გადაწყვეტილება №25403/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.07.2025
№ დოკუმენტი 25403/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№25403/2/2025

21 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ს 1.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25403/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანების აღსრულების შედეგები. გასაჩივრებული

 

გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №022-10 საგადასახადო მოთხოვნა;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №022-11 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 28.05.2025 წლის №10936 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 22 317.42 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 200 ლარი (10.04.2025 წლის №022-10 საგადასახადო მოთხოვნა);

ჯარიმა - 22 117.42 ლარი (10.04.2025 წლის №022-11 საგადასახადო მოთხოვნა).

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის №12599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 160 440.61 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 239 944.06 ლარი, ასევე გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა აღურიცხველი სმფ-ები 1 037.50 ლარის საბაზრო ღირებულებით. გამოვლენილ დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №CB1643483 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა - 23 994.41 ლარი, ხოლო აღურიცხველ საქონელზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია - ჯარიმა - 518.75 ლარი. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მესამე პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 8.04.2025 წელს გამოიცა №6699 ბრძანება 4.07.2024 წელს შედგენილი №CB1643480 და №CB1643483 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული სანქციის შემცირების შესახებ. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით შედგენილი №CB1643483 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 23 994.41 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 22 117.42 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შედგენილი №CB1643480 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 518.75 ლარის ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით განისაზღვრა 200 ლარით.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 10.04.2025 წელს გამოცემულ იქნა №022-10 და №022-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.05.2025 წლის №10936 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტა, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს ვინაიდან, ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის შეძენის დოკუმენტებთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული რიგი პოზიციების ჩამონათვალი, რომელიც გადამხდელის უშუალო მონაწილეობით მომზადებულ ცხრილში იყო წარმოდგენილი, ამის ნაცვლად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შესადარებლად აიღო ისეთი მონაცემი, რომელიც განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისაგან. აღნიშნული უზუსტობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადამხდელის მიმართ დადგენილ საგადასახადო ვალდებულებებზე. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას და მის მიერ წარდგენილი მონაცემების გათვალისწინებას, ხოლო შესწავლის შედეგების გათვალისწინებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამის კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: - გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება);

- ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე და მესამე პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 8.04.2025 წლის №6699 ბრძანება, საიდანაც ირკვევა, რომ: აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (საბაზრო ღირებულებით) ნაცვლად 1 037,50 ლარისა განისაზღვრა 559.50 ლარით, ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) ნაცვლად 36 984,72 ლარისა განისაზღვრა 38 352.98 ლარით, ფასნამატმა ნაცვლად 26,74%-სა შეადგინა 23,2%, ბუღალტრული ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (პირვანდელი ღირებულებით) ნაცვლად 197 425,33 ლარისა გაუტოლდა 190 492.40 ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით) 239 944,06 ლარიდან შემცირდა 221 174.20 ლარამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეტანილი იქნა ცვლილება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 4.07.2024 წელს შედგენილ №CB1643483 და №CB1643480 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებში, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით შედგენილი №CB1643483 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 23 994,41 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 22 117.42 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შედგენილი №CB1643480 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 518,75 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 200 ლარით.

მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს ვინაიდან, ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული საქონლის შეძენის დოკუმენტებთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული რიგი პოზიციების ჩამონათვალი, რომელიც გადამხდელის უშუალო მონაწილეობით მომზადებული ცხრილში იყო წარმოდგენილი, ამის ნაცვლად მონიტორინგის დეპარტამენტმა შესადარებლად აიღო ისეთი მონაცემი, რომელიც განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისაგან. აღნიშნული უზუსტობები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გადამხდელის მიმართ დადგენილ საგადასახადო ვალდებულებებზე. მომჩივანი მოწვეულ იქნა საქმის ზეპირ განხილვაზე, თუმცა უარი განაცხადა დასწრებაზე.

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №21- 12/51448 წერილიდან ირკვევა, რომ 30.05.2024 წლის №12599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ბრძანება გადასახადის გადამხდელს პირადად ჩაბარდა 30.05.2024 წელს. ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელისგან მიღებულ იქნა ხელწერილები, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში, ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული საგადასახადო ანგარიშგებაში და არ არის მიწოდებული საგადასახადო ორგანოსათვის.

დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ნაღდი ანგარიშსწორებით და არ იყენებდა სმფ-ების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას. ჩასატარებელი ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის ივლისიდან (საქმიანობის დაწყების თარიღი) ინვენტარიზაციის დაწყების დრომდე პერიოდი. ინვენტარიზაციის ბრძანებით და გადამხდელის ხელწერილის საფუძველზე შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა და აღწერის მონაცემები შეტანილ იქნა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში, რომელსაც გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა დართული ხელწერილის მიხედვით. ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით, საბაზრო ფასებით აღმოჩნდა სულ 56 351 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. ვინაიდან, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის I და II ცხრილი გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. მიღებული სმფ– ების ღირებულებამ შეადგინა 438 706,86 ლარი, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის მიწოდებულმა სმფ-ების პირვანდელმა ღირებულებამ (26,74%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგინა 241 281.54 ლარი. შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუღალტრულმა ნაშთმა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის პირვანდელი ღირებულებით შეადგინა: 197 425.33 ლარი.

ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების თვითღირებულება გაუტოლდა 43 641,97 ლარს, ხოლო აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 1 037,50 ლარი. დანართი №22–ის II ცხრილით გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა კი პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 160 440,61 ლარი, რომელიც საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 239 944,06 ლარს. გადასახადის გადამხდელს 17.06.2024 წელს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით, რაზეც მას განცხადებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოსთვის არ მიუმართავს. 4.07.2024 წელს გამოვლენილი სმფ–ების დანაკლისზე, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1643483 და გადამხდელს შეეფარდა სანქცია - ჯარიმა - 23 994.41 ლარის ოდენობით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველ სმფ– ებზე, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1643480 და გადამხდელს შეეფარდა სანქცია - ჯარიმა - 518.75 ლარის ოდენობით.

გადაანგარიშების შედეგად აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (საბაზრო ღირებულებით) ნაცვლად 1 037.5 ლარისა განისაზღვრა 559.5 ლარით. ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით) ნაცვლად 36 984.72 ლარისა განისაზღვრა 38 352.98 ლარით, ხოლო ფასნამატმა ნაცვლად 26.74%-ისა შეადგინა 23.2%. ამასთან, ბუღალტრული ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (პირვანდელი ღირებულებით) ნაცვლად 197 425.33 ლარისა გაუტოლდა 190 492.4 ლარს, ხოლო სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით) 239 944.06 ლარიდან შემცირდა 221 174.2 ლარამდე.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით შედგენილი №CB1643483 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 23 994.41 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 22 117.42 ლარით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შედგენილი №CB1643480 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხა - 518.75 ლარის ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით განისაზღვრა 200 ლარით.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 10.04.2025 წელს გამოცემულ იქნა №022- 10 და №022-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 10.04.2025 წლის №022-10 და №022-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია მართებულად. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 160 440.61 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით 239 944.06 ლარი, ასევე გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა აღურიცხველი სმფ-ები 1 037.50 ლარის საბაზრო ღირებულებით. გამოვლენილ დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა - 23 994.41 ლარი, ხოლო აღურიცხველ საქონელზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა სანქცია - ჯარიმა - 518.75 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19431 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1 გ.)