გადაწყვეტილება N18538/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18538/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№118538/2/2022

23.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ის 27.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18538/2/2022).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადში დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №042-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31432 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 45 893,94 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 33 749

ჯარიმა - 9 643

საურავი - 2 501,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ელექტრონული საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა, რომელსაც ახორციელებს -------- რაიონში, ----------ში. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობს 26.03.2021 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხავს აწარმოებს საბუღალტრო პროგრამებში სუპერფინი და ფინა. მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 37,7%-ს. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში, გრაფა 18-ში არ უწერია ერთობლივი შემოსავალი. აგრეთვე, არასწორად აქვს დეკლარირებული 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მონაცემი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა შეძენილი სმფ-ების ღირებულება და 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №042-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.12.2022 წლის №31432 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, რის გამოც მოხდა გადასახადის არასწორი დაანგარიშება.

მომჩივანი აღიარებს იმ ფაქტს, რომ დეკლარაციით უწევდა გადასახადის დეკლარირება. ითხოვს გათვალისწინებული იქნას, რომ შეცდომა დაშვებულია მექანიკურად და არა განზრახ. გადასახადი, რომელიც უწევდა დეკლარაციით 19 500 ლარი, უკვე გადაიხადა და მზად არის გადაიხადოს ყველა საავანსო თანხა, რაც უწევდა კვარტალურად. ითხოვს ჯარიმის მოხსნას, რაც შეადგენს 9 643 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.