გადაწყვეტილება №19258/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19258/2/2023
5.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- 30.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19258/2/2023).
დავის საგანი: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.01.2023 წლის №CB1437756 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4663 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5492 ლარი.
ფაქტების აღწერა
30.01.2023 წლის შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID:---- ელექტრონული განაცხადით (9 333.53 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე) მიმართა მომჩივანმა. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. ამავე თარიღში გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ-4728/1 რომლის საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ღონისძიება. კომპანიის დირექტორს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი. სულ დანაკლისმა სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 5 492 ლარი. აღნიშნულზე 31.01.2023 წელს შედგენილი იქნა №CB1437756 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 5 492 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი 20.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2023 წლის №4663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის საგანია სამრეწველო, სარეცხი, საწმენდი, სადეზინფექციო საშუალებებით, ლაქ-საღებავებით და საღებავებით ვაჭრობა. შესაბამისად, ხდება ამ საქონლის იმპორტი, მათი დასაწყობება და შემდგომი რეალიზაცია. 31.01.2023 წელს საქონლის ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო, მისი ჩამოწერის მიზნით კომპანიის ბუღალტრის მიერ შევსებული და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი, რომლის შევსების დროს ბუღალტრის მიერ არასწორად იქნა გაგებული ხელმძღვანელების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაშვებული იქნა შეცდომა. კერძოდ, რაოდენობის გრაფაში (მაგალითად poliuretan varnish Filler), ბუღალტერმა არასწორად 360 კილოს ნაცვლად, მიუთითა ამ საქონლის ერთი ცალის წონა 12 კილო, ხოლო ერთეულის ფასში შეიტანა ამ საქონლის რაოდენობა 30 ცალი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით სულ გრაფაში შეტანილია საქონელი -poliuretan varnish Filler -ის რაოდენობა სულ 360 კილო, აღნიშნული საქონლის ღირებულების ნაცვლად. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს.
მომჩივნის მოტივს არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს გადასახადების დამალვა ან შემცირება. ბიუჯეტს არ მიადგა ზიანი. კომპანიას არ დაურღვევია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები და ამდენად, მის მიმართ ჯარიმის გამოყენება არამართლზომიერია. შეცდომა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ ბუღალტერს მიეწოდა ინფორმაცია ინგლისურ ენაზე და ბუღალტერმა ქართული შინაარსი სწორად ვერ გაიგო. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილი იყო ტექნიკური შეცდომის შედეგად, მომჩივნის განმარტებით არ დგინდება რაიმე ფაქტი, რაც დაადასტურებდა იმას, რომ აღნიშნულით გადამხდელმა ნახა რაიმე სარგებელი ან შეიმცირა ხარჯი. კომპანიას არ ქონდა განზრახვა, არასწორი ინფორმაციის წარდგენის. მისი განცხადებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, შეეძლო უფლებამოსილ პირს განესაზღვრა ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ეს იყო ადმინისტრაციულო ორგანოს დისკრეციული უფლება, რომელიც არ იქნა გამოყენებული და დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, არ იყო განსაზღვრული მის მიმართ სანქციის გამოუყენებლობის შემთხვევაში, რა ზიანი შეიძლება მიდგომოდა სახელმწიფო ინტერესებს. სანქციის დაკისრება უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს.
მომჩივნის თქმით, აღნიშნული ტექნიკური შეცდომით მხოლოდ მას მიადგა ზიანი. აპელირებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც „მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, არ გამოირიცხება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გაეთვალისწინებინა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები სახდელის დაკისრებისას, მხედველობაში მიეღო მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, სამართალდარღვევის სიმძიმე, სამართალდარღვევის ჩამდენი პიროვნება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებდა გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები (საქმე №ბს-1655-1627 (კ-11)). მომჩივნის თქმით იგი არის კეთილსინდისიერი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
ამავე ბრძანების 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად:
3. დოკუმენტის გაფორმების დასრულების შემდგომ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირდაპირ დადასტურების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ დანართი №23-ის შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემების შეტანისას დანართი №24-ით გათვალისწინებული „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი“ ჩაითვლება ბათილად. საგადასახადო კოდექსი 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით:
საგადასახადო კოდექსი 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლომატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე- 7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საგადსახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.04.2023 წლის №----21-12 წერილის თანახმად, 31.01.2023 წლის მიმდინარე კონტროლის სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განხორციელების შესახებ კომპანიის დირექტორს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ N24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი 5 492 ლარის სააღრიცხვო ღირებულებით. რაც იწვევს დაჯარიმებას დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო ღირებულების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე 5 492 ლარით. რაზედაც შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1437756.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად, გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით. მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, რა თქმა უნდა, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
წარმოდგენილი არგუმენტებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას, დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით მიმართა მომჩივანმა. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. ამავე თარიღში გამოცემული იქნა ბრძანება, რომლის საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ღონისძიება. კომპანიის დირექტორს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნულზე 31.01.2023 წელს შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შეეფარდა ჯარიმა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლიც 13.03.2023 წლის №4663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145 (6) (7); 269 (7); 270 (2); 279 (3).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: 33 (1).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 601 .