ბრძანება N 227

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.01.2024
№ დოკუმენტი 227
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 227

12 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 25 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 იანვრის სხდომაზე (ოქმი №1) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 25 დეკემბრის №86304/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ნოემბრის №006-579 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ხარჯების სრულად არ არის გათვალისწინებული და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას. განმარტავს, რომ მიწის მფლობელობის პერიოდში მასზე აწარმოა არაერთი აუცილებელი სამუშაო და გაწია შესაბამისი ხარჯი, კერძოდ ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის, არქიტექტურული პროექტისა და დიზაინის მომზადების ხარჯები. შემოწმების მიერ გადაანაგრიშებისას გათვალისწინებულია ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის სამუშაოებისთვის გაწეული ხარჯები, თუმცა არ არის გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტისა და დიზაინის მომზადების ხარჯები, რაც ჯამში შეადგენს 40 000 ლარს. მიწის ნაკვეთზე სამუშაოების წარმოებისას ფიზიკური პირების მიერ ასევე გაიწია სხვადასხვა წვრილი ხარჯი, სულ 9 800 ლარის ოდენობით (სამშენებლო ნარჩენის გადაზიდვის, მცირე ოდენობის მასალის შეძენის და სხვა.), რომლის დოკუმენტური დასაბუთებასაც ვერ ხერხდება, ვინაიდან ეს მოსამხურებები გაწეულია ფიზიკური პირების მიერ ფიზიკური პირის დაკვეთით. აუდიტორი თავის შეფასებაში მიუთითებს, რომ არქიტექტურული პროექტი წარდგენილია ---------- მერიაში დამტკიცების მიზნით, თუმცა მერიის მიერ პროექტი არ არის დამტკიცებული და არც რეალიზაციამდე და არც რეალიზაციის შემდეგ არ გაზრდიდა მიწის ღირებულებას. მიწის რეალიზაციის მომენტში ---------- მერიაში ფიქსირდებოდა აქტიური განცხადება და მხოლოდ მიწის რეალიზაციის შემდგომ შეწყდა წარმოება არქიტექტურის სამსახურში დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის მიზეზით, რომლის წარდგენაზე პასუხისმგებელი უკვე ახალი მესაკუთრე იყო. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი თავიდანვე შეიძინა შპს „----------“ სათაო ოფისის მოწყობის მიზნით და ხსენებული არქიტექტურული პროექტიც ფუნქციურად განკუთვნილია საოფისე შენობა ნაგებობისთვის. შედეგად, ახალ მესაკუთრეს ყოველთვის ჰქონდა და ექნება ინტერესი ხსენებული არქიტექტურული პროექტისა და დიზაინის მიმართ.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზრვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 თებერვლის №3153 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დასაბეგრი შემოსავალის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 თებერვლის №3153 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 9 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 10 500 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 000 ლარი და ჯარიმა 3 500 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 ნოემბრის №006-579 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა დავის პროცესში წარმოადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ეხება ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის, არქიტექტურული პროექტისა და დიზაინის მომზადების ხარჯების გათვალისწინებას. ფ/პ „----------“ ფ/პ ---------- გადაუხადა 35 000 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით, რომელსაც უნდა მოეხდინა ---------- საკადასტრო კოდზე არსებული ელექტრო გადამცემი ხაზის გადატანა და მასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, რაზეც წარმოდგენილია შესაბამისი ქსელის გადატანის პროექტი და სს „----------“ დასტურის წერილი ელექტრო ხაზის გადატანასთან დაკავშირებით. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულ იქნა გადაანგარიშების შედეგებში და გადამხდელს გადასახადი შეუმცირდა სულ 10 500 ლარით. ფიზიკურმა პირმა აგრეთვე წარმოადგინა შენობა-ნაგებობის პროექტზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ფ/პ „----------“ მერიაში წარდგენილი აქვს განაცხადი პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თუმცა პროექტი არ არის დამტკიცებული მერიის მიერ არც მიწის რეალიზაციამდე და არც მიწის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში, შესაბამისად ვერ მოახდენს მიწის ღირებულების გაზრდას მიწის რეალიზაციისას და არც მიწის შემძენი კომპანიის დაინტერესებას უნდა წარმოადგენდეს დაუმტკიცებელი პროექტის შეძენა მიწის გაზრდილი ღირებულებით. შესაბამისად ერთობლივი შემოსავლიდან აღნიშნული ხარჯის გამოქვითვა გათვალისწინებული არ იქნა შემოწმების მიერ.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ეხება ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის, არქიტექტურული პროექტისა და დიზაინის მომზადებას. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია გადაანგარიშების შედეგებში და გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი. ფიზიკურმა პირმა აგრეთვე წარმოადგინა შენობა-ნაგებობის პროექტზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით ფ/პ „----------“ მერიაში წარდგენილი აქვს განაცხადი პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თუმცა პროექტი არ არის დამტკიცებული მერიის მიერ არც მიწის რეალიზაციამდე და არც მიწის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში, შესაბამისად აღნიშნული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ხარჯების სრულად არ არის გათვალისწინებული და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზრვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ეხება ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის, არქიტექტურული პროექტისა და დიზაინის მომზადებას. აღნიშნული ხარჯი გათვალისწინებულია გადაანგარიშების შედეგებში და გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი. ფიზიკურმა პირმა აგრეთვე წარმოადგინა შენობა-ნაგებობის პროექტზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით მომჩივანმა მერიაში წარდგენილი აქვს განაცხადი პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თუმცა პროექტი არ არის დამტკიცებული მერიის მიერ არც მიწის რეალიზაციამდე და არც მიწის რეალიზაციის შემდგომ პერიოდში, შესაბამისად აღნიშნული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).