გადაწყვეტილება №20077/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.09.2023
№ დოკუმენტი 20077/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20077/2/2023

28 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20077/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17317 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2023 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4774 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 14.03.2023 წლის №086-12 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №11959 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 145 706 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 76 144

დღგ - 16 632

საშემოსავლო გადასახადი - 54 857

ქონების გადასახადი - 4 655

ჯარიმა - 36 275

საურავი - 33 287

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო გადაზიდვების შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- მომჩივანს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებულია ცხრილები, ასევე პირველადი დოკუმენტების სახით შემოსავლების მიღებასა და გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნულისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ დაქირავებული მძღოლების საშუალებით ხდებოდა ტვირთის ----------ში, ---------- და ----------ში გადაზიდვა. გადამხდელის მიერ გაშიფრული საერთაშორისო გადაზიდვების რაოდენობრივი მონაცემი ემთხვევა სისტემაში დაფიქსირებულ საზღვრის კვეთების რაოდენობას, თუმცა, გადამხდელის მიერ ერთობლივ შემოსავალში სრულად არ იქნა დაფიქსირებული საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებული ჯამური შემოსავალი.

ამასთან, გადამხდელი ახორციელებდა ქვეყნის შიგნით ავტომობილებით სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებას. ადგილობრივად გაწეულ მომსახურებათა ძირითად ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ ასევე დაფიქსირდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული გადაზიდვები, რაზეც მეწარმემ არ გამოწერა დოკუმენტი და არ ასახა ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, მის მიერ რეალიზებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მიღებულია ნამეტი შემოსავალი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და მე-100 მუხლებით და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგინდა ერთობლივი შემოსავალი. ამდენად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით.

- გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, გადამხდელი ადგილობრივად გასწევს სატრანსპორტო მომსახურებებს. გადამხდელის მიერ ადგილობრივად გაწეულ მომსახურებათა ძირითად ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ ასევე დაფიქსირდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული გადაზიდვები, რაზეც მეწარმეს არ ჰქონდა გამოწერილი დოკუმენტი და არ იყო დაბეგრილი. ამასთან, გადამხდელის მიერ რეალიზებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ დაბეგრა დღგ-ით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლით, ასევე 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 172-ე მუხლებით. შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ 2020 წლის აპრილის თვეში შემცირებულია ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რაც შემოწმებით გაიზარდა 900 ლარით. საბოლოოდ, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 29.12.2021 წლის №41644 ბრძანება და ამავე თარიღის №086-88 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 28.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17317 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- პირველ სადავო საკითხთან (შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლის გაზრდა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17317 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 28.02.2023 წლის დასკვნა რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 43 785 ლარი, მათ შორის გადასახადი 28 610 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 175 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4774 ბრძანება და 14.03.2023 წლის №086-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომლის 31.05.2023 წლის №11959 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინვოისების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ხოლო რაც შეეხება ადგილობრივი გადაზიდვების დაბეგვრის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას არაღიარებული რეისების, ასევე, სალაროში დაფიქსირებული თანხების მიხედვით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში საჩივარი 4.07.2022 წლის №17317 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის პოზიციას იზიარებს იმ ნაწილში, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო გადაზიდვების შესრულება და არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. შესამოწმებელ პერიოდში, რამდენადაც არ ჰქონდა ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, შემმოწმებელზე მიწოდებული იქნა შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ცხრილების სახით, ასევე პირველადი დოკუმენტების სახით, შემოსავლების მიღებასა და გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნულისა და ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ დაქირავებული მძღოლების საშუალებით ხდებოდა ტვირთის ----------ში, ---------- და ----------ში გადაზიდვა. ამასთან, ახორციელებდა ქვეყნის შიგნით ავტომობილებით სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებას. შემმოწმებლის განმარტებით, გადამხდელის მიერ გაშიფრული საერთაშორისო გადაზიდვების რაოდენობრივი მონაცემი, ემთხვევა სისტემაში დაფიქსირებულ საზღვრის კვეთების რაოდენობას, თუმცა, გადამხდელის მიერ ერთობლივ შემოსავალში სრულად არ იქნა დაფიქსირებული საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებული ჯამური შემოსავალი. აღნიშნულთან (ერთობლივი შემოსავლის გაზრდასთან) დაკავშირებით მისცა განმარტება შემმოწმებელს, რომ საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილში ერთობლივი შემოსავლის გაზრდა ყველანაირ საფუძველს იყო მოკლებული, განმარტა, რომ სატრანსპორტო მომსახურებაზე დაკვეთების მიღება, ძირითადად ხდებოდა საშუამავლო კომპანიების მეშვეობით და ტვირთის არც გამგზავნთან, არც მიმღებთან, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, რამეთუ დაკვეთა მოდიოდა საშუამავლო კომპანიიდან და ამასთანავე თანხმდებოდა მომსახურების სახე, ღირებულება და ვადები სატელეფონო, ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით. მომსახურების შემდგომ შედგენილი ინვოისების შესაბამისად ხდებოდა მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორება. ანგარიშსწორება ძირითადად ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით.

ასევე ყურადსაღებია ის ფაქტზე, რომ ერთი დამკვეთის ფარგლებში ადგილი ჰქონდა, რამდენიმე რეისის მომსახურებაზე გადასახდელი თანხის ერთი ინვოისის საფუძველზე მოთხოვნას, რაც არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან და არც საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტებთან. მთლიანობაში გადამხდელის მიერ აღიარებული ერთობლივი შემოსავალი 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდისათვის 1 888 290 ლარი შემმოწმებლის მიერ გაზრდილია 1 501 252 ლარით და განსაზღვრულია 3 389 543 ლარით. ის, რომ საერთოდ უსაფუძვლოდ მიაჩნია შემმოწმებლის მიერ ერთობლივი შემოსავლის გაზრდა ეს ერთი თემაა, საერთოდ საყურადღებო თემაა ის, რომ შემმოწმებლის მიერ პანდემიის პერიოდში უფრო მეტად იქნა გაზრდილი და უფრო მეტი შემოსავალი იქნა დაფიქსირებული, ვიდრე შემოწმების სხვა პერიოდში, რაც უფრო მეტად ზრდის ეჭვს გაანგარიშებების სიზუსტეზე.

ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ასევე ყოვლად საფუძველს მოკლებულად მიაჩნია, შემმოწმებლის მიერ ერთობლივი შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებით, მიცემული განმარტება იმის შესახებ, რომ ერთიდაიგივე ნომრის ინვოისის ორ რეისზე მითითებისას, თითქოსდა შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი, რის საფუძველზეც აორმაგებს შემოსავალს, ე.ი. მეორე რეისსაც უწერს იგივე თანხას. შემმოწმებლის მიერ, ასევე შემოსავლის გაზრდის საფუძვლადაა მითითებული მომსახურების დროისა და ინვოისის გამოწერის დროის შეუსაბამობა, რაც თავის მხრივ დღეს არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვეულებრივი მოვლენაა (ფაქტობრივად ინვოისში მითითებულია ნომერი, ინვოისის გამოწერის თარიღი, დამკვეთი, იმ სატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტები, რომლის მეშვეობითაც გაწეული იქნა მომსახურება და მომსახურების ღირებულება).

ადგილობრივი გადაზიდვებისას შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულია ანგარიშ-ფაქტურის თანხების, მანქანების რეალიზაციების, არაღიარებული რეისებისა და საკონტროლო-სალარო აპარატზე ნაჩვენები თანხების მიხედვით. ამ ნაწილში აღიარებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით თანხებს, სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის საფუძველზე მიღებულ ნამეტ თანხებს, რაც შეეხება არაღიარებულ რეისებსა და საკონტროლო-სალაროს აპარატზე დაფიქსირებულ თანხებს, შემმოწმებელს განემარტა, რომ არაღიარებულ რეისებზე მიკუთვნებულია ის შემოსავლები, რომლებიც შესრულებულია მის მიერ, ფაქტობრივად რეალიზებულ სატრანსპორტო საშუალებებით იმ პერიოდისთვის, რა პერიოდისთვისაც აღნიშნული მანქანები სამართლებრივად ირიცხება მის სახელზე, თუმცა, ფაქტობრივად არის სხვის მფლობელობაში, იყენებს სხვა მესაკუთრე და რიგ შემთხვევებში ამ მესაკუთრეების მიერ აღიარებულია აღნიშნული შემოსავლები და დაბეგრილია. ამ ნაწილში შემმოწმებლისთვის წარდგენილია ფაქტობრივი მფლობელების ახსნა-განმარტებები და ხელშეკრულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციაზე. ამ ნაწილში, ასევე არასწორადაა ერთობლივ შემოსავალში, სალაროში ფიქსირებული თანხები, რამეთუ ეს უკანასკნელი წარმოადგენს, უკვე აღიარებული მომსახურებების დავალიანების დასაფარავად მიღებულ თანხებს.

ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით გაუქმდეს დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა და შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე,დღგ-ის დაბეგვრის ნაწილში, დამატებით დასაბეგრი თანხის გაანგარიშების დროს დასაბეგრ თანხაში არასწორადაა შეტანილი, არაღიარებულ რეისებსა და სალაროს აპარატზე დაფიქსირებული თანხები, შემმოწმებელს განემარტა ის ფაქტზე, რომ არაღიარებულ რეისებზე მიკუთვნებულია ის შემოსავლები, რომლებიც შესრულებულია მის მიერ ფაქტობრივად რეალიზებული სატრანსპორტო საშუალებებით, იმ პერიოდისათვის, რა პერიოდისთვისაც აღნიშნული მანქანები სამართლებრივად ირიცხება მის სახელზე, თუმცა ფაქტობრივად იყო რეალიზებული და იყო სხვის მფლობელობაში, იყენებს სხვა მესაკუთრე და რიგ შემთხვევებში ამ მესაკუთრეების მიერ აღიარებულია ამ სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურებები, აღნიშნული შემოსავლები და დაბეგრილია კიდეც. ამ ნაწილში შემმოწმებელზე წარდგენილია ფაქტობრივი მფლობელების ახსნა-განმარტებები და ხელშეკრულებები სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციაზე, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებები არ იყო წარდგენილი მომსახურების სააგენტოში იმ მოტივით, რომ მყიდველის მიერ თანხა სრულად არ იყო ანაზღაურებული.

ასევე არასწორადაა ერთობლივ შემოსავალში სალაროში ფიქსირებული თანხები, რამეთუ ეს უკანასკნელი წარმოადგენს უკვე აღიარებული მომსახურებების დავალიანების დასაფარავად მიღებულ თანხებს.

ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდეს დამატებული ღირებულების გადასახადის და შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხია ის ფაქტი, რომ მის ხელთ არის ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის მისი პოზიციის სისწორის განცდას შესაბამისად ითხოვს დასაბუთებული პოზიციის გაზიარებას. ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე საბჭო ვალდებულია, რომ ბათილად ცნოს მოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და შესაბამისი კორექტირების გათვალისწინებით გამოიცეს ახალი საგადასახდო მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით, რომელთა შედეგადაც შესაძლებელი გახდება გადასახადის რედაქტირება და სწორი სახით მისი რეალიზაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17317 ბრძანებით:

- პირველ სადავო საკითხთან (შემოწმების მიერ ერთობლივი შემოსავლის გაზრდა) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17317 ბრძანებაში გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია (რომლის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტისათვის) მითითებულია შემდეგი:

სატრანსპორტო მომსახურებაზე დაკვეთების მიღება ძირითადად ხდებოდა საშუამავლო კომპანიების მეშვეობით და ტვირთის არც გამგზავნთან და არც მიმღებთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, რამეთუ საშუამავლო კომპანიასთან თანხმდებოდა მომსახურების სახე. მომსახურების გაწევის შემდგომ შედგენილი ინვოისების შესაბამისად ხდებოდა მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორება. ასევე, აცხადებს, რომ შემოწმების აქტში შემოსავლის გაზრდის საფუძვლადაა მითითებული მომსახურების დროისა და ინვოისის გამოწერის დროის შეუსაბამობა, რაც თავის მხრივ, დღეს არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვეულებრივი მოვლენაა.

შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17317 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინვოისების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. კერძოდ, მოხდა ერთი ინვოისის ფარგლებში განხორციელებული გადაზიდვების გათვალისწინება და აღნიშნულ რეისებზე დარიცხული თანხების შემცირება.

მომჩივანი საჩივარში აფიქსირებს, რომ:

- სატრანსპორტო მომსახურებაზე დაკვეთების მიღება, ძირითადად ხდებოდა საშუამავლო კომპანიების მეშვეობით და ტვირთის არც გამგზავნთან, არც მიმღებთან, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, რამეთუ დაკვეთა მოდიოდა საშუამავლო კომპანიიდან და ამასთანავე თანხმდებოდა მომსახურების სახე, ღირებულება და ვადები სატელეფონო, ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით. მომსახურების შემდგომ შედგენილი ინვოისების შესაბამისად ხდებოდა მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორება. ანგარიშსწორება ძირითადად ხდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით;

- ერთი დამკვეთის ფარგლებში ადგილი ჰქონდა, რამდენიმე რეისის მომსახურებაზე გადასახდელი თანხის ერთი ინვოისის საფუძველზე მოთხოვნას. ერთიდაიგივე ნომრის ინვოისის ორ რეისზე მითითებისას, თითქოსდა შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი, რის საფუძველზეც შემმოწმებელი აორმაგებს შემოსავალს, ე.ი. მეორე რეისსაც უწერს იგივე თანხას. ასევე შემოსავლის გაზრდის საფუძვლადაა მითითებული მომსახურების დროისა და ინვოისის გამოწერის დროის შეუსაბამობა, რაც თავის მხრივ დღეს არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ჩვეულებრივი მოვლენაა.

ზემოთ აღნიშნულიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი წარმოადგენს იგივე არგუმენტებს, რომელთა გათვალისწინებითაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17317 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის სხვა არგუმენტებს (ადგილობრივი გადაზიდვების დაბეგვრის საფუძველზე ერთობლივი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას არაღიარებული რეისების, ასევე, სალაროში დაფიქსირებული თანხების მიხედვით) შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამ ნაწილში საჩივარი 4.07.2022 წლის №17317 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა მართებულად მიიჩნია მისი ბრძანება აღსრულებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით გაუქმდეს დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა და შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საერთაშორისო გადაზიდვების შესრულება.

მომჩივანს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებულია ცხრილები, ასევე პირველადი დოკუმენტების სახით შემოსავლების მიღებასა და გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნულისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ დაქირავებული მძღოლების საშუალებით ხდებოდა ტვირთის უცხოეთში გადაზიდვა. გადამხდელის მიერ გაშიფრული საერთაშორისო გადაზიდვების რაოდენობრივი მონაცემი ემთხვევა სისტემაში დაფიქსირებულ საზღვრის კვეთების რაოდენობას, თუმცა, გადამხდელის მიერ ერთობლივ შემოსავალში სრულად არ იქნა დაფიქსირებული საერთაშორისო გადაზიდვებით მიღებული ჯამური შემოსავალი.

ამასთან, გადამხდელი ახორციელებდა ქვეყნის შიგნით ავტომობილებით სატრანსპორტო მომსახურების მიწოდებას. ადგილობრივად გაწეულ მომსახურებათა ძირითად ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მაგრამ ასევე დაფიქსირდა მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული გადაზიდვები, რაზეც მეწარმემ არ გამოწერა დოკუმენტი და არ ასახა ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, მის მიერ რეალიზებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მიღებულია ნამეტი შემოსავალი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80; 159; 172; 275;