გადაწყვეტილება № 26130/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26130/2/2025
24 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 4.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26130/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.08.2025 წლის №007-212 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2025 წლის №21696 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 356 799,35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 214 200,36
დღგ - 124 643,98
საშემოსავლო გადასახადი - 89 556,38
ჯარიმა - 106 567,70
საურავი - 36 031,29
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა რბილი ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2.06.2017 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.08.2018 წლიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 30.07.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდებოდა საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა შესყიდვებს და დოკუმენტურ რეალიზაციებს (განხორციელდა რაოდენობრივ თანხობრივი ანალიზი). შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და განისაზღვრა ფასნამატები თითოეული ჯგუფის მიხედვით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის №7954 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური აღწერის ანალიზის შედეგად, განისაზღვრა 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით არსებული სმფ-ის ფაქტიური ნაშთის თვითღირებულება, 17 080 ლარი კატეგორიების მიხედვით. ასევე, ჩატარებული ანალიზის შედეგად განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით შემოწმების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატები (საშუალოდ 37,5%).
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი. 2025 წლის 28 აპრილის №7774 ბრძანების საფუძველზე 2025 წლის 29 აპრილს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის მიხედვით ნაღდი ფულის ნაშთი იყო ნულის ტოლი. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. შემოწმების პროცესში გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საწარმოს ჩათვლილი ჰქონდა 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ------ 2022 წლის იანვრის თვეში, ასევე არ ჰქონდა გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -------. შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა სულ - 777 ლარის ოდენობით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე 6.08.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №17728 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-212 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.10.2025 წლის №21696 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია აწარმოებს არა სარეალიზაციო ნედლეულს, არამედ ახორციელებს უკვე მზა პროდუქციის შესყიდვას და რეალიზაციას. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს სავაჭრო ცენტრ საბაში, სადაც იჯარით აღებული აქვს ეკონომიკური საქმიანობისთვის კომერციული ფართი. გარდა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა აქვს ყოველთვიური ხარჯები, რასაც წარმოადგენს კომერციული ფართის საიჯარო ქირა, კომუნალური გადასახადები, ჩამოწერილი სარეალიზაციო საქონელი და სხვა. ახორციელებდა გამზადებული პროდუქციის რეალიზაციას ე.წ. განვადებით სს -----“-ს, სს „-------“-ს სს „------ ბანკი“-ს და სს „------- ბანკი“-ს საშუალებით. შესყიდვების შედეგად სარეალიზაციო პროდუქციის მხოლოდ ნაწილი აქვს რეალიზებული, ხოლო დანარჩენი პროდუქცია წარდგენილი აქვს, როგორც სავაჭრო სივრცეში, ასევე საწყობში. გააჩნია ბუღალტრული პროგრამა ორისი, სადაც ხდება საქონლის რეალიზაციის აღრიცხვა, ძირითადად ბანკში დაფიქსირებული ნავაჭრი თანხებიდან გამომდინარე და შესაბამისად დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია.
მომჩივანი ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმად გათავისუფლდება დარიცხული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა რბილი ავეჯის შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდებოდა საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე, შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის დადგენა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ჩატარებული ანალიზის შედეგად განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, რომელზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით შემოწმების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატები (საშუალოდ 37,5%). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გათვალისწინებულ იქნა შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი და დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა. აწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული ხელფასის სახით განაცემები. შემოწმების პროცესში გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა ჯარიმა. საწარმოს ჩათვლილი ჰქონდა 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ასევე არ ჰქონდა გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შემცირდა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
№21696 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 275;272(1);269(7)