ბრძანება N 9376

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.05.2023
№ დოკუმენტი 9376
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9376

01.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.: ---------------------)

2023 წლის 5 და 13 აპრილის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „---------- “ (ს/ნ --------) №80192/1/2023 და №64981/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №081-17 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს, კერძოდ:

1.განმარტავს, რომ კომპანია ძირითადად აწარმოებდა ხე-ტყის მასალის შეძენა-რეალიზაციას, რომელიც უმკაცრესად კონტროლდება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ და გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არადოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, გაუგებარია რა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე აპელირებენ შემმოწმებლები და აღნიშნულიდან გამომდინარე რა დამატებითი მტკიცებულების წარდგენა შეეძლო მომჩივანს.

2.აცხადებს, რომ გაუგებარია რა საფუძვლით იქნა განხილული შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მის მიერ გასაჩივრების პირველივე ეტაპზე განმარტებული იყო, რომ კომპანიის სასესხო ვალდებულებები იფარებოდა დირექტორის პირადი ანგარიშიდან. ასევე, დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით იფარებოდა მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანებები. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში და შემდგომ უკვე საჩივრის დანართად წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები და განმარტებები, რაც შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, რა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვდა შემმოწმებელი.

3.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მის მიერ წარდგენილი იქნა მასალები იმპორტირებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დარიცხვა შემცირდა მხოლოდ ნაწილობრივ. აღნიშნავს, რომ კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მის მიერ შეძენილი ხე-ტყის წარმოშობის საფუძვლები და მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან, ფიზიკური პირებისგან კი შესყიდვას არ აწარმოებს. შესაბამისად, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებში სამართლებრივი დარღვევის წაყენება სამართლებრივად დაუდასტურებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო აქტების ბათილობის საფუძველია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №22050 ბრძანებით შპს „---------- “ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1.შპს „---------- “ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა)გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ)ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №22050 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 12 693 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 461 ლარი და ჯარიმა 4 232 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №081-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა, შესაბამის ვადაში, წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, რეესტრი (სადაც კონკრეტულ შესყიდვაზე მიბმულია შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია), საიდანაც გამოიკვეთა, რომ გარკვეული ოდენობის ხე/ტყის მასალა, რომელიც კომპანიამ შეისყიდა იყო იმპორტული წარმოშობის. დამატებითი შესწავლის შედეგად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა მოცემულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

დანარჩენ სადავო საკითხებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს დასაბუთებული დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სადავო საკითხზე მოხდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, არც დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------- “ (ს/ნ --------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო აქტების ბათილობის საფუძველია

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, რეესტრი, საიდანაც გამოიკვეთა, რომ გარკვეული ოდენობის ხე/ტყის მასალა, რომელიც კომპანიამ შეისყიდა იყო იმპორტული წარმოშობის. დამატებითი შესწავლის შედეგად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა მოცემულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება. დანარჩენ სადავო საკითხებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს დასაბუთებული დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 601