გადაწყვეტილება №20255/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.09.2023
№ დოკუმენტი 20255/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20255/2/2023

12 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“(ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20255/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2014 წლის №001-96 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14732 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 566 292 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 219 606

დღგ - 139 805

მოგების გადასახადი - 59 406

საშემოსავლო გადასახადი - 19 180

ქონების გადასახადი - 1 215

ჯარიმა - 103 031

საურავი - 243 655

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკვები პროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2008 წლიდან 1.04.2014 წლამდე პერიოდის და მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში 2008, 2009, 2010, 2011, 2012 და 2013 წლების საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 27.10.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2014 წლის №45475 ბრძანება და ამავე თარიღის №001-96 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 17.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14732 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიმართ შედგენილი 27.10.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2014 წლის №45475 ბრძანება და ამავე თარიღის №001-96 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2014 წლის 11 ნოემბერს და 19 ნოემბერს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე (----------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 3.12.2014 წელს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 23.12.2014 წელს. გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2014 წლის №001-96 საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 22.04.2023 წელს, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 17.05.2023 წელს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს, სადავო აქტები წერილობითი ფორმით 2-ჯერ იურიდიულ მისამართზე გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით და განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა 2010 წლიდან. დირექტორმა ---------- 28.08.2012 წელს დატოვა ქვეყანა და 2023 წლამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. ა/წლის 9 მარტს დაბრუნდა საქართველოში და ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთისთანავე, აეროპორტში მოხდა მისი დაკავება. წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შესაბამისად, 11.11.2016 წლის განაჩენის საფუძველზე, რომელიც გამოტანილ იქნა დაუსწრებლად.

მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიას საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დაერიცხა 566 292.26 ლარი. ამასთან, მოხდა საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება (შემოსავლების სამსახურის 15.05.2023 წლის №21- 14/---------- წერილი), ხსენებული დოკუმენტის გადახდა, გადავადება, კორექტირება ან/და გასაჩივრება 45 დღის განმავლობაში არ განხორციელებულა, რამაც გამოიწვია მისი, როგორც დირექტორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წარადგინა 17.05.2023 წლის №83578/21-11 საჩივარი, თუმცა საჩივარი დარჩა განუხილველი.

საგადასახადო შემოწმების შედეგად თანხის დარიცხვა განხორციელდა 2014 წელს, ხოლო ქვეყანის საზღვრები დატოვა 2 წლით ადრე (საჭიროების შემთხვევაში ითხოვს გადამოწმდეს შესაბამის სამსახურში) შესაბამისად, არ ჩაბარებია საგადასახადო მოთხოვნა, მისთვის ვერანაირად ვერ იქნებოდა ცნობილი ინფორმაცია ზემოაღნიშნული ვალდებულების გაანგარიშების შესახებ, ვერც აღნიშნულ პროცესებში იქნებოდა ჩართული და შესაბამისად ვერც კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება იქნებოდა გამოყენებული.

ასევე, დარღვეულია საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის პროცედურები (დარღვეულია სსკ-ის 44- ე მუხლის მოთხოვნა). ასევე, rs.ge პორტალზე გამოქვეყნებულია მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნა და არ არის გამოქვეყნებული შესაბამისი ბრძანება და საგადასახადო შემოწმების აქტი (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს-770-762). ასევე დარღვეულია სსკ-ის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

10. შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

დადგენილია, რომ სადავო აქტს (აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2014 წლის №001-96 საგადასახადო მოთხოვნას) მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (3.11.2014 წლიდან) 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია, ამასთან, მათი (აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 3.11.2014 წლის №45475 ბრძანების და ამავე თარიღის №001-96 საგადასახადო მოთხოვნის) ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც (გაეგზავნა 2- ჯერ იურიდიულ მისამართზე ----------; გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2014 წლის №001-96 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 3.12.2014 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 23.12.2014 წელს. ამასთან, მომჩივანი 3.11.2014 წლის №001-96 საგადასახადო მოთხოვნას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 22.04.2023 წელს.

მომჩივანმა, აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტზე, 3.11.2014 წლის №45475 ბრძანებაზე და ამავე თარიღის №001-96 საგადასახადო მოთხოვნაზე, საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 17.05.2023 წელს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის შესახებ მითითებულია მისამართი ----------. ამასთან, დავის ეტაპზე წარმოდგენილ საჩივარში მისამართი მითითებულია იგივე.

ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).

ვინაიდან პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 22.01.2015 წელი, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 17.05.2023 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო აქტს მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (3.11.2014 წლიდან) 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია, ამასთან, მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც (გაეგზავნა 2- ჯერ იურიდიულ მისამართზე, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2014 წლის №001-96 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 3.12.2014 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 23.12.2014 წელს. ამასთან, მომჩივანი 3.11.2014 წლის №001-96 საგადასახადო მოთხოვნას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 22.04.2023 წელს. მომჩივანმა, აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2014 წლის საგადასახადო შემოწმების აქტზე, 3.11.2014 წლის №45475 ბრძანებაზე და ამავე თარიღის №001-96 საგადასახადო მოთხოვნაზე, საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 17.05.2023 წელს.

ვინაიდან პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 22.01.2015 წელი, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 17.05.2023 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4); 301(ე);