ბრძანება N 3412
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3412
23.02.2023
შპს „--------“-ის (ს/ნ ---------)
(ფაქტ. მის.: --------)
(იურ. მის.:---------)
2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №77430/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №21- 11/114965 გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10)
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ჰქონდა №-------- წერილი, რომლითაც ითხოვდა 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტებას. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №21-11/114965 გადაწყვეტილებით გადამხდელს უარი ეთქვა 2017 წლის პერიოდზე დღგ-ის დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე, ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მათი საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ. გადამხდელის მიერ აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში.
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, თუ "------" მერია გადამხდელს შეიყვანდა შეღავათით მოსარგებლეთა სიაში, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი 2008 წლის 8 აგვისტომდე დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით. გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა ქალაქ "------" მერიის მიერ გაცემული ცნობა მისი შეღავათით მოსარგებლეთა სიაში შეყვანის თაობაზე. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად იქნა შემცირებული შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული დღგ და ასევე, სრულად იქნა შემცირებული შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვები, რომლებიც უკავშირდებოდა აღნიშნულ მშენებლობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ ეხება 2017 წელს და შესაძლებელია დღგ-ის შემცირება შესაბამისი შეღავათის გათვალისწინებით.
ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან შეუძლებელი იყო 2017 წლის დღგ-ის დეკლარაციების წარდგენა, მომჩივანმა მატერიალური ფორმით წარადგინა 2017 წლის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები მომსახურების დეპარტამენტში, სადაც დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნა გათვალისწინებული მშენებლობასთნ დაკავშირებით მიღებული საავანსო თანხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელისათვის გაუგებარია მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება, რომლითაც გადამხდელს უარი ეთქვა 2017 წლის პერიოდზე დღგ-ის დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე, ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს. გადამხდელი ითხოვს 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ,,--------“ (ს/ნ --------) 2022 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილი №------- წერილით ითხოვდა ხანდაზმული პერიოდის - 2017 წლის (იანვარი, თებერვალი, მარტი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად. ვინაიდან აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს, მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადამხდელს გაეგზავნა 2022 წლის 19 დეკემბრის №21-11/114965 გადაწყვეტილება წარდგენილი დეკლარაციების პირადი აღრიცხვის ბარათზე არასახვის შესახებ.
ამათან, საქმეზე დართული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 მარტის N7697 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები და შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც დამატებით დასარიცხმა გადასახადის თანხამ შეადგინა სულ 2239558 ლარი, კერძოდ: გადასახადი დაერიცხა 1 489 665 ლარი, ხოლო ჯარიმა - 749 893 ლარი.
შპს ,,----------“-ის (ს/ნ -------) მიერ საგადასახადო შემოწმების აქტი გასაჩივრებული იქნა როგორც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. ფინანსთა სამინისტროში დავების განხილვის თარიღამდე ცვლილება შევიდა საგადასახადი კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილში. აქედან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ, 2022 წლის 7 აპრილის №-------- გადაწყვეტილებით, შპს ,,-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი განსახილველად დააბრუნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა აღნიშნული საკითხი და მიიჩნია, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 2021 წლის 14 დეკემბრის №1082-VIმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლით სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით შეღავათით სარგებლობის საკითხი საჭიროებს დამატებით სრულყოფილ შესწავლა/გამოკვლევას. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოეთხოვა შესაბამისი ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველეყო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქალაქ "-------" მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა შპს ,,--------“ (ს/ნ -------) (საკადასტრო კოდი: --------) სსკ-ის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით განსაზღვრული შეღავათების მფლობელი ობიექტების ნუსხაში. ქ. "------"მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (წერილი N "-----------", 29.08.2022) დგინდება, რომ სსკ-ის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით განსაზღვრულ შეღავათების მფლობელ ობიექტების ნუსხაში შეყვანას დაექვემდებარა ქ. "-----" მთავარი არქიტექტორის --- წლის --- N--- ბრძანებით შეთანხმებული ობიექტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). შემცირებას დაექვემდებარა როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (ძირი და ჯარიმა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18% ბრუნვები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ამავე ნაწილით განსაზღვრული ყველა პირობა:
ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთერთ შემდეგ პირობას: (14.12.2021 N1082 გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;
ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;
გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება. ამავე მუხლის 80-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.
ამავე მუხლის მე-80 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. ხოლო 81-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
ამავე მუხლის 812 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე 2015 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა შეადგენს:
გ) 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ − 9 წელს;
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ქალაქ "------" მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად (წერილი N------, 29.08.2022), სსკ-ის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით განსაზღვრული შეღავათების მფლობელი ობიექტების ნუსხაში შეყვანას დაექვემდებარა ქ. "------" მთავარი არქიტექტორის ---- წლის ---- N--- ბრძანებით შეთანხმებული შპს ,,----------“ (ს/ნ --------) (საკადასტრო კოდი: ---------) ობიექტი, რის საფუძველზეც შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდებზე მატერიალური ფორმით წარდგენილი დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შპს „--------“-ის (ს/ნ -------) მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდებზე მატერიალური ფორმით წარდგენილი დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.