გადაწყვეტილება №19835/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19835/2/2023
05.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 31.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19835/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №783 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №068-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10038 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 385 179,43 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 207 246
დღგ - 121 957
საშემოსავლო გადასახადი - 85 289
ჯარიმა - 103 553,4
საურავი - 74 380,03
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი ჩინეთიდან ახორციელებს საყოფაცხოვრებო ჭურჭლის, თიხის ჭურჭლის, ფაიფურის და სამზარეულოს საკუთნოების იმპორტს.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ივლისის №24482 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 15 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სალაროში თანხების მოძრაობის დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა. ასევე, არ არის წარდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის სახით არსებულ ნაშთზე.
საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი - 341 157 ლარის ოდენობით. ვინაიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ დასტურდება აღნიშნული ნაშთის სალაროში არსებობა, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებულია ფულადი სახით შენატანი 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ასევე ფიზიკური პირებისგან აღებულია სესხის სახით 100 000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნებაც ჯერ არ მომხდარა. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერით დგინდება, რომ გადამხდელს ჩინური კომპანიებისთვის გადარიცხული აქვს თანხები, რომელთა ჯამი აღემატება მიღებული საქონლის ღირებულებას 735 909 ლარით. გადამხდელის განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს ავანსად გადარიცხულ თანხებს და მომწოდებლისგან ელოდება საქონლის (საშინაო ფეხსაცმელი) მოწოდებას 2022 წლის სექტემბრიდან. გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილია დოკუმენტაცია ავანსად გადარიცხული თანხების და მისაღები საქონლის შესახებ. ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია დამფუძნებლის შენატანის, სესხის და ავანსის თანხები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტემენტის 2022 წლის 14 ივლისის №18566 ბრძანება და ამავე თარიღის №068-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №783 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №783 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის საფუძველზე, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 მარტის №068-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადამხდელმა 2023 წლის 7 მარტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10038 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (62%) არარეალურია, მის გარშემო უკვე შემოწმებული კომპანიების ფასნამატი მერყეობს 15%-დან 20%-მდე. ამასთან, 2021 წლის 14 აპრილს რეგისტრირებული აქვს განცხადება საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასთან დაკავშირებით. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას და ითხოვს დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხის უკან დაბრუნებად განხილვას. განმარტავს, რომ ფულადი სახით დამფუძნებელს შეტანილი აქვს 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც ჯერ დაბრუნებული არ არის და არც შემოწმებას აქვს გათვალისწინებული.
3. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაანგარიშების ეტაპზე ვერ წარადგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ასევე აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე რეგისტრირებულია განცხადება საქონლის თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციასთან დაკავშირებით. საჩივარში აღნიშნულია, რომ წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავდა, რომ ფულადი სახით შეტანილი ჰქონდა 100 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, რომლის დაბრუნებაც ჯერ არ მომხდარა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის N10038 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №783 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტემენტის 2022 წლის 14 ივლისის №18566 ბრძანება და ამავე თარიღის №068-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №783 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №783 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის საფუძველზე, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 მარტის №068-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელმა 2023 წლის 7 მარტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10038 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილება.