ბრძანება N 10772

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2023
№ დოკუმენტი 10772
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10772

15.05.2023

შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------)

(ფაქტ. მის.:---------------------------;

იურ. მის.: ---------------------------)

2023 წლის 5 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------) №80195/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მარტის №21-10/23477 გადაწყვეტილებას „საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ“.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 9 მარტს მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვაა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ: საქონელი სეს ესნ -------- კოდით (სატარიფო ღირებულება: 14347,10 ლარი) გათავისუფლებულიყო დღგ-სგან (გასათავისუფლებელი თანხა: 2582,48 ლარი).

მომჩივანი მიუთითებს, რომ საბაჟო დეპარტამენტში დამატებით წარდგენილ იქნა მწარმოებლის წერილობითი ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ საქონელი იწარმოება მაღალ ჰიდროლიზირებულ რძის ცილაზე. გარდა ამისა აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია საქონლის ეტიკეტზე.

საბაჟო დეპარტამენტის პასუხით უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანაზე, იმ დასაბუთებით, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს, გარდა ამისა საბაჟო ორგანომ განმარტა, რომ დოკუმენტაციის სწორად წარდგენის პირობებშიც აუცილებლობას წარმოადგენს საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან საქონელი გასულია საბაჟო ზედამხედველობიდან.

მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, ითხოვს მის ბათილად ცნობას და №------- (04.03.23) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებით დარიცხული დღგ-სგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანმა №------- (04.03.23) საბაჟო დეკლარაციით -------დან --------ში შემოიტანა სეს ესნ-ის ---------- და ------------ სასაქონლო ჯგუფის საქონელი („ჩვილ ბავშვთა კვება“), რომელიც შეძენილია კომპანია „---------“-საგან (ინვოისი №--------, 23.02.23), ჯამური ღირებულებით - 19 135,60 ევრო და ნეტო წონით - 864 კგ.

2106 სასაქონლო ჯგუფის საქონელზე („----------, ----------) გადამხდელს საქონლის საბაჟო დეკლარაციაში გადასახდელად დაერიცხა დღგ - 2 582,48 ლარი. შესაბამისად, გადამხდელმა მოითხოვა ხსენებული საქონლის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლით განსაზღვრული შეღავათის გამოყენება და დღგ-საგან გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ საბაჟო დეკლარაცია მოხვდა „მწვანე დერეფანში“, ხოლო გაფორმების დასრულებისთანავე საქონელმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა და გავიდა თავისუფალ მიმოქცევაში ქვეყნის ტერიტორიაზე, ფიზიკური დათვალიერების გარეშე. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად მოახდინოს საქონლის (მარკირების) ფიზიკური დათვალიერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს 2023 წლის 22 მარტის №21-10/23477 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციის კორექტირებაზე.

2023 წლის 22 მარტის №21-10/23477 გადაწყვეტილება ადრესატს გაეგზავნა როგორც ფოსტით, ასევე მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 22 მარტს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების საფუძვლებია:

ბ) დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №8) გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის გარეშე), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში ან რეექსპორტის დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე;

გ) საბაჟო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან საბაჟო დეკლარაცია ან/და მსოფლიო ბაზრის ფასები, როდესაც ასეთი ფასების გამოყენების ვალდებულება გათვალისწინებულია გარიგებით, თუ:

ა) წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე ან დეკლარირებული მონაცემების ან დეკლარანტის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სხვა ინფორმაციის უტყუარობაზე, ან

ბ) დადგენილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანის/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანის ფაქტი.

ამავე ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შესწავლის საფუძველზე უარი თქვას კონტროლის დაწყებაზე ან გამოსცეს ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დაწყების თაობაზე. ამასთან, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის იმპორტი.

„იმ საქონლის ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ბრძანებით დამტკიცებულია „ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი №4)“.

აღნიშნული ნუსხაში მითითებულია 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული: ა) ამინომჟავის ფორმულაზე დამზადებული ჰიპოალერგიული საკვები; ბ) რძის ცილის ინტენსიური ჰიდროლიზის შედეგად მიღებული საკვები.

მითითებული ნუსხის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, დღგ-ის გადასახადისაგან თავისუფლდება ნუსხით წარმოდგენილი, სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა ქვესუბპოზიციის, ასევე 0811, 0909, 1211, 2106 სასაქონლო პოზიციებში შემავალი მცენარეული ჩაის, 0403, 1905 და 2009 სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის – 12 თვემდე ასაკის ბავშვთა (ჩვილ ბავშვთა) კვების პროდუქტების, იმპორტი, რომელიც საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისას მარკირებულია ასეთად. სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი საქონლის იმპორტის დღგ-ისაგან გათავისუფლებისათვის ასევე აუცილებელია შესრულებული იყოს შემდეგი პირობები:

ა) ეტიკეტზე განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომ საქონელი წარმოადგენს ამინომჟავის ფორმულაზე დამზადებულ ჰიპოალერგიულ საკვებს ან რძის ცილის ინტენსიური ჰიდროლიზის შედეგად მიღებულ საკვებს;

ბ) საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს მწარმოებლის წერილობითი დასტური, რომ საქონელი წარმოადგენს ამინომჟავის ფორმულაზე დამზადებულ ჰიპოალერგიულ საკვებს ან რძის ცილის ინტენსიური ჰიდროლიზის შედეგად მიღებულ საკვებს.

ამდენად, აღნიშნული სეს ესნ-ის სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონლის დღგ-საგან გათავისუფლებისთვის აუცილებელია საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს დამატებით წარედგინოს მწარმოებლის წერილობითი დასტური, რომ საქონელი წარმოადგენს ამინომჟავის ფორმულაზე დამზადებულ ჰიპოალერგიულ საკვებს ან რძის ცილის ინტენსიური ჰიდროლიზის შედეგად მიღებულ საკვებს დ ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის განთავსება სავალდებულოა საქონლის ეტიკეტზეც (მარკირება), რაც უნდა დადგინდეს საქონლის ფიზიკური დათვალიერებით.

დადგენილია, რომ საქონელზე საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას №----- (04.03.23) საბაჟო დეკლარაცია მოხვდა „მწვანე დერეფანში“ და გაფორმების დასრულებისთანავე საქონელმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა და გავიდა თავისუფალ მიმოქცევაში ქვეყნის ტერიტორიაზე, ფიზიკური დათვალიერების გარეშე. შესაბამისად, შეუძლებელია საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო დეპარტამენტმა მოახდინოს საქონლის (მარკირების) ფიზიკური დათვალიერება. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს №------ (04.03.23) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის საფუძველი, 2023 წლის 22 მარტის №21-10/23477 გადაწყვეტილება მომჩივნისთვის „საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ“ მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავოდ აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, ითხოვს მის ბათილად ცნობას და საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებით დარიცხული დღგ-სგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ საქონელზე საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო დეკლარაცია მოხვდა „მწვანე დერეფანში“ და გაფორმების დასრულებისთანავე საქონელმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა და გავიდა თავისუფალ მიმოქცევაში ქვეყნის ტერიტორიაზე, ფიზიკური დათვალიერების გარეშე.

შესაბამისად, შეუძლებელია საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო დეპარტამენტმა მოახდინოს საქონლის (მარკირების) ფიზიკური დათვალიერება.

ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილებების შეტანის საფუძველი,გადაწყვეტილება მომჩივნისთვის „საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ“ მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

 

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:173( „ა.დ“); 302(2,6);

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;ამავე მუხლის მე-4 პუნქტი;