გადაწყვეტილება №24381/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24381/2/2024
26 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 2.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24381/2/2024).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;
2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33700 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №005-244 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24120 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 365 796.91 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 182 554
დღგ - 180 997
მიწა - არასასოფლო - 16
მოგების გადასახადი - 971
ქონების გადასახადი - 570
ჯარიმა - 91 272
საურავი - 91 970.91
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები, რესტორნების გარეშე.
აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №28669 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2023 წლის №33700 ბრძანება და ამავე თარიღის №005-244 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2024 წლის 29 იანვარს და 12 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.04.2024 წლის №7788 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 1.08.2024 წლის №22909/2/2024 (რეგ. 2.09.2024წ. 03/66345) გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7788 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 13.11.2024 წლის №24120 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს ------- არის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება. კერძოდ, სოფელ ------- სასტუმროს ნომრები (მშენებარე). შპს -------ის მიერ კომპანიის კაპიტალში (2019 წლის ნოემბერში) შეტანილია სულ სასტუმროს 13 ნომერი, რომლის ჯამური ღირებულება კრების ოქმით შეადგენს 892 600 ლარს.
კომპანია ზოგ შემთხვევაში ახდენს უძრავი ქონების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში - დამფუძნებლისთვის უკან დაბრუნებას. შემოწმებით, გაანალიზებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები (ამონაწერები, ხელშეკრულებები), გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა, რის შედეგადაც იდენტიფიცირდა რეალიზებული უძრავი ქონება (447 740 ლარი დღგ-ის გარეშე), დამფუძნებლისთვის დაბრუნებული უძრავი ქონება (570 922 ლარი დღგ-ის გარეშე) და სხვადასხვა მასალები (20 886 ლარი დღგ-ის გარეშე).
შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დამფუძნებლის (შპს -------) მიერ წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების (6 ნომრის) გატანა (2020 წლის დეკემბერში) კომპანიის კაპიტალიდან (ღირებულებით 493 400 ლარი), ხოლო 2022 წლის ივნისის თვეში, შპს -------ისგან შეძენილი უძრავი ქონება არის უკან გადაცემული (გაუქმდა თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულება). ამრიგად, დამფუძნებლისგან შეძენილი ქონების უკან გადაცემა (ხელშეკრულების გაუქმება) გახდა კორექტირების საფუძველი, 2022 წლის ივნისის თვეში დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩათვლილი თანხა.
კაპიტალში დარჩენილი ქონების ღირებულებამ შეადგინა 399 200 ლარი, რისი ნაწილიც გატანილია ფულის სახით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის კაპიტალიდან დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების გზით გატანილია ფული 307 784.01 ლარი.
შემოწმების შედეგად დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების კაპიტალიდან გამოტანა (აღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, კერძოდ, რეგისტრაციისას წარდგენილია განცხადება, რითიც მოთხოვნილია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე). გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება, კერძოდ, სოფელ ------- სასტუმროს ნომრები. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დამფუძნებლის კაპიტალიდან ქონების გატანა წილის სანაცვლოდ. შემოწმებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების უკან გამოტანა.
დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი განმარტავს, რომ 28.10.2018 წელს დამფუძნებლის - შპს „-------“-ის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ იქნა 13 ერთეული უძრავი ქონება, რომელზეც საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს. აღნიშნული ქონება არ გამოყენებულა ეკონომიკურ საქმიანობაში, ქონება გადაცემული იყო სამშენებლო განვითარებისა და სასტუმრო საქმიანობისთვის, თუმცა ვერ მოხდა მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის შეძენა (მიწის ნაწილი მოექცა სარეკრეაციო ზონაში, რაც გამორიცხავდა სამშენებლო განვითარებას და სასტუმრო საქმიანობას), რასაც დაემატა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაცემული ქონების ნაწილის მიმართ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 25.12.2020 წელს შპს „-------“-მ გააუქმა შპს „-------“ საკუთრება 6 ერთეულ უძრავ ქონებაზე.
მომჩივნის განმარტებით, რეგისტრაციის გაუქმება არსებითად განსხვავდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისგან და არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, კერძოდ, რეგისტრაციისას წარდგენილია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. აღნიშნული აპარტამენტების კაპიტალში შეტანა მოხდა 2019 წლის ნოემბერში, ქონებას შპს „-------“ ფლობდა 14 თვის განმავლობაში და 2020 წლის დეკემბერში 6 აპარტამენტი (საბაზრო ფასით ჯამურად 570 922 ლარი) გადაეცა ისევ დამფუძნებელს, რაც დასტურდება ასევე, საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით, სადაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უძრავი ქონების დარეგისტრირება შპს „-------“-ის საკუთრებაში.
აღნიშნული ქონება შპს „-------“ საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით და არ ყოფილა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შემდეგ შესაძლოა გაუქმებულიყო.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან ისევ ვერ იქნა წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის კაპიტალში 13 ერთეული ქონება შეტანილი იყო დამფუძნებლის - შპს „-------“ მიერ. ქონების შეტანიდან მოკლე დროში, რადგან ვერ შესრულდა დაგეგმილი ეკონომიკური საქმიანობა, დამფუძნებელმა გადაცემული ქონებებიდან 6 ერთეულის მიმართ გააუქმა „კაპიტალში შეტანის“ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და 6 ერთეული უძრავი ქონება დაიბრუნა თვითონ ისე, რომ ეს ქონება არ ყოფილა გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისათვის. ეს ოპერაცია არ წარმოადგენს საქონლის მიწოდებას, როგორც ეს შეაფასა შემოსავლების სამსახურმა.
კომპანიის კაპიტალში 13 ერთეული უძრავი ქონება დამფუძნებლის - შპს „-------“-ის მიერ შეტანილია 28.10.2019 წლის გადაწყვეტილებით. ტექნიკურად, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებას ზედა მარჯვენა კუთხეში აწერია „2018 წლის 28 ოქტომბერი“, თუმცა მას ხელი მოეწერა 28.10.2019 წელს საჯარო რეესტრში, რეესტრის თანამშრომლის თანდასწრებით, რომლის მიერ დამოწმებულია ხელმოწერა, რაც დასტურდება დოკუმენტის ბოლოში დასმული ბეჭდით. ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოხდა 2019 წლის ნოემბერში. ამდენად, უძრავი ქონების კაპიტალში შეტანის თარიღია 28.10.2019 წელი და არა 2018 წელი.
დაახლოებით 1 წელში, ვინაიდან არ შედგა დაგეგმილი ეკონომიკური საქმიანობა, დამფუძნებელმა 25.12.2020 წელს მიიღო გადაწყვეტილება შვილობილი კომპანიის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 6 ერთეული უძრავი ქონების მიმართ.
რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება შეეხო 13 ერთეული უძრავი ქონებიდან მხოლოდ 6 ქონებას, მდებარე -------, სოფელი -------, თბილისი-კოჯორის გზატკეცილი №102:
- სართული 4, სასტუმრო №18, ს/კ -------,- სართული 6, სასტუმრო №17, ს/კ -------,- სართული 5, სასტუმრო №14, ს/კ -------,- სართული 5, სასტუმრო № 13, ს/კ -------,- სართული 4, სასტუმრო №12, ს/კ -------
- სართული 4, სასტუმრო №10, ს/კ -------.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შვილობილი კომპანიის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის ძალადაკარგულად გამოცხადება შეფასებულია როგორც ქონების „კაპიტალიდან გატანა“, რაც სრულიად სხვა ქმედებაა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში ექცევა. სინამდვილეში ექვსივე უძრავ ქონებაზე შპს „-------“-ის საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებით, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შემდეგი გადაწყვეტილებებით:
- გადაწყვეტილება №------- (28.12.2020წ.) რეგისტრაციის შესახებ;
- გადაწყვეტილება №------- (30.12.2020წ.) რეგისტრაციის შესახებ;
- გადაწყვეტილება №------- (29.12.2020წ.) რეგისტრაციის შესახებ;
- გადაწყვეტილება №------- (31.12.2020წ.) რეგისტრაციის შესახებ;
- გადაწყვეტილება №------- (29.12.2020წ.) რეგისტრაციის შესახებ;
- გადაწყვეტილება №------- (31.12.2020წ.) რეგისტრაციის შესახებ.
კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული 6 უძრავი ქონება არ გამოყენებულა ეკონომიკური საქმიანობისათვის. დამფუძნებელმა შპს „-------“ უძრავი ქონება გადასცა სამშენებლო განვითარებისა და სასტუმრო საქმიანობისათვის, თუმცა ვერ მოხდა მომიჯნავედ არსებული 1 415 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე შეძენა (ს/კ -------). აუქციონი დასრულდა 15.10.2020 წელს და არავინ არ მიიღო აუქციონში მონაწილეობა. ამის მიზეზი გახდა ქალაქ ------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.03.2019 წლის №39-18 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“. ამ დადგენილებით საკადასტრო კოდით №81.02.29.171 რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ძირითადი ნაწილი მოექცა არეალში „სარეკრეაციო ზონა 3“, რაც ნაკვეთის სამშენებლო განვითარებას და სასტუმრო საქმიანობას გამორიცხავდა. ამის გამო არავინ, მათ შორის, შპს „-------“, არ შეიძინა მიწის ნაკვეთი და იგი დღესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
ამ გარემოებას დაემატა ასევე, 2020 წელს საყოველთაოდ ცნობილი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე სასტუმრო საქმიანობისათვის ხელშემშლელი იყო და დამფუძნებელმა 25.12.2020 წელს მიიღო გადაწყვეტილება გადაცემული ქონების ნაწილის მიმართ საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ - ნორმატიული აქტით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების გზით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019 წლის №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 23-ე მუხლის (რეგისტრაციის გაუქმება, გაუქმებული მონაცემების აღდგენა) მე-2 პუნქტის საფუძველზე, „თუ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმება, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით. საფასური არ მოითხოვება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი გაუქმდა სასამართლოს (არბიტრაჟის) აქტით“; ხოლო იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, გაუქმებულ რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია რეგისტრაციისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში“.
რეგისტრაციის გაუქმება არსებითად განსხვავდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიწოდებისაგან და იგი არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდებას.
შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის ნამსჯელი ამ გარემოებებზე და სამართლებრივ საფუძვლებზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე, განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის კაპიტალში 13 ერთეული უძრავი ქონება დამფუძნებლის - შპს „-------“-ის მიერ შეტანილია 28.10.2019 წლის გადაწყვეტილებით (ტექნიკურად, დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებას ზედა მარჯვენა კუთხეში აწერია „2018 წლის 28 ოქტომბერი“, თუმცა მას ხელი მოეწერა 28.10.2019 წელს საჯარო რეესტრში). ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში განხორციელდა 2019 წლის ნოემბერში. ამდენად, უძრავი ქონების კაპიტალში შეტანის თარიღია 28.10.2019 წელი და არა 2018 წელი. დაახლოებით 1 წელში, ვინაიდან არ შედგა დაგეგმილი ეკონომიკური საქმიანობა, დამფუძნებელმა 25.12.2020 წელს მიიღო გადაწყვეტილება შვილობილი კომპანიის კაპიტალში უძრავი ქონების შეტანის რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ 6 ერთეული უძრავი ქონების მიმართ. ექვსივე უძრავ ქონებაზე შპს „-------“-ის საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს საკუთრების რეგისტრაციის გაუქმებით, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით. კომპანიის მიერ აღნიშნული 6 უძრავი ქონება არ გამოყენებულა ეკონომიკური საქმიანობისათვის. რეგისტრაციის გაუქმება არსებითად განსხვავდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიწოდებისაგან და იგი არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდებას.
საჩივარს ახლავს, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები, სადაც მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია რეგისტრაციის გაუქმება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი -------, -------, სასტუმროს ნომერი №18, 17, 14, 13, 12, 10 (მშენებარე). ასევე, ახლავს კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორის 25.12.2020 წლის გადაწყვეტილება №2, რომლითაც შპს -------, რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, დაადგინა რომ: გაუქმდეს შპს ------- აპარტმენტსის საკუთრება უძრავ ქონებაზე, -------, -------, სასტუმროს ნომერი №18, 17, 14, 13, 12, 10 (მშენებარე), საკადასტრო კოდების მითითებით და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, უძრავი ქონება დარეგისტრირდეს შპს -------ის საკუთრებაში.
მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს მიერ 5.12.2024 წლის №113367-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება. კერძოდ, სოფელ ------- სასტუმროს ნომრები (მშენებარე). კომპანია ზოგ შემთხვევაში ახდენს უძრავი ქონების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში დამფუძნებლისთვის უკან დაბრუნებას. შემოწმების შედეგად, გაანალიზებულია შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები და საჯარო რეესტრის მონაცემები (ამონაწერები, ხელშეკრულებები), გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა. რის შედეგადაც, იდენტიფიცირდა რეალიზებული უძრავი ქონება (447 740 ლარი დღგ-ის გარეშე) და დამფუძნებლისთვის დაბრუნებული უძრავი ქონება (570 922 ლარი დღგ-ის გარეშე). საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის და 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემოწმების შედეგად დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების კაპიტალიდან გამოტანა (აღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, კერძოდ რეგისტრაციისას წარდგენილია განცხადება, რითიც მოთხოვნილია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე). აღნიშნული აპარტამენტების კაპიტალში შეტანა მოხდა 2019 წლის ნოემბერში. აღნიშნულ ქონებას შპს „-------“ ფლობდა 14 თვე და შემდეგ, ექვსი აპარტამენტი საბაზრო ფასით ჯამურად 570 922 ლარი, გადაეცა ისევ დამფუძნებელს 2020 წლის დეკემბერში, რაც დასტურდება ასევე, საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით, სადაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უძრავი ქონების დარეგისტრირება შპს „-------“-ის საკუთრებაში. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ქონება შპს ------- საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით, არ ყოფილა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შემდეგ შესაძლოა გაუქმებულიყო. ინფორმაციას ერთვის საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია კაპიტალში ქონების შეტანა-გამოტანასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, დავების პროცესში წარდგენილ დოკუმენტაციას, აღნიშნული დოკუმენტები გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო შემოწმების მიმდინარეობისას. ეს არის საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადება, სადაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე. ასევე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები. თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ ცვლის შემოწმების შედეგებს. აქედან გამომდინარე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე მუხლების, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად კომპანიას დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლით.
შემოსავლების სამსახური დაბრუნებული საჩივრის განხილვისას მიუთითებს, რომ აღნიშნული ქონება შპს „-------“ საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით და არ ყოფილა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შემდეგ შესაძლოა გაუქმებულიყო. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან ისევ ვერ იქნა წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მაღაზიათა ქსელ „-------“ გადახდილია 706.7 ლარი, ასევე, 2020 წლის იანვრის თვეში ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები 4 799 ლარის ოდენობით, რაზეც არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მაღაზიათა ქსელ „-------“ გადახდილია 706,7 ლარი, ასევე, ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები 4 799 ლარი. აღნიშნულ გადახდებთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც, შემოწმებით ზემოაღნიშნული თანხები დაიბეგრა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯი.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმებისთვის, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან ისევ ვერ იქნა წარდგენილი მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არგუმენტს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მაღაზიათა ქსელ ------- გადახდილია 706,7 ლარი, ასევე, 2020 წლის იანვრის თვეში ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები 4 799 ლარის ოდენობით, რაზეც არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
1.08.2024 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს მეორე მხარესთან გაფორმებული მიღება-ჩაბარებას აქტები, რაც დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით საბჭოს 1.08.2024 წლის №22909/2/2024 (რეგ. 2.09.2024წ. 03/66345) გადაწყვეტილებით საჩივრები დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).
შემოსავლების სამსახური დაბრუნებული საჩივრის განხილვისას მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზემოთ აღნიშნულ გადახდებთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბჭოს მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული თანხების დაბეგვრა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯი, მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 91 272 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადში 486 ლარი, დღგ-ში 90 499 ლარი (მოიცავს პირველი დავის საგნის ნაწილში დაკისრებულ ჯარიმას) და ქონების გადასახადში 288 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №005-244 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 91 970.91 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს კომპანია გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის ნაწილში სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მომჩივნის შეცდომით. იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს პირველი სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული და სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, პირველი დავის საგნის ნაწილში, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №005-244 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;
2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;
3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დამფუძნებლის კაპიტალიდან ქონების გატანა წილის სანაცვლოდ. შემოწმებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების უკან გამოტანა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მაღაზიათა ქსელში გადახდილია 706.7 ლარი, ასევე, ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები, რაზეც არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის ნაწილში სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მომჩივნის შეცდომით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს პირველი სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული და სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1); 159; 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი 160, 161