გადაწყვეტილება №19717/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2023
№ დოკუმენტი 19717/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19717/2/2023

18 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 19.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19717/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №136-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8980 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 483 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 1 119

ჯარიმა - 280

საურავი - 84

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ცოცხალი ციმბირული ზუთხის იმპორტი, გაზრდა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ის ნაწილში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 9.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს 2022 წლის ივნისში სომხეთიდან იმპორტირებული აქვს ცოცხალი ციმბირული ზუთხი და ასევე ივნისშივე უფიქსირდება ცოცხალი ციმბირული ზუთხის სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაცია. გადამხდელი იყენებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლით განსაზღვრულ შეღავათს. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მიხედვით აღნიშნული საქმიანობა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. შესაბამისად, არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას. ამდენად, საგადსახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 162-ე, 163- ე და 164-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული რეალიზაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №31385 ბრძანება და ამავე თარიღის №136-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 26.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8980 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში ----------დან განხორციელდა ცოცხალი ციმბირული ზუთხის იმპორტი და ივნისშივე, სასაქონლო ზედნადებებით, უფიქსირდება ცოცხალი ციმბირული ზუთხის რეალიზაცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება იმპორტირებული თევზის, იმპორტიდან მცირე პერიოდში თევზის ტრანსფორმაციამდე, რეალიზაცია, მითითებული მიწოდება არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას. ამდენად, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია ---------- ში 2016 წლიდან ახორციელებს თევზის მეურნეობას. უცხოეთიდან შემოყავს კალმახის/ზუთხის ჯიშის თევზები/ლიფსიტები, ასევე ქვირითი და ხდება მათი გაზრდა-გამრავლება და შემდგომ რეალიზაცია. რაც შეეხება შემოყვანილ ცოცხალ ზუთხს, მართლაც შემოყვანილია ცოცხალი ზუთხი გაზრდის, გამრავლების და შემდგომ რეალიზაციის მიზნით. ამ დროისთვის მეურნეობაში ნაშთად ერიცხება, როგორც სარეალიზაციო ზრდასრული თევზები, რომლებსაც უკვე გააჩნიათ საკმარისი ხორცის მასა და გემოვნური თვისებები, ისე სხვადასხვა წონის სარეალიზაციოდ არავარგისი თევზები, რომლებიც საჭიროებს გაზრდას.

სადაო საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შემმოწმებლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქმიანობის სპეციფიკის და იმპორტირებული თევზის მცირე წონის შესახებ. საქმიანობის და თევზის ჯიშის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუთხი, ვინაიდან თევზის ძირითადი მასა წარმოადგენს თავს და კუდს, როგორც საკვებად ვარგისი და რენტაბელური ხდება როდესაც მიაღწევს მინიმუმ 2,5 კგ.-ს და შესაბამისად მისი ასეთი მცირე ზომის რეალიზაცია შეუძლებელია, მით უმეტეს საცალოდ. ამდენად, არამართებულია აუდიტორების შეფასება იმ ნაწილში, რომ რეალიზებულია მცირე ზომის ცოცხალი ზუთხი და შესაბამისად, დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. კომპანიის მიერ წარდგენილი იქნება მომწოდებელი კომპანიისგან გამოთხოვილი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული), რომ იმპორტირებული ზუთხი იყო მცირე ზომის და შესაბამისად, ვერ იქნებოდა საცალოდ რეალიზებული გაზრდის და შენახვის გარეშე. ასევე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მიხედვით კომპანიის საქმიანობაა სოფლის მეურნეობას და შესაბამისად საბოლოოდ მიღებული პროდუქტი წარმოადგენს საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე არამართებულად მიაჩნია ამ ნაწილში დამატებით დარიცხული თანხები და ითხოვს მათ გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 62 ნაწილის შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:

უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);

ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.

სადაო საკითხთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შემმოწმებლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქმიანობის სპეციფიკის და იმპორტირებული თევზის მცირე წონის შესახებ. საქმიანობის და თევზის ჯიშის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუთხი, ვინაიდან თევზის ძირითადი მასა წარმოადგენს თავს და კუდს, როგორც საკვებად ვარგისი და რენტაბელური ხდება როდესაც მიაღწევს მინიმუმ 2,5 კგ.-ს და შესაბამისად მისი ასეთი მცირე ზომის რეალიზაცია შეუძლებელია, მით უმეტეს საცალოდ. ამდენად, არამართებულია აუდიტორების შეფასება იმ ნაწილში, რომ რეალიზებულია მცირე ზომის ცოცხალი ზუთხი. კომპანიის მიერ წარდგენილი იქნება მომწოდებელი კომპანიისგან გამოთხოვილი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული), რომ იმპორტირებული ზუთხი იყო მცირე ზომის და შესაბამისად ვერ იქნებოდა საცალოდ რეალიზებული გაზრდის და შენახვის გარეშე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში ---------- დან განხორციელდა ცოცხალი ციმბირული ზუთხის იმპორტი და ივნისშივე, სასაქონლო ზედნადებებით, უფიქსირდება ცოცხალი ციმბირული ზუთხის რეალიზაცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება იმპორტირებული თევზის, იმპორტიდან მცირე პერიოდში თევზის ტრანსფორმაციამდე, რეალიზაცია, მითითებული მიწოდება არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს და შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ 2022 წლის ივნისის თვეში განხორციელდა ცოცხალი ციმბირული ზუთხის იმპორტი და ივნისშივე, სასაქონლო ზედნადებებით, უფიქსირდება ცოცხალი ციმბირული ზუთხის რეალიზაცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ხორციელდება იმპორტირებული თევზის, იმპორტიდან მცირე პერიოდში თევზის ტრანსფორმაციამდე, რეალიზაცია, მითითებული მიწოდება არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით ჩათვლის უფლებით გათვისუფლებულ ოპერაციას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1„ა“); 163(1); 164(1); 172(4„უ“ „ფ“); 275.