გადაწყვეტილება №22360/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 22360/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22360/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 23.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22360/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2023 წლის №081-296 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 327 654.67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 693 997

დღგ - 348 023

მოგების გადასახადი - 334 101

საშემოსავლო გადასახადი - 11 873

ჯარიმა - 347 717

საურავი - 285 940.67

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

-------, ------- შეძენილ მიწაზე კომპანიის მიერ აშენებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოიყენება სასტუმროდ ან/და დასასვენებელ სახლებად.

აუდიტის დეპარტამენტის 11.01.2023 წლის №170 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:

- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასტუმროს 24 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართები. აღნიშნული ფართების ნაწილი (სასტუმრო, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართი სულ 1 219მ2 ) 1 600 000 ლარად, 2021 წლის ივლისში მიჰყიდა ფ/პ-------, ხოლო 2022 წლის იანვარში ასევე მიჰყიდა საკონფერენციო დარბაზი (82მ2 ) 96 253 ლარად.

სარეალიზაციო ქონების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება საბაზრო ფასისგან. ფ/პ ------- წარმოადგენს, როგორც კომპანიის დირექტორს, ასევე ფ/პ ------- სრული უფლებამოსილებით აღჭურვილ მინდობილ პირს (გენერალური მინდობილობით ------- უფლებამოსილია წარადგინოს მიმნდობი ნებისმიერ საქმიან ურთიერთობებში, აწარმოოს მოლაპარაკებები, დაიცვას მისი ინტერესები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში (შსს, საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტრო, საბაჟო, მერია, შემოსავლების სამსახურში და სხვა), კომერციულ ორგანოებში, ბანკებში, სასამართლოში. დადოს ნებისმიერი სახის და შინაარსის ხელშეკრულება/გარიგება, შეიტანოს ცვლილებები, გააუქმოს, ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით). ნასყიდობის ხელშეკრულების დოკუმენტზე, როგორც მყიდველის, ასევე, გამყიდველის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ფ/პ ------- და ხელშეკრულების ორივე მხარეს აწერს ხელს. შესაბამისად, მიჩნეულია რომ გარიგების დოკუმენტი გაფორმებულია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შემოწმების შედეგად გარიგების ფასი განისაზღვრა საბაზრო ფასით. კომპანიას დაერიცხა დღგ და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- კომპანია იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები უწევს მომსახურებას. მომსახურება წარმოადგენს სასტუმროს საერთო სარგებლობის სივრცეების გამოყენებისთვის დაწესებულ ყოველთვიურ მოსაკრებელს (ობიექტის დაცვა, ლიფტით სარგებლობა, მიმღების და კიბის უჯრედის დასუფთავება და სხვა). ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ფასი განისაზღვრება მსგავსი ტიპის მომსახურებების საბაზრო ფასით. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები შემოსავალში აღრიცხულია ნაწილობრივ. შემოწმების შედეგად მომსახურების ღირებულება სრულად ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8126 ბრძანება და ამავე თარიღის №081-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანება არ გასაჩივრებულა.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 20.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლილია საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №--- - 10/05/2023 უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში. ვინაიდან, შედარების მეთოდის გამოყენებისას შესადარებელი ანალოგები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალიზებულ ქონებას, აღნიშნული დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 30.11.2023 წლის №29705 ბრძანება და ამავე თარიღის №081-296 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები არიან: 45%-იანი წილის მფლობელი ------- (პ/ნ -------, ------- (-------)), 45%-იანი წილის მფლობელი ------- (პ/ნ -------, ------- (-------)) და 10%-იანი წილის მფლობელი ------- (პ/ნ -------, ------- (-------)).

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი იმ პირთა წრე, თუ ვინ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირებს და საგადასახადო მიზნებისათვის რა შემთხვევაში მიიჩნევა გარიგება ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულად. აღნიშნული მუხლი არ შეიცავს მითითებას, მასზედ რომ გამყიდველის და მყიდველის მინდობილ პირად ერთი და იგივე პირის არსებობა ითვლება ურთიერთდამოკიდებულ პირებად. აღნიშნული არის შემმოწმებლის ინტერპრეტაცია, რაც ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს და უკანონოდ ლახავს გადამხდელის უფლებას.

უფრო მეტიც საქმე რომც ჰქონდეს ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულ გარიგებასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ არასწორად არის გამოყენებული საგადასახადო კოდექსის მე19 მუხლი, ვინაიდან ურთიერთდამოკიდებულას არ მოუხდენია გავლენა ქონების სარეალიზაციო ღირებულებაზე, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის და ამავე კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად.

კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეალიზებულია რეალური საბაზრო ღირებულებით, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით:

სასტუმროს ნომრები განთავსებულია შენობის მე-2, მე-3 და მე-4 სართულებზე. სასტუმროს ნომრებს არ აქვს ხედი და არის ნესტიანი. მესაკუთრე ქონების რეალიზაციას ცდილობდა 2018 წლიდან, რეკლამები განთავსებული ჰქონდა სხვდასხვა ყიდვა-გაყიდვის პლათფორმაზე. თავდაპირველი ფასი იყო შედარებით მაღალი თუმცა ვინაიდან ვერ გაიყიდა პერიოდულად ამცირებდა ფასს, მიუხედავად ფასდაკლებისა მისი ნაკლოვანების გამო ჭირდა რეალიზაცია. საბოლოოდ ქონება რეალიზებულია საყოველთაოდ ცნობილი პანდემიის COVID-19 -ის პერიოდში. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ მყიდველმა ქონება შეიძინა სრულად და გადაიხადა ერთიანი თანხა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გამყიდველისთვის.

წარმოადგენს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას, რომლის მიხედვით დადგენილია ქონების საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდში, რითაც დასტურდება რომ შემმოწმებლის მიერ არასწორად არის შეფასებული აღნიშნული ქონება. შემმოწმებლის მიერ არსებული შესადარებელი ქონება და რეალიზებული ქონება არ იყო იდენტური მახასიათებლებით, რამაც გამოიწვია ფასთა შორის ძალიან დიდი სხვაობა. აღიარებს, რომ ქონების რეალიზაციის პერიოდში, ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ქონება იყიდებოდა მთლიანად, მყიდველი თანხას იხდიდა ერთიანად და კომპანიას ესაჭიროებოდა ეს თანხა, განახორციელა ქონების რეალიზაცია, რისი სრული უფლებაც ჰქონდა. იმის გათვალისწინებით რომ ქონებას ჰქონდა გარკვეული ნაკლი (არ აქვს ხედები და არის ნესტიანი, რემონტი და ავეჯი სისტემატიურად განახლებას საჭიროებდა) და წლების განმავლობაში ვერ გაიყიდა, შესაძლოა მისი რეალურ საბაზრო ფასად რეალიზაცია საერთოდ ვერასოდეს ვერ მოეხდინა.

აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მოითხოვა ხელახლა, დამატებით წარედგინა ზემოაღნიშნულ ქონებაზე დასკვნა, სადაც მითითებული იქნებოდა ქონების რეალიზაციის პერიოდში არსებული საბაზრო ღირებულება და ასევე, აღნიშნული ქონება უნდა შეეფასებინა იმ სერტიფიცირებულ აუდიტორს, ვინც იქნებოდა რეგისტრირებული saras.gov.ge-ზე არსებული აუდიტორთა რეესტრში.

25.09.2023 წელს წარადგინა აუდიტორის მიერ ჩატარებული დასკვნა, თუმცა შემმოწმებლებმა არც მეორე დასკვნა გაითვალისწინა და 20.11.2023 წელს გამოსცა დასკვნა, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას და დაკისრებული ჯარიმის და საურავის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებით პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2023 წლის დასკვნით ვინაიდან, შედარების მეთოდის გამოყენებისას შესადარებელი ანალოგები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალიზებულ ქონებას, აღნიშნული დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივანი განმარტავს, რომ წარადგინა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით დადგენილია ქონების საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდში, რითაც დასტურდება რომ შემმოწმებლის მიერ არასწორად არის შეფასებული აღნიშნული ქონება. აღიარებს, რომ ქონების რეალიზაციის პერიოდში, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ქონება იყიდებოდა მთლიანად, მყიდველი თანხას იხდიდა ერთიანად და კომპანიას ესაჭიროებოდა ეს თანხა, განახორციელა ქონების რეალიზაცია, რისი სრული უფლებაც ჰქონდა. იმის გათვალისწინებით რომ ქონებას ჰქონდა გარკვეული ნაკლი (არ აქვს ხედები და არის ნესტიანი, რემონტი და ავეჯი სისტემატიურად განახლებას საჭიროებდა) და წლების განმავლობაში ვერ გაიყიდა, შესაძლოა მისი რეალურ საბაზრო ფასად რეალიზაცია საერთოდ ვერასოდეს ვერ მოეხდინა. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მოითხოვა ხელახლა, დამატებით წარედგინა ზემოაღნიშნულ ქონებაზე დასკვნა, სადაც მითითებული იქნებოდა ქონების რეალიზაციის პერიოდში არსებული საბაზრო ღირებულება და ასევე, აღნიშნული ქონება უნდა შეეფასებინა იმ სერტიფიცირებულ აუდიტორს, ვინც იქნებოდა რეგისტრირებული saras.gov.ge-ზე არსებული აუდიტორთა რეესტრში. 25.09.2023 წელს წარადგინა მეორე დასკვნა, თუმცა შემმოწმებლებმა არც აღნიშნული დასკვნა გაითვალისწინა.

საჩივარს ახლავს ------- 15.09.2023 წლის №-------15/03/2023 უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ ქალაქი -------, -------, მდებარე უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება 7.07.2021 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 807 000 ლარს (ამასთან, საბაზრო ღირებულების განსაზღვრის ცდომილება არ აღემატება 15%-ს).

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ,ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 20.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(9); 981(4); 101; 154; 159;