ბრძანება N 20771
📄 სრული ტექსტი
N 20771
24 სექტემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2025 წლის 5 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) №123531/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივლისის №21-11/54314 გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 15 ივლისს მოახდინეს ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე №10001436 ლიცენზიის ფარგლებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დეკლარირება (დეკლარაციის №„--------“). მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდში მოიპოვეს მხოლოდ 500 მ 3 ქვიშა-ხრეში, დაადეკლარირეს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობა (2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდზე 74 620 მ3 ). წინა პერიოდებშიც დეკლარირებული აქვს კანონის შესაბამისად, მოპოვების გადაჭარბების შემთხვევაში გადაჭარბებული ოდენობები, ხოლო გეგმაზე ნაკლების შემთხვევაში - გეგმით გათვალისწინებული ოდენობები, რის გამოც გამოდის რომ ფაქტობრივად მოპოვებულზე მეტი აქვს დეკლარირებული და გადახდილი.
2025 წლის 16 აპრილს ვადა გაუვიდა ლიცენზიას, შესაბამისად 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდში ამოწურეს მოსაპოვებელი წიაღისეულიც (გეგმა გრაფიკით იყო დარჩენილი 74 620 მ3 და ფაქტობრივად მოიპოვეს 500 მ3 ). წინა პერიოდებში ჰქონდათ გეგმაზე გადაჭარბება, რაც დეკლარირებული აქვთ კანონის შესაბამისად ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით. სულ მოსაპოვებელი და ფაქტობრივად მოპოვებული ოდენობა შეადგენდა 259 620 მ 3 , აქედან ბოლო 500 მ 3 მოიპოვეს 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდში.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ დეკლარირებისას მოდულში ჩაშენებულია გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული წიაღისეულის ოდენობაზე შეზღუდვა, ასევე, დეკლარირებისას I ნახევრის დეკლარაციას კორექტირების გრაფა არ გააჩნია და მხოლოდ II ნახევრის დეკლარაციაში შეუძლია კორექტირება, ასევე ლიცენზიას ვადა გაუვიდა 2025 წლის 16 აპრილს, შესაბამისად ვეღარ დადგება ამ ლიცენზიისთვის 2025 წლის II ნახევრის საანგარიშო პერიოდი, სადაც შეძლებდა დაკორექტირებას. ამდენად, რჩება მხოლოდ არარეალური დეკლარირებული თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ითხოვს შეუმცირდეს ტექნიკური საკითხით გამოწვეული, დეკლარაციით ზედმეტად დარიცხული თანხები, კერძოდ 44 772 ლარიდან შემცირდეს 44 472 ლარი ( 74 620 მ 3 -500 მ 3 =74 120 მ 3 შესაბამისი თანხა).
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „--------“-ს (ს/ნ „--------“) ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას №„--------“ქვიშახრეშის ჯამური მოპოვებით 259 620 მ 3 , რომლის მოქმედების ვადაა 04.05.2020 - 16.04.2025 წწ. ათვისების გეგმა დამტკიცებულია 2020 წლის 16 ნოემბერს.
ათვისების გეგმის მიხედვით ასათვისებელი რესურსი წლების მიხედვით შეადგენს: 2020 წელზე - 5 000 მ 3 , 2021 წელზე - 30 000 მ 3 , 2022 წელზე - 40 000 მ 3 , 2023 წელზე - 50 000 მ 3 , 2024 წელზე - 60 000 მ 3 , 16.04.2025 წლამდე 74 620 მ 3.
ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე განაკვეთი შეადგენს: 2024 წლამდე მ 3 – 0.2 ლარი; 2024 წლიდან მ 3 - 0.6 ლარი.
№„--------“ ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის მიხედვით დასარიცხი რესურსისა და მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
1. 2020 წელი - 5 000 მ 3 . 1 000 ლარი;
2. 2021 წლის I ნახევარი - 15 000 მ 3 . 3 000 ლარი;
3. 2021 წლის II ნახევარი - 15 000 მ 3 . 3 000 ლარი;
4. 2022 წლის I ნახევარი - 20 000 მ 3 . 4 000 ლარი;
5. 2022 წლის II ნახევარი - 20 000 მ 3 . 4 000 ლარი;
6. 2023 წლის I ნახევარი - 25 000 მ 3 . 5 000 ლარი;
7. 2023 წლის II ნახევარი - 25 000 მ 3 . 5 000 ლარი;
8. 2024 წლის I ნახევარი- 30 000 მ 3 . 18 000 ლარი;
9. 2024 წლის II ნახევარი- 30 000 მ 3 . 18 000 ლარი;
10. 2025 წლის I ნახევარი- 74 620 მ 3 . 44 772 ლარი.
სულ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში დასარიცხი რესურსის ოდენობა შეადგენს 259 620 მ 3 . ხოლო მოსაკრებელი - 105 772 ლარს.
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე №„--------“ ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
11. 2020 წელი - 13 800 მ 3 2 760 ლარი;
12. 2021 წლის I ნახევარი- 20 168 მ 3 4 033.60 ლარი;
13. 2021 წლის II ნახევარი- 15 000 მ 3 3 000 ლარი;
14. 2022 წლის I ნახევარი- 20 000 მ 3 4 000 ლარი;
15. 2022 წლის II ნახევარი- 73 970 მ 3 14 794 ლარი;
16. 2023 წლის I ნახევარი- 28 285 მ 3 5 657 ლარი;
17. 2023 წლის II ნახევარი- 41 000 მ 3 8 200 ლარი;
18. 2024 წლის I ნახევარი- 66 000 მ 3 39 600 ლარი;
19. 2024 წლის II ნახევარი- 29 697 მ 3 17 818.20 ლარი;
20. 2025 წლის I ნახევარი- 74 620 მ 3 44 772 ლარი.
№„--------“ ლიცენზიის ფარგლებში სულ დარიცხულია 382 540 მ 3 რესურსის შესაბამისი მოსაკრებელი 144 634.8 ლარი. ჯამურად, №"-------" ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული რესურსის ოდენობა 122 920 მ 3 -ით აჭარბებს აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის მიხედვით დასარიცხს, ხოლო დარიცხული მოსაკრებელი აჭარბებს 38 862.8 ლარით.
შპს „--------“-ის (ს/ნ „--------“) მიერ წარმოდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2025 წლის I ნახევრის გაანგარიშება, რომლის საფუძველზე დარიცხულია 74620 მ3 ბუნებრივი რესურსის შესაბამისი მოსაკრებელი, რაც შესაბამისობაშია №„--------“ ლიცენზიაზე დამტკიცებულ ათვისების გეგმასთან. აქედან გამომდინარე, შპს „--------“-ის მოთხოვნა 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის შემცირებასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდა, რის შესახებ ეცნობა 2025 წლის 23 ივლისის N „--------“ წერილით, რომელიც ადრესატთან გაიგზავნა საფოსტო გზავნილით და დაბრუნდა 2025 წლის 28 ივლისს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული დავალიანება ბუნებებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე: მოსაკრებელი 44 510.68 ლარი, საურავი 1 158 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გაანგარიშების მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½- ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მუხლის მაგალითებში მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი წლის მანძილზე ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა ნაკლებია ათვისების გეგმით გათვალისწინებულ წლიურ მოცულობაზე, გაანგარიშებაში ასახვას ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობა. ხოლო თუ რომელიმე ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, აღნიშნული გაითვალისწინება მხოლოდ წლის შიგნით II ნახევრის ექვსთვიანი პერიოდის მოსაკრებლის გამოანგარიშებაში, იმ პირობით, რომ შესაბამისი წლის მანძილზე დარიცხული რესურსის მოცულობა ნაკლები არ უნდა იყოს ათვისების გეგმით გათვალისწინებულ წლიურ მოცულობაზე. ხოლო თუ საანგარიშო წლის წინა წლებში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობა აღემატება ამავე პერიოდის გეგმიურ მოცულობას, სხვაობით არ შემცირდება საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარსადგენ გაანგარიშებაში ბუნებრივი რესურსის მოცულობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივანის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, კომპანიამ №„--------“ ლიცენზიით 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდში მოიპოვა მხოლოდ 500 მ 3 ქვიშა-ხრეში, მაგრამ გაანგარიშებაში არსებული შეზღუდვის გამო დაადეკლარირეს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობა (2025 წლის 17 აპრილამდე პერიოდზე 74 620 მ 3 ). გადამხდელის მითითებით წინა პერიოდებშიც დეკლარირებული აქვს კანონის შესაბამისად, მოპოვების გადაჭარბების შემთხვევაში გადაჭარბებული ოდენობები, ხოლო გეგმაზე ნაკლების შემთხვევაში - გეგმით გათვალისწინებული ოდენობები, რის გამოც გამოდის, რომ ფაქტობრივად მოპოვებულზე მეტი აქვს დეკლარირებული და გადახდილი. აღნიშნულ ლიცენზიას კი ვადა გაუვიდა 2025 წლის 16 აპრილს, შესაბამისად, 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდში ამოწურეს მოსაპოვებელი წიაღისეულიც (გეგმა გრაფიკით იყო დარჩენილი 74 620 მ 3 და ფაქტობრივად მოიპოვეს 500 მ 3 ).
შემოსავლების სამსახური, ასევე, ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ჯამურად, №„--------“ ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული რესურსის ოდენობა 122 920 მ 3-ით აჭარბებს აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის მიხედვით დასარიცხს, ხოლო დარიცხული მოსაკრებელი აჭარბებს 38 862.8 ლარით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ №„--------“ ლიცენზიას ვადა გაუვიდა 2025 წლის 16 აპრილს და ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული რესურსის ოდენობა 122 920 მ 3 -ით აჭარბებს აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის მიხედვით დასარიცხს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდზე განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების კორექტირება (2025 წლის I ნახევრის გაანგარიშება №„--------“ ლიცენზიის ნაწილში), ხოლო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- - ის“ (ს/ნ „--------“) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდზე განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების კორექტირება (2025 წლის I ნახევრის გაანგარიშება №„--------“ ლიცენზიის ნაწილში);
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების ტექნიკური უზრუნველყოფა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას და ითხოვს შეუმცირდეს ტექნიკური საკითხით გამოწვეული, დეკლარაციით ზედმეტად დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ფლობდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ქვიშახრეშის ჯამური მოპოვებით 259 620 მ 3 , რომლის მოქმედების ვადაა 04.05.2020 - 16.04.2025 წწ. ათვისების გეგმა დამტკიცებულია 2020 წლის 16 ნოემბერს.
მომჩივანის მიერ წარმოდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2025 წლის I ნახევრის გაანგარიშება, რომლის საფუძველზე დარიცხულია 74620 მ 3 ბუნებრივი რესურსის შესაბამისი მოსაკრებელი, რაც შესაბამისობაშია ლიცენზიაზე დამტკიცებულ ათვისების გეგმასთან. აქედან გამომდინარე,გადამხდელის მოთხოვნა 2025 წლის I ნახევრის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის შემცირებასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდა, რის შესახებ ეცნობა წერილით, რომელიც ადრესატთან გაიგზავნა საფოსტო გზავნილით და დაბრუნდა 2025 წლის 28 ივლისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული დავალიანება ბუნებებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საჩივრის ფარგლებში მოთხოვნილ საანგარიშო პერიოდზე განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების კორექტირება,ხოლო შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნულის ტექნიკური უზრუნველყოფა.
დასაბუთება
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.