N 7881 - 08/04/2024 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 08.04.2024
№ დოკუმენტი 7881
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №7881

2024 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების 44 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45 პუნქტი:

„45. საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის ორგანიზაციის სამმართველომ უზრუნველყოს:

ა) 2024 წლის პირველ მაისამდე დაბეჭდილი, გაუცემელი გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გადაცემა მომსახურების დეპარტამენტისათვის;

ბ) 2024 წლის პირველ მაისამდე ბარათების რეალიზატორ პირებზე გაცემული გზათსარგებლობის საფასურის ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი, ბარათების რეალიზატორ პირებზე გაცემის შემდეგ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდება, ასევე, ამ ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენა.“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადებას შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფას, გაცემული ბარათების აღრიცხვასა და რეალიზაციის კონტროლს; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფას; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფას;“;

ა.ბ) მე-16 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი; ბარათების რეალიზატორი პირის მიერ დაბრუნებული დაზიანებული ბარათების ან/და გამოსაყენებლად უვარგისი ბარათების ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბარათების რეალიზატორი პირისათვის თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;“.

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ბ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ12) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს;“;

ბ.ბ) მე-10 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი მაისიდან.

 

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე