ბრძანება N 21551
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21551
02 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(იურ. მის.: ---) 2024 წლის 23 აგვისტოს
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „---ის“ (ს/ნ ---) №91616/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ივლისის №CB1655215 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №102).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ კომპანიას ინვენტარიზაციის პროცესში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განთავსების ადგილის გარდა, დამატებით ---ში, განთავსებული ჰქონდა საქონელი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 8 057.54 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განხორციელების პერიოდში კომპანიის მიერ, კომუნიკატორის საშუალებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის გაგზავნილ იქნა აღნიშნული საქონლის თანხობრივი რაოდენობა და ასევე ფოტომასალა, რომლის გათვალისწინებაც არ მოხდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ---ში არსებული საწყობების ინვენტარიზაციის შედეგებს ეთანხმება მხოლოდ საქონლის რაოდენობრივ ჭრილში, ზოგიერთ შემთხვევაში არ ეთანხმება, ვინაიდან რეალურად კომპანიას გააჩნია ჩამოთვლილი მარაგები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს ზემოხსენებული მარაგები ან/და ადგილზე მოხდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების გაგზავნა და საქონლის აღრიცხვა.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13137 ბრძანების საფუძველზე, ჩატარებულ იქნა შპს „---ის“ (ს/ნ ---) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მინერალური სასუქების იმპორტი და რეალიზაცია. ინვენტარიზაციის შესახებ №13137 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2024 წლის 4 ივნისს, რომელმაც იმავე დღეს წარმოადგინა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია გასავალში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ინვენტარიზაციის დაწყებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ ჰქონდა ჩატარებული და საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაცია (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისისა და ზედმეტობის შესახებ) არ წარმოუდგენია. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების აღწერა.
გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელ პირს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად. საინვენტარიზაციო კომისიამ 2024 წლის 4 ივნისის მდგომარეობით წარმოადგინა შპს „---ის“ (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ბუღალტრული ნაშთი, რომელმაც თვითღირებულებით შეადგინა 135954.63 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 10793.98 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 14793.60 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არ გამოვლენილა. შპს „---ის“ (ს/ნ ---) დირექტორს 2024 წლის 22 ივლისს ჩაბარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში საგადასახადო ორგანოში წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 14793.6 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელის მიმართ 2024 წლის 31 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა №CB1655215 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ინვენტარიზაციის პროცესში არ იქნა მხედველობაში მიღებული და აღრიცხული ----ში დასაწყობებული კომპანიის ბალანსზე რიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობები, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ 2024 წლის 4 ივნისის ინვენტარიზაციის შესახებ №13137 ბრძანება ჩაბარდა პირადად საწარმოს დირექტორს, რომელმაც იმავე დღეს წარადგინა ერთ-ერთი ხელწერილი, რომლითაც განმარტა, რომ კომპანიის კუთვნილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები განთავსებულია ქ. ---- (საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ მდებარე ერთი ავტოფარეხი) და ---- (შპს „----ის“ კუთვნილი ფართის ნაწილი).
ამასთან, ამავე ხელწერილში, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიას სხვა ობიექტი, სასაწყობო მეურნეობა ან/და სხვა ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებელი ობიექტი არ გააჩნია. აგრეთვე საწარმოს კუთვნილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები სხვაგან არ ინახება და არც სხვისი საქონელი ინახება მასთან. ამასთან, სოფელ --ში განთავსებული სატესტო საქონლის შესახებ ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში გამოგზავნილ იქნა 2024 წლის 10 ივნისს კომუნიკატორის მეშვეობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 4 ივნისს მოწოდებულ ხელწერილში არ იყო დაფიქსირებული ----ში, განთავსებული სატესტო საქონლის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში კომუნიკატორის მეშვეობით 2024 წლის 10 ივნისს მოწოდებული ინფორმაცია ვერ გახდებოდა საფუძველი ამ ინფორმაციაში დაფიქსირებული საქონლის ფაქტობრივი აღწერისა და მისი შემდგომი ასახვისა ინვენტარიზაციის პროცედურით განსაზღვრულ შესაბამის დანართებში.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით, აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას
ფაქტობრივი გარემოებები
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 14793.6 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გადასახადის გადამხდელის მიმართ 2024 წლის 31 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა №CB1655215 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (9).