ბრძანება N 26517

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.12.2024
№ დოკუმენტი 26517
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26517

17 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის: ---)

(იურ. მის: ---) 2024 წლის 27 ნოემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) №93061/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 15 ნოემბრის №CB1689108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი დათვლილია 2019 წლიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი დადგენილია ხანდაზმულობის პერიოდის გათვალისწინებით, რამაც ხელოვნურად გაზარდა საქონლის ნაშთის ოდენობა. ასევე აღნიშნავს, რომ ერთი კილო საქონლის ფასი დადგენილია 2024 წლის მარტის მდგომარეობით, რომელიც გამოყენებულ იქნა მთელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებულ საქონელზე, რაც ლოგიკას მოკლებულია და იწვევს ფასნამატის ხელოვნურ გაზრდას. 2021 წლის საქონლის ფასი ვერანაირად ვერ იქნება 2024 წლის საქონლის ფასის ტოლფასი, რაც ნათლად ჩანს საქონლის თვითღირებულებებით. აღნიშნული გულისხმობს, რომ ინფლაციის პირობებში, მეწარმე ბევრად უფრო დიდ მოგებაზე მუშაობდა ვიდრე 2024 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 მარტის №5856 ბრძანების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტს დაევალა ი/მ ---ის (ს/ნ ---) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება. ი/მ ---ის საქმიანობის სახეა მეორადი ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია. ბრძანება ი/მ ---ს ჩაბარდა 2024 წლის 19 მარტს. გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია. აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფინანსურ აღრიცხვას, ასევე ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ჩამოერთვა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში, (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ. ი/მ ---ის (ს/ნ ---) განმარტებით, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახეობების მიხედვით აღრიცხვა. გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა განხორციელებულიყო იმ ზომის ერთეულში (კილოგრამებში) რა ფორმითაც ხდებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა საბაჟო ორგანოს მიერ.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღრიცხვა დაიწყო 2024 წლის 19 მარტს და დასრულდა 2024 წლის 22 მარტს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის შედეგებზე შედგენილი იქნა ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმი. გადამხდელს ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი, რომ მის მიერ გადამოწმებულ იქნა საინვენტარიზაციო უწყისები, საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ 2024 წლის 8 აპრილის №59330/21 განცხადებით წარმოდგენილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19), რომელიც არასრულყოფილად იყო შევსებული.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №999-ის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ი/მ ---ს არ ჰქონდა შევსებული სრულყოფილად. მასში ასახული მონაცემებით არ იშიფრებოდა საქონლის მახასიათებლები. კერძოდ, საქონლის სახეობა დასახელების მიხედვით, საქონლის რაოდენობა ღირებულების მიხედვით, შესაბამისად ჟურნალში არსებული ინფორმაცია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გაანგარიშებაში მომხდარიყო მასში ასახული მონაცემების გათვალისწინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 19 მარტის №5856 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა დანართი №21- ის და დანართი №22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის მასალები ინფორმაციის სახით ი/მ ---ს გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ ვებგვერდზე (rs.ge), რომელსაც მეწარმე გაეცნო 2024 წლის 21 ნოემბერს.

საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2021 წლის პირველი იანვრიდან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის პრინციპის გათვალისწინებით) ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (19.03.2024 წ). საბაჟო დეკლარაციების მიხედვით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებულმა სასაქონლომატერიალურმა ფასეულობების წონამ შეადგინა 248 615 კილოგრამი (აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ საბაჟო დეკლარაციებით მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების წონა). ერთეული კილოგრამის საბაზრო ფასი 6.54 ლარი გაანგარიშებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის წონის თანაფარდობით მის სარეალიზაციო ფასთან. 2021 წლის პირველი იანვრიდან – 2024 წლის 19 მარტის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების წონა 64191.2 კილოგრამი აღებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხის ერთეული კილოგრამის ფასზე შეფარდებით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა შეადგინა 119589.03 კილოგრამი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 782112.26 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა.

ი/მ ---ს (ს/ნ ---) 2024 წლის 18 ივნისს ჩაბარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც 2024 წლის 24 ივნისს №104744/21-12 განცხადებით წარმოდგენილი იქნა პოზიცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის მედიაციის საბჭო №62 სხდომის ოქმით ი/მ ---ს (ს/ნ ---) წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ კი დაევალა: გადასახადის გადამხდელს - ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებისთვის წარმოედგინა პოზიციაში დაფიქსირებული არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს - გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციის პროექტის შედეგების კორექტირება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ი/მ ---ს (ს/ნ ---) მიერ 2024 წლის 12 აგვისტოს №133976/21-12 განცხადებით, დამატებით წარმოდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ 2019-2024 წლებში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ასლები, გაყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფასების შედარების მიზნით, რომლის შესწავლის შედეგად დგინდება რომ 2019-2024 წლებში ზედნადებით გაყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ღირებულება ემთხვევა და რიგ შემთხვევებში აღემატება ფაქტობრივი აღწერის დროს დაფიქსირებულ იდენტური დასახელების მქონე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ფასებს. შესაბამისად საანგარიშო პერიოდში (2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 19 მარტამდე) 1 კილოგრამის სარეალიზაციო ფასად აღებულია 6.54 ლარი.

გადასახადის გადამხდელმა ასევე წარმოადგინა შპს ----ის (ს/ნ ---) დირექტორის ---ის (პ/ნ ---) მიერ გაცემული ცნობა. აღნიშნულ ცნობაში --- განმარტავს, რომ ი/მ ---აგან 2023 წლის 11 ნოემბერს სასაქონლო ზედნადებით (№---) შეძენილი შავი ლითონის ჯართი შედგებოდა მეორადი ავტომანქანების დაზიანებული ნაწილებისგან. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის მედიაციის საბჭოს №62 სხდომის ოქმის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 495376.68 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 49537.67 ლარით, რაზეც 2024 წლის 15 ნოემბერს შედგენილ იქნა №CB1689108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 8 აპრილის №59330/21 განცხადებით წარმოადგინა სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19), სადაც 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი შეადგენდა 63047.11 ლარს დღგ-ის გარეშე (11370 კგ). აღნიშნული ოქმი არასრულყოფილად იყო შევსებული.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №999-ის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მცირე ბიზნესის ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი ი/მ ---ს არ ჰქონდა შევსებული სრულყოფილად. მასში ასახული მონაცემებით არ იშიფრებოდა საქონლის მახასიათებლები. კერძოდ, საქონლის სახეობა დასახელების მიხედვით, საქონლის რაოდენობა ღირებულების მიხედვით, შესაბამისად ჟურნალში არსებული ინფორმაცია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გაანგარიშებაში მომხდარიყო მასში ასახული მონაცემების გათვალისწინება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ იქნა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 19 მარტის №5856 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა დანართი №21-ის და დანართი №22-ის შევსება საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიტიკური გაანგარიშებით მოხდა 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთების დადგენა.

ი/მ ---ის (ს/ნ ---) სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების საწყისი ნაშთი 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 416665.06 ლარს დღგ-ის გარეშე (75178.1 კგ). ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობასთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აღნიშნავს, რომ ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით გაყიდული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ღირებულება ემთხვევა და რიგ შემთხვევებში აღემატება ფაქტობრივი აღწერის დროს დაფიქსირებულ იდენტური დასახელების მქონე სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების სარეალიზაციო ფასებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.

ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 495376.68 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 49537.67 ლარით, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).