეტილება №24345/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 25.12.2024
№ დოკუმენტი 24345/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24345/2/2024

25 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 26.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24345/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. ფულადი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სასაქონლო ზედნადებებით დაბრუნებული წარმოებული საქონლის რეალიზებულად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №001-300 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6310 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 221 978 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 185 485

დღგ - 46 404

საშემოსავლო გადასახადი - 1 139 081

ჯარიმა - 592 717

საურავი - 443 776

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დეპარტამენტი მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №31990 ბრძანება და 20.12.2023 წლის №001-300 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6310 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 3.12.2024 წლის №----- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6310 ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა 2024 წლის 22 მარტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ვინაიდან, ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გაცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის მიერ ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა 22.03.2024 წლის №6310 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) 2024 წლის 22 აპრილს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6310 ბრძანების ელექტრონულად გაცნობა ფიქსირდება 2024 წლის 4 ივნისს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო აქტი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს ითვლება ჩაბარებულად, ხოლო პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს და არა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის დღიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6310 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 2024 წლის 22 აპრილს, ჩაბარებულად ითვლება 12.05.2024 წელს, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 3.06.2023 წელი (მე-20 დღე 1 ივნისი შაბათი), საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 26.11.2024 წელს სადავო ბრძანების გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტს სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით. ხოლო, საჩივარში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე (რომელიც წარმოადგენს ------ძის ნომერს) განხორციელებული კომუნიკაციით გაირკვა, რომ აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილია.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6310 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს მტკიცებულებას/დოკუმენტს, გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. ფულადი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

3. სასაქონლო ზედნადებებით დაბრუნებული წარმოებული საქონლის რეალიზებულად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დეპარტამენტი მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №31990 ბრძანება და №001-300 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6310 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:301( „ე“);