გადაწყვეტილება №20658/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20658/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20658/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20658/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №001-118 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19384 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 170 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 18 562

დღგ - 16 629

მოგების გადასახადი - 696

საშემოსავლო გადასახადი - 1 237

ჯარიმა - 9 004

საურავი - 5 604

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და მძიმე ტექნიკით მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯი (თანხები გასულია გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან), რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის და 982 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტების ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შედეგებს შორის გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. კერძოდ, საწარმოს შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიღებული აქვს შპს „----------“ (ს/ნ ----------) ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ----------), რომლის საფუძველზე დღგ ჩათვლილი აქვს შესაბამის პერიოდში. აღნიშნულ ავანსის თანხაზე 2021 წლის ნოემბრის თვეში გამოწერილია საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და გადასახადის გადამხდელს სრულად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირებისთვის. თანხები გადახდილია კომპანიის საბანკო ანგარიშიდან, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის №001-118 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19384 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ ითანამშრომლა აუდიტორთან, წარადგინა ორისის პროგრამა, ფაქტობრივად, თავად დაარიცხა კომპანიას გადასახადები და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას. ეპატიოს სანქციები და გადაიხდის გადასახადს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის მე-2, 21 , 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და მძიმე ტექნიკით მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს ხარჯი (თანხები გასულია გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან), რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტების ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შედეგებს შორის გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიღებული აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზე დღგ ჩათვლილი აქვს შესაბამის პერიოდში. აღნიშნულ ავანსის თანხაზე 2021 წლის ნოემბრის თვეში გამოწერილია საბოლოო საფ და გადამხდელს სრულად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

გადამხდელს გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული აქვს ინდ.მეწარმედ არარეგისტრირებული პირებისთვის, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს სანქციებისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 164. 269(7).