გადაწყვეტილება №26027/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.11.2025
№ დოკუმენტი 26027/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26027/2/2025

12 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 15.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26027/2/2025).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის და ზედმეტობის გამოვლენისთვის დაკისრებული ჯარიმები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №CB1792564 საგადასახადო

სამართალდარღვევის ოქმი;

2.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №CB1792565 საგადასახადო

სამართალდარღვევის ოქმი;

3.შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20850 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 22 066.61 ლარი (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი);

ჯარიმა - 977 ლარი (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №CB1792564 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 22 066.61 ლარით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 12 აგვისტოს №CB1792565 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 977 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმები 2025 წლის 9 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 25 სექტემბრის №20850 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 49-ე, 70-ე, მე-8, 72-ე, 269-ე, 270-ე, 286-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომ ი/მ "-------"-ს საჩივარში დასმული საკითხები წარდგენილი ჰქონდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისიამ ი/მ "-------"-სთან ერთად შეისწავლა გადამხდელის პოზიციაში დასმული საკითხები და შესწავლის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე მოხდა ინვენტარიზაციის ოქმის პროექტით დასარიცხი ჯარიმის თანხის კორექტირება, ხოლო რაც შეეხება აღურიცხავ სასაქონლომატერიალური ფასეულობებს, გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, აღურიცხავ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე ინვენტარიზაციის ოქმის პროექტით დასარიცხი ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი. რაც შეეხება ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას გამოყენებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთს, იგი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ აღებულია ი/მ "-------"-ის მიერ წარდგენილი 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციიდან.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამორკვევის გარეშე. კომისიის წევრების მიერ მითითებული ფასები არ შეესაბამება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ზედნადებში აღწერილ ფასებს. ზედნადებში მითითებული ფასის ნაცვლად კომისიის წევრებს მითითებული აქვთ დაბალი ფასი, რამაც შესაბამისად შეამცირა ნაშთი, გახადა ფასთა სხვაობა, რამაც ასევე გამოიწვია პროცენტის გაზრდა. ასევე, კომისიის წევრებს შეცდომები აქვთ აღწერაში და ფასებში. მაგ., სარეცხი მანქანის ფასის აღწერის დროს, პროდუქციაში სარეცხი მანქანის ნაცვლად მითითებული აქვს მაცივრის ზედნადები, რომლის ფასიც ბუნებრივია არ შეესაბამება სარეცხი მანქანის ფასს. ასევე, არსებულ საქონელზე, რომელზეც მითითებულია, რომ არ არის ზედნადები, არ შესაბამება რეალობას. ყველა ასეთ საქონელზე წარდგენილია ზედნადები. უბრალოდ, გამყიდველ მხარეს, მაგალითად, საპარსზე უწერია რუსულად „მაშინკა“, ხორცის საკეპზე ზედნადებში წერია ინგლისურად და ა.შ.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.10.2025 წლის №"-------" წერილი, სადაც მითითებულია, რომ ამავე დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1473 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 27 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2014 წლის 10 იანვრიდან. მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მობილური ტელეფონებითა და საოჯახო ტექნიკით ვაჭრობა. ინვენტარიზაციის დაწყებამდე ზემოაღნიშნული №1473 ბრძანება ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს, რომელმაც განაცხადა, რომ საქმიანობას ახორციელებს მისამართებზე: ქ. "-------", "-------", "-------". მომჩივანმა განმარტა, რომ საკუთრებაში არსებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები განთავსებული ჰქონდა მხოლოდ აღნიშნულ მისამართებზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნდა. ასევე განაცხადა, რომ მეწარმის კუთვნილ ობიექტში არ ინახებოდა სხვისი კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ყველა შეძენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობა აღებული ქონდა შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილია გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული ქონდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1473 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთა შემადგენლობით. მომჩივანმა წერილობითი ფორმით განსაზღვრა გადამხდელის წარმომადგენლები საინვენტარიზაციო კომისიაში. ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთის აღწერა) დაიწყო 2025 წლის 5 თებერვალს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2025 წლის 12 აგვისტოს. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ“ ოქმში (დანართი №16). მეწარმის ობიექტში 2025 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით აღმოჩნდა 209 841 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, შედგა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი №19–ის I და II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ასევე შედგა „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი №21). მისი შესწავლისა და მითითებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 1 954 ლარის აღურიცხავი სმფ-ები, ხოლო ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ (დანართი №21–ის მე–6 სვეტის ჯამი) შეადგინა 219 340,8 ლარი. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

 საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 5 თებერვლამდე (ინვენტარიზაციის დაწყების მომენტი);

 საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 415 044 ლარი (გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით);

 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება – 196 630,25 ლარი – შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით;

 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვები 233 176,61 ლარი. 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის საკუთრებაში არსებულ სსა-ზე დაფიქსირებული ბრუნვისა და საბანკო ანგარიშებზე ჩამორიცხული თანხების ჯამით - 16 588,76 ლარი.

 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ კომერციული ფართის რემონტისთვის გამოყენებული იქნა 18 751,47 ლარის სმფ-ები.  ფასნამატად აღებულ იქნა 12,3%. მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი №16-ისა და დანართი №21–ის მონაცემებს. კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების საბაზრო ღირებულება (ფასნამატის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ის სმფ-ები, რომლის შეძენის ღირებულება ნაკლები იყო საბაზრო ღირებულებაზე და ასევე ის სმფ-ები, რომელსაც ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის საბაზრო ღირებულება არ გააჩნდა). ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (2025 წლის 5 თებერვალი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: 389 265,2 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22-ის I ცხრილი (პროექტი) – დანართი №16-ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე, სადაც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 1 954 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ასევე შევსებულ იქნა დანართი №22–ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი №19–ის I ცხრილისა და დანართი №21– ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა - 169 924,4 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (12,3% ფასნამატის და დღგ -ის (18%) გათვალისწინებით) – 225 173,62 ლარი. ი/მ "-------"-ს 2025 წლის 10 ივნისს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი №22–ის I და II ცხრილების) პროექტით. გადამხდელმა შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში (5 სამუშაო დღე) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში წარადგინა საწინააღმდეგო პოზიცია. წარდგენილ პოზიციაში მომჩივანი აღნიშნავდა, რომ: 1. არ ეთანხმებოდა რიგი სმფ-ების თვითღირებულებას და მიუთითებდა, რომ კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს საქონლის მიღებისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და მიუთითეს არსებულ ფასებზე დაბალი ფასი, რამაც შეამცირა სმფ-ების ნაშთი და გაზარდა ფასნამატი. ამასთან, სარეცხი მანქანის ფასის მითითებისას შეცდომით დაფიქსირებული იქნა მაცივრის ფასი. 2. მიუთითებდა, რომ 2021 წელს ჩატარებული იქნა კამერალური შემოწმება, რაც გასაჩივრებულია სასამართლოში და აღნიშნავდა, რომ დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ნაშთი სადავოა და მისი მითითება ეწინააღმდეგება კანონს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე იმსჯელა ი/მ "-------"-ის წერილობით პოზიციაში დასმულ საკითხებზე და მიიღო გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №13) №1 საკითხის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით აღნიშნული საკითხების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. შესაბამისად,ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელთან ერთად შესწავლილი იქნა სადავო სმფ-ების შეძენის დამადასტურებელი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით გაიზარდა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელი ღირებულება (დანართი №21–ის მე–6 სვეტის ჯამი), რომელმაც შეადგინა 220 478 ლარი, რის შედეგადაც ფასნამატმა შეადგინა 11,65%. შესაბამისად, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (2025 წლის 5 თებერვალი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრულმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: 387 970,39 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22-ის I ცხრილი – დანართი №16-ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე, სადაც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 1 954 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, გამოვლენილ აღურიცხავ სმფ-ებზე ი/მ "-------" საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაჯარიმდა 977 ლარით, რაზეც შედგა ელექტრონული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1792565. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ასევე შევსებულ იქნა დანართი №22–ის II ცხრილი – დანართი №19–ის I ცხრილისა და დანართი №21–ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 167 492,32 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით - 220 666,11 ლარი. გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ი/მ "-------" დაჯარიმდა 22 066,61 ლარით. ამასთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, რაზეც შედგა ელექტრონული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1792564. 2025 წლის 9 სექტემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა 2 საჩივარი.№25828/2/2025 საჩივრით გასაჩივრებული იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1792565, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია სმფების აღურიცხაობაზე 977 ლარით, ხოლო №25829/2/2025 საჩივრით გასაჩივრებული იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1792564, რომლითაც მომჩივანი დაჯარიმებულია სმფ-ების დანაკლისზე 22 066,61 ლარით. აღნიშნულ საჩივრებზე იმსჯელა შემოსავლების სამსახურმა და 2025 წლის 25 სექტემბერს გამოსცა №20850 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით (რეგისტრაციის №26027/2/2025) გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20850 ბრძანება. ი/მ "-------" წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხულ ჯარიმის თანხებს. განმარტავს, რომ კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს საქონლის მიღებისას გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და მიუთითეს არსებულ ფასებზე დაბალი ფასი, რამაც შეამცირა სმფ-ების ნაშთი და გაზარდა ფასნამატი. ამასთან, სარეცხი მანქანის ფასის მითითებისას შეცდომით დაფიქსირებული იქნა მაცივრის ფასი. ასევე, არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სმფ-ების რაოდენობას და განმარტავს, რომ აღნიშნულ საქონელზე გააჩნია სმფ-ების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში დასმული საკითხები, იდენტური შინაარსით, გასაჩივრებული ქონდა ჯერ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში, რაზეც მიღებული გადაწყვეტილებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით აღნიშნული საკითხების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება, რაც სრულად განხორციელდა წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების ფარგლებში, ხოლო შემდეგ ასევე იდენტური შინაარსით, გასაჩივრებული ქონდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის,სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადამხდელი დაჯარიმდა 22 066.61 ლარით.სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა 977 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

286(4,9).