გადაწყვეტილება №18651/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18651/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --------- (ს/ნ------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ის 15.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18651/2/2023).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2022 წლის №040-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28677 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 10 880,28 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 7 509
ჯარიმა - 2 397
საურავი - 974,28
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.
ი/მ -----------ს 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გამოქვითვების სახით განსაზღვრული აქვს 6 689 ლარი. შემოწმების შედეგად ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ განხორციელებულ შეძენებს, ბაზაში არსებულ სასაქონლო ზედნადებებს და შესწავლილი იქნა თითოეული მათგანი შინაარსის მიხედვით. დადგინდა, რომ გამოქვითვებში უმეტესწილად ნაჩვენებია თანხები, რომელიც გადამხდელს გაწეული აქვს პირადი საოჯახო შეძენებისთვის. საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით გადამხდელს შეუმცირდა გამოქვითვების ოდენობა. შედეგად პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ი/მ ----------ის საბანკო ანგარიშზე თანხების მოძრაობა და დადგინდა, რომ გადამხდელს 2021 წლის მანძილზე, სხვადასხვა თვეებში სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოდან“ მიღებული აქვს თანხები, შინაარსით: ხე-ტყის სპეციალური ჭრის განხორციელების საფასური. გადამხდელს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან არა აქვს დაბეგრილი მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის თანხა. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების შედეგად ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ განხორციელებულ შეძენებს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ სასაქონლო ზედნადებებს და შესწავლილი იქნა თითოეული მათგანი შინაარსის მიხედვით. შედეგად დადგინდა, რომ 2019 წელს მეწარმეს განხორციელებული აქვს შიდა გადაზიდვები, კერძოდ, 31მ3„ნაგვერდულის გადაზიდვა“, თუმცა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია გადამხდელს არ უფიქსირდება. შემოწმების მიერ ზემოაღნიშნული პროდუქცია ჩაითვალა საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და ჩართული იქნა შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასაადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2022 წლის №040-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.11.2022 წლის №28677 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად დაერიცხა 11 785,28 ლარი. დარიცხვა გამოწვეულია დაშვებული შეცდომების გამო. გადასახადის გადამხდელი ითხოვს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან. მზაობას გამოთქვამს დარიცხული ძირითადი თანხის სრულად გადახდაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269–ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმებისგან.
,ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად ანალიზი ჩაუტარდა გადამხდელის მიერ განხორციელებულ შეძენებს, ბაზაში არსებულ სასაქონლო ზედნადებებს და შესწავლილი იქნა თითოეული მათგანი შინაარსის მიხედვით. დადგინდა, რომ გამოქვითვებში უმეტესწილად ნაჩვენებია თანხები, რომელიც გადამხდელს გაწეული აქვს პირადი საოჯახო შეძენებისთვის. გადამხდელს შეუმცირდა გამოქვითვების ოდენობა. შედეგად პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა. გადამხდელს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაცია წარდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან არა აქვს დაბეგრილი მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის თანხა. შემოწმების შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (1) (7); 270 (1); 272 (1); 275 (2)