გადაწყვეტილება №27514/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.07.2026
№ დოკუმენტი 27514/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27514/2/2026

09 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,--------”-ს 5.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27514/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11152 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.02.2026 წლის №001-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10543 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 256 478,42 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 150 883,60

დღგ - 263,00

საშემოსავლო გადასახადი - 150 620,60

ჯარიმა - 75 441,80

საურავი - 30 153,02

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის, სალაროში ნაღდის ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგების, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №001-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები (მათ შორის, ამერიკულ ბანკში შეტანილი თანხების შესაბამისი საბანკო ამონაწერები). დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების მიმღები კომპანიის მიერ თანხის მიღების/კომპანიისთვის თანხის დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება მ(შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.07.2025 წლის №25346/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.01.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.

აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 3.02.2026 წლის №001-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.03.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10543 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხი, შესწავლისას გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელს თანხები სრულად ერიცხებოდა გადახდის ონლაინ საშუალება „Payoneer”-ის გზით. გადამხდელმა წარადგინა მინდობილი პირის საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რა გზითაც ხდებოდა თანხების გადარიცხვა ანგარიშვალდებული პირის ძმის საქართველოს ბანკის ანგარიშზე და შემდგომ, გადამხდელის განმარტებით აღნიშნულ პირს შეჰქონდა ამერიკაში საბანკო ანგარიშზე და საბოლოოდ იწერებოდა უცხოური ჩეკები, რაც წარდგენილ იქნა შემოწმების პროცესში, როგორც თანხის უკან დაბრუნების დამადასტურებული დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები შემოწმებამ არ ჩათვლა დამაჯერებლად და არ მოხდა ფულის მოძრაობის ანალიზისას მისი გათვალისწინება. შესაბამისად, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი გაშიფრულიყო სრული ციკლი კომპანიიდან გასული თანხების ამერიკაში ჩატანის და თანხის დაბრუნების ნამდვილობის დადასტურებისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი (შემდგომში „შემოწმების აქტი“), რომლის საფუძველზეც განხორციელდა დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა.

 

შპს „-------“ ონლაინ კონტენტის მომზადების მომსახურებას უწევს აშშ-ში რეგისტრირებულ „------- LLC”-ის. წარმოადგენს გასაჩივრებულ საკითხს, რომელზეც არ ეთანხმება დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვას.

გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი

1.შემოწმების შედეგად განკარგვადი შემოსავლის დირექტორზე ხელფასთან გათანაბრებულ განაცემად დაკვალიფიცირება და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

2025 წლის 29 აპრილს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში წარადგინეს №95365/1/2025 საჩივარი (დანართი №10).

საწარმო მომსახურებას უწევდა აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია „------- LLC”-ის. აღნიშნული მომსახურება დაკავშირებული არის ონლაინ კონტენტის მომზადებასთან, რაც გულისხმობს ავტონაწილების ფოტოების დამუშავებას და შემდეგ მათ განთავსებას იბეის პლატფორმაზე. დამუშავების პროცესი მოიცავს თითოეული ავტონაწილის შესახებ როგორც ფოტოების ვიზუალურ შესწორებას, ასევე მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტ სივრცეში. აღნიშნული სამუშაოს შესრულება საჭიროებს საკმაოდ დიდ დროს და ასევე მისი შედეგების გადახედვა ხდება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. აღნიშნული მიზეზით დამკვეთის მხრიდან მუდმივად ხდებოდა ანაზღაურება/თანხის ჩარიცხვა, ხოლო შესრულებული სამუშაოს შედეგების გადახედვის შემდეგ, საბოლოო ანგარიშსწორება. ამ მიზეზით აიხსნება ის ფაქტი, რომ მუდმივად მთელი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა დამკვეთის მხრიდან გაწეული მომსახურების ანაზღაურება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება. მათ მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა შედარების აქტები წლების მიხედვით, ჩარიცხული და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით (დანართი N4). 2022 წლის შედეგების მიხედვით დამკვეთის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 144 181 აშშ დოლარი, ხოლო უკან დაბრუნებულმა თანხებმა - 59 576 აშშ დოლარი. 2023 წლის შედეგების მიხედვით დამკვეთის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 76 740 აშშ დოლარი, ხოლო უკან დაბრუნებულმა თანხებმა - 57 720 აშშ დოლარი. 2024 წლის შედეგების მიხედვით დამკვეთის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 29 744 აშშ დოლარი. რაც შეეხება 2024 წელს გაწეული მომსახურების შედეგების გადახედვით თანხა უკან აღარ დაბრუნებულა. უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილი აქვთ აუდიტის დეპარტამენტში და ასევე ურთავენ საჩივარს (დანართი №5, №6).

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 და 22 მაისის სხდომებზე (ოქმები №36; №42) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 29 აპრილის №95365/1/2025 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 02 ივნისის N11152 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი (დანართი №11).

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11152 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-მ 2025 წლის 17 ივნისს №„-------“ წერილით აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა დოკუმენტაცია (დანართი №12). დამატებით წარდგენილი მასალები აუდიტის დეპარტამენტმა უარგუმენტოდ და კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე არ მიიღო მტკიცებულებად, რომ აღსრულებულიყო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. დასკვნაში გაკეთებული არის ზოგადი განმარტება: „აღნიშნული დოკუმენტები შემოწმებამ არ ჩათვალა დამაჯერებლად და არ მოხდა ფულის მოძრაობის ანალიზისას მისი გათვალისწინება. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11152 ბრძანებით, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი გაშიფრულიყო სრული ციკლი კომპანიიდან გასული თანხების ამერიკაში ჩატანის და თანხის დაბრუნების ნამდვილობის დადასტურებისთვის. შედეგად, არ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება“. წარადგინეს დამატებით მტკიცებულებები უკან დაბრუნებულ თანხებთან დაკავშირებით და არ შეიძლება ამ თანხებზე კომპანიას დაეკისროს საგადასახადო ვალდებულებები.

შპს „-------“-მ 2026 წლის 3 მარტს შემოსავლების სამსახურში წარადგინა №101101/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №001-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით (დანართი №13).

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტის და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები №26; №34) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 3 მარტის №101101/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 3 თებერვლის №001-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11152 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და დაევალა აუდიტის დეპარტმანეტში დამატებით დოკუმენტაციის წარდგენა. კომპანიამ 2025 წლის 17 ივნისის №------- წერილით აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელიც დანართი №12-ის სახით თან ერთვის საჩივარს. ამიტომ გაუგებარია რას გულისხმობს შემოსავლების სამსახური, რომ თითქოს გადამხდელი ითხოვს იმის დაკმაყოფილებას, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით პირველ ეტაპზე დავის განხილვის დროს არ დაკმაყოფილებულა. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საჩივარი პირველ ეტაპზე დაკმაყოფილდა და ამის საფუძველზე კომპანიის მიერ 2025 წლის 17 ივნისს №------- წერილით დამატებით მოხდა დოკუმენტაციის წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში. დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის ფაქტი არ დასტურდება არც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში და არც შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ 2026 წლის 13 მაისის №10543 ბრძანებაში.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწნებულ იქნას მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და განკარგვადი შემოსავალი განსაზღვროთ უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გაუქმდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10543 ბრძანება და შესაბამისად დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიიღოს მტკიცებულებად მათ მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და აღასრულოს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11152 ბრძანება. შესაბამისად შეამციროს დამატებით დარიცხული ძირითადი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

ასევე ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები (მათ შორის, ამერიკულ ბანკში შეტანილი თანხების შესაბამისი საბანკო ამონაწერები). დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების მიმღები კომპანიის მიერ თანხის მიღების/კომპანიისთვის თანხის დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2026 წლის №------- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მომსახურების გაწევა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია "-------- LLC" - სთვის. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა განკარგვადი თანხების გადახდის წყაროსთან სრულად დაბეგვრა და შესაბამის დეკლარაციაში ასახვა. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციები, ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა სალაროში ნაღდის ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაცია და დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორი) ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საჩივარში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდებოდა ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება, რაზეც წარმოდგენილ იქნა შედარების აქტები წლების მიხედვით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ აქტებში დაფიქსირებული იყო სხვა თანხა, თუმცა საჩივარში ის შეცვლილია, ისევე როგორც შედარების აქტი. შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა თანხის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რაც წარმოდგენილ იქნა უცხოური წარმოშობის ჩეკები. დამატებით შესწავლისას გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელს თანხები სრულად ერიცხებოდა გადახდის ონლაინ საშუალება „Payoneer”-ის გზით. კითხვაზე თუ რატომ არ ახდენდა კომპანია თანხების უკან დაბრუნებას იმავე გზით, თუ ისეთივე მარტივი და მოსახერხებელი იყო აღნიშნული გადახდის საშუალება როგორც თავად განმარტავდნენ, პასუხი შემოწმებამ ვერ მიიღო. საპირისპიროდ, გადამხდელმა წარმოადგინა მინდობილი პირის საქართველოს ბანკის ანგარიშიდან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რა გზითაც ხდებოდა თანხების გადარიცხვა ანგარიშვალდებული პირის ძმის საქართველოს ბანკის ანგარიშზე და შემდგომ გადამხდელის განმარტებით ამ პირს შეჰქონდა ამერიკაში საბანკო ანგარიშზე და საბოლოოდ იწერებოდა ის უცხოური ჩეკები, რაც წარმოდგენილ იქნა შემოწმების პროცესში, როგორც თანხის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტები შემოწმებამ არ ჩათვლა დამაჯერებლად და არ მოხდა ფულის მოძრაობის ანალიზისას მისი გათვალისწინება. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11152 ბრძანებით, დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული არ აღმოჩნდა საკმარისი გაშიფრულიყო სრული ციკლი კომპანიიდან გასული თანხების ამერიკაში ჩატანის და თანხის დაბრუნების ნამდვილობის დადასტურებისთვის. 2026 წლის 19 იანვარს შედგა დასკვნა საგადახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ, რომლის შედეგად, არ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მომჩივნი ასევე ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს, ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია აღნიშნული საკითხის შესწავლა.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გათვალისწნებულ იქნას მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და განკარგვადი შემოსავალი განსაზღვროთ უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით.

ასევე,გაუქმდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება და შესაბამისად დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიიღოს მტკიცებულებად მათ მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და აღასრულოს შემოსავლების სამსახურის ბრძანება. შესაბამისად შეამციროს დამატებით დარიცხული ძირითადი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. ასევე ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის, სალაროში ნაღდის ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგების, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

154,269.