ბრძანება N 18277

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2024
№ დოკუმენტი 18277
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18277

07 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------;

იურ. მის.: ------------------------------)

2024 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------) 2024 წლის პირველი აგვისტოს №91140/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის №024-56 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ ექსელის ფორმატში წარდგენილი ცხრილი, რომლითაც დგინდება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეისები და დახარჯული საწვავის ოდენობა, რომლებზედაც არ არსებობს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაემატა სალაროს ფულის ნაშთს. საწვავის ღირებულების დადგენის მიზნით კი ცხრილში არის მითითებული იმავე პერიოდში შეძენილი საწვავის ღირებულება. ითხოვს მივლინების ხარჯების დადგენის მიზნით აღნიშნული ცხრილით ხელმძღვანელობას და ცხრილში მოცემული საწვავის ღირებულების 75%-ის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

“1.შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3.მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სამივლინებო ხარჯად გაითვალისწინოს საწარმოს მიერ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გაწეული სამივლინებო ხარჯი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 24 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა 6 886 ლარის ოდენობით და ჯარიმა 1 344 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ივლისის №024-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანებით გათვალისწინებული მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია.

. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა სამივლინებო ხარჯები „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხა. კერძოდ, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე მტკიცებულებები არ წარუდგენია, რის საფუძველზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივრები. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა 6 886 ლარის ოდენობით და ჯარიმა 1 344 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №024-56 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);