გადაწყვეტილება №19383/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19383/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ 10.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19383/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.06.2022 წლის №14783 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის №005-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5596 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 115 267,13 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 58 608
დღგ - 31 082
საშემოსავლო გადასახადი - 27 526
ჯარიმა - 25 735,8 საურავი - 30 923,33
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №005-276 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.06.2022 წლის №14783 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.06.2022 წლის №14783 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 23.01.2023 წლის №005-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5596 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ მცირე ზომის სურსათის მაღაზიაში. დამღუპველი და არასამართლიანია ასეთი დიდი ოდენობით გადასახადების დარიცხვა, ვინაიდან არ არსებობს რესურსი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახით. შესაძლებელია, არაკვალიფიციური ბუღალტრის გამო იყო აღრიცხვიანობა დარღვეული და იყო შეცდომებიც, თუმცა გადასახადების დამალვის მცდელობა არ ყოფილა.
2018 წელს, მართლაც, 3-5% მუშაობდა, 2019 წელს ფასნამატი დაახლოებით 5-7% ჰქონდა, თუმცა მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი, დაიწვა დიდი ოდენობის საქონელი, რის შესახებ წარმოდგენილია ცნობა პოლიციიდან. აუდიტორმა მოსთხოვა ხანძრის დამადასტურებელი ფოტოები, რომლებიც ინახება პოლიციის სამმართველოში, თუმცა ვერ მოხერხდა აღნიშნულის მოძიება და მოპოვება.
წლიური საშემოსავლო დეკლარაცია ბუღალტერმა წარადგინა ზარალით (ხანძრის გამო), ხოლო 2020 წელს საწარმოს ფასნამატი შეადგენს 10%-ს. 2021 წელს პანდემიის პირობებში რადიკალურად მოიმატა სურსათის ფასებმა, ამ გარემოებამ ასევე იმოქმედა ფასნამატზეც. უსამართლოა 2021 წელს დადგენილი ფასნამატის გავრცელება 2018-2019-2020 წლებში შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე. არსებობს მტკიცებულებები წინა წლებში ფასნამატის თაობაზე.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს, ვინაიდან საწარმოში ჰქონდა პერიოდების მიხედვით საკონტროლო შესყიდვები, სადაც გაცილებით დაბალი ფასნამატი ფიქსირდება წლების მიხედვით ვიდრე შემოწმებამ გაავრცელა იმ კონკრეტული წლის შეძენებზე, კერძოდ:
2018 წელს 2-ჯერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა ოქმი №533534, რომლის მიხედვითაც შესყიდულ პროდუქციაზე ფიქსირდება ფასნამატი 3,2% და საკონტროლო შესყიდვა ოქმი №559907, რომლის მიხედვითაც შესყიდულ პროდუქციაზე ფიქსირდება 8,1%.
2019 წელს არის ერთხელ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა ოქმი №622503, რომლის მიხედვითაცა შესყიდულ პროდუქციაზე ფიქსირდება ფასნამატი 8,1%.
2020 წელს არის ერთხელ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა ოქმი №709680, რომლის მიხედვითაც შესყიდულ პროდუქციაზე ფიქსირდება საშუალოდ 10-15%.
2021 წელს არის ორჯერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა ოქმი №737244 და ოქმი №737120 სულ შესყიდულია 7 სახეობის პროდუქტი.
უცნობია რითი იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურმა და რის მიხედვით დაყო 21 სახეობის ჯგუფად საწარმოს მიერ შესყიდული პროდუქცია და როგორ გაავრცელა ამ პროდუქციაზე ფასნამატი ჯგუფების მიხედვით.
გათვალისწინებულ უნდა იქნას წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები და უნდა შემცირდეს დარიცხული გადასახადები. ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობა, მისი და მისი ბუღალტრის არაკვალიფიციურობა, დაშვებული შეცდომები და უნდა გათავისუფლდეს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმისგან (25 735 ლარი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
შემოსავლების სამსახურის 13.06.2022 წლის №14783 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 13.06.2022 წლის ბრძანების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელს დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ მის მაღაზიაში გაჩნდა ხანძარი, დაეწვა დიდი ოდენობის საქონელი (იზარალა) ამის შესახებ წარმოდგენილი აქვს ცნობა პოლიციიდან. აუდიტორმა მოსთხოვა ხანძრის დამადასტურებელი ფოტოები, რომლებიც ინახება პოლიციის სამმართველოში, თუმცა ვერ შეძლო აღნიშნულის მოძიება და მოპოვება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან მომჩივნის მიერ არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.01.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 13.06.2022 წლის №14783 ბრძანების შესაბამისად.
მომჩივნის სხვა არგუმენტებთან და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.06.2022 წლის №14783 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიერ დავის ამ ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი გაანგარიშებები/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ ფასნამატს, უნდა გათავისუფლდეს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). გადამხდელს დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივნის მიერ დავის ამ ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი გაანგარიშებები/მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:102; 145 (6 1); 269 (7); (2021 წლამდე მოქმედი) 159; 161.