ბრძანება N 22218
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22218
11 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: ქ. --------)
2024 წლის 16 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 16 აგვისტოს №137657/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №094-37 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება 2012 წელს გასხვისებული ქონების სარეალიზაციო ფასის მიჩნევას ქონების საბაზრო ფასად და 2009-2012 წლებში აღნიშნულის ქონების გადასახადით დაბეგვრას საბაზრო ღირებულებით. წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ქონების საბაზრო ფასად დაადგინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულება, თუმცა არასწორად მოახდინა დარიცხული ქონების გადასახადის გამოანგარიშება და შემცირება, რითაც არასრულყოფილად აღასრულა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს მითითებები აღნიშნულ ნაწილში. მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავის შედეგები დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, რაც სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4080 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 თებერვლის №4080 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 18 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა გადასახადი 13 100 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივლისის №094-37 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „--------ის“ მიერ შესრულებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა №---- (შემფასებელი -----). აღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2009 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 2 840 000 ლარით. შემოწმების მიერ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულება, შესაბამისად, სს „------“ შეუმცირდა 2009 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული ქონების გადასახადი 13 100 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2011 წლიდან მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, ხოლო გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის ოდენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. თუ დადგინდა, რომ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირი ვალდებულია გადაიხადოს მოცემულ სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადი; ამასთანავე, პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე პერიოდზე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. ამასთანავე, აღიარების შედეგად წარმოშობილი სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
2012 წლის 15 მაისის №6211 საქართველოს კანონით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს. ხოლო, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ სს „-------“ სასამართლო გადაწყვეტილებების და შემოწმების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დავის განხილვის ყველა ეტაპზე უთითებდა, რომ აღნიშნულ საქმეში ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი საკითხი იყო 2009 წლის მდგომარეობით ქონების საბაზრო ფასის დადგენა, აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმისთვის იმდენად, რამდენადაც, 2009 წლის მდგომარეობით განსაზღვრული საბაზრო ფასი შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ გამოყენებული ყოფილიყო შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ქონების საბაზრო ფასად დაადგინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულება, თუმცა არასწორად მოახდინა დარიცხული ქონების გადასახადის გამოანგარიშება და შემცირება, რითაც არასრულყოფილად აღასრულა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს მითითებები აღნიშნულ ნაწილში. მოცემულ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების შედეგად სს „-----“ შეუმცირა მხოლოდ 2009 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული ქონების გადასახადი, რაც არსებითად არასწორია.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ სასამართლოს მითითებაზე, რომ როგორც სადავო პერიოდში მოქმედი, ისე საგადასახადო შემოწმებისას არსებული კანონმდებლობა უფლებას ანიჭებდა საგადასახადო ორგანოს, რომ საგადასახადო შემოწმებისას მოეხდინა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული საგადასახადო ორგანოს, როგორც გადასახადების ადმინისტრირების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გადასახადების გადახდის სისწორის შემოწმებასა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვასთან. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა, რომ მოეხდინა ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრა და გაევრცელებინა იგი მომდევნო სამწლიან პერიოდზე. საგადასახადო ორგანო შეზღუდული იყო მხოლოდ იმ გარემოებით, რომ არ მომხდარიყო ვალდებულების განსაზღვრა იმ პერიოდზე, რომელსაც საგადასახადო შემოწმება არ მოიცავდა ან როდესაც მოსარჩელე ქონებას აღარ ფლობდა. საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე კი საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, რომ მოახდინოს ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე გადასახადის გამოანგარიშება. წინააღმდეგ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოსათვის მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება ვერ იქნებოდა საგადასახადო შემოწმების განხორციელების მიზნებსა და საფუძვლებთან დაკავშირებული. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმება მოიცავდა პერიოდს 2008 წლის 9 დეკემბრიდან 2014 წლის პირველ აპრილამდე, სადავო ქონებას კი საწარმო აღარ ფლობდა 2012 წლიდან. ამრიგად, აღნიშნული დროის ინტერვალების დაცვით, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო, რომ მოეხდინა ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2009 წლის მდგომარეობით განსაზღვრა 2 840 000 ლარით, რის საფუძველზეც სს „-------“ შეუმცირდა 2009 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული ქონების გადასახადი 13 100 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმების მიერ სადავო ქონებაზე დადგენილია 2009 წლის საბაზრო ფასი, ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შემდგომი საანგარიშო პერიოდების ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნები, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული საბაზრო ფასი გაავრცელოს 2010 და 2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს 2009 წელს დადგენილი ქონების საბაზრო ფასის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, გასხვისებული ქონების სარეალიზაციო ფასის მიჩნევას ქონების საბაზრო ფასად და 2009-2012 წლებში აღნიშნულის ქონების გადასახადით დაბეგვრას საბაზრო ღირებულებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და შესაფასებელი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2009 წლის მდგომარეობით განსაზღვრა 2 840 000 ლარით, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2009 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული ქონების გადასახადი 13 100 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმების მიერ სადავო ქონებაზე დადგენილია 2009 წლის საბაზრო ფასი, ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შემდგომი საანგარიშო პერიოდების ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნები, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია აღნიშნული საბაზრო ფასი გაავრცელოს 2010 და 2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს 2009 წელს დადგენილი ქონების საბაზრო ფასის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:202(4);