გადაწყვეტილება 19548/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
19548/2/2023
19 მაისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 28.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19548/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილ დანაკლისზე გავრცელებული ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №CB1427583 სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №CB1427595 სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 თებერვლის №2934 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 58 468,88 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №20670 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობები და ასევე დანაკლისი, რაზეც მომჩივანს 2022 წლის 21 დეკემბრის №CB1427583 და №CB1427595 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები.
სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2023 წლის №2934 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №"-----" წერილით დგინდება, რომ მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2934 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 22 თებერვალს. საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 14 მარტი. საჩივარი, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 2023 წლის 28 აპრილს, გასაჩივრების 20 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება, საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2934 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.