გადაწყვეტილება №24862/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24862/2/2025
16 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 5.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24862/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.11.2024 წლის №24172/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2025 წლის №056-2 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 203 769,95 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 110 236
დღგ - 1
მოგების გადასახადი - 24 694
საშემოსავლო გადასახადი - 82 052
ქონების გადასახადი - 3 489
ჯარიმა - 54 985
საურავი - 38 548,95
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის საგანია მძიმე ტექნიკით (ექსკავატორი, თვითმცლელი) მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება სალაროს ნაშთი 175 437 ლარის ოდენობით. კომპანიაში 8.02.2024 წლის №2522 ბრძანებით ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გაირკვა, რომ ნაღდი ფულის ნაშთის შეადგენს 0 ლარს. გადასახადის გადამხდელის განმარტების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა (175 437 ლარი) დაკვალიფიცირდა, დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ასევე, დივიდენდი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას 5%-იანი განაკვეთით.
კომპანიას არასწორად აქვს დეკლარირებული სახელფასო განაცემები, ასევე კომპანიას გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი აქვს თანხები, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.01.2024) უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 67 159 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში ვერ დასტურდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალობა, გადამხდელის მიერ ვერ იქნა იდენტიფიცირებული დებიტორის ვინაობა და შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული დავალიანება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმებით გამოვლენილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №056-36 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.10.2024 წლის №21617 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24172/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24172/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 30.01.2025 წლის დასკვნა. დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2025 წლის №056-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული აქტები - რომელიც შეეხება ტექნიკის სარემონტო სამუშაოებს, არ გაითვალისწინა ფულის მოძრაობის ნაწილში და არგუმენტად მითითებულია რომ: „კომპანიის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ფიზიკური პირების -------, --------) ურთიერთშედარების აქტები გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით ღირებულებით 150 000 ლარი (გადამხდელის განმარტებით მომსახურება ეხებოდა ავტომობილების რემონტს). გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით ვერ იქნა გაშიფრული რა სახის მომსახურება იქნა გაწეული, რომელი სატრანსპორტო საშუალებისთვის და რომელ პერიოდებში, შესაბამისად აღნიშნული ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება. აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას“. აღნიშნულთან დაკავშირებით - საჩივარში და საბჭოს სხდომაზე ზეპირი განხილვის დროს აღნიშნული იყო, რომ საწარმო საქმიანობს მეორადი ტექნიკით და შესამოწმებელ პერიოდში ტექნიკის რემონტის ხარჯი არ ფიქსირდებოდა, თუმცა ამის გარეშე არ არსებობს ბიზნეს პროცესი, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც სახეზე გვაქვს მეორადი და მოძველებული ტექნიკა. ამის ფონზე აუდიტორმა არ გაითვალისწინა საჩივრის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია და მოახდინა თვითნებური შეფასება თითქოსდა აღნიშნული ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ დგინდება, რაც სრული აბსურდია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 21.11.2024 წლის №24172/2/2024 წლის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 30.01.2025 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ 2021 წლის დეკემბერში საწარმოს მიერ შეძენილია თვითმცლელი, ვინ კოდი - ----------, აღნიშნულთან დაკავშირებით პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ აქვს, რადგან შეძენის მომენტში არ მომხდარა დოკუმენტით შესყიდვა. თუმცა, გადახდილია 30 000 ლარი, დანართის სახით წარმოადგენს იდენტური თვითმცლელის საბაზრო ღირებულების მტკიცებულებას. აღნიშნული ტრანსპორტის შეძენაზე გადახდილი თანხით გასათვალისწინებელია და შესამცირებელია ნაღდი ფულის ნაშთი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საწარმო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის იყენებს მეორადი ტექნიკას რაც ხშირად საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. სარემონტო სამუშაოების დანახარჯები სააღრიცხვო მონაცემებში არ არის რეგისტრირებული, თუმცა, მომსახურების გაწევის თანმდევი პროცესია და შეუძლებელია სარემონტო სამუშაოების დანახარჯების გარეშე მსგავსი სერვისის მიწოდება.
საბჭოს გადაწყვეტილების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე შემცირებული იქნა საშემოსავლო და მოგების გადასახადში დარიცხული თანხები ჯამურად 12 776 ლარის ოდენობით. კერძოდ გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა ფიზიკური პირის (--------) გაწეული თვითმცლელით შესრულებული სამუშაო, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია ნოტარიულად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული პირის მიერ მომსახურების გაწევა დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით.
ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ 2021 წლის დეკემბერში ფიქსირდება თვითმცლელის (ვინ კოდი - ----------) რეგისტრაცია, მაგრამ არ არსებობს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გადაანგარიშების ეტაპზე ხარჯებში გათვალისწინებულია იდენტური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების 75%.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომლის საფუძველზეც დასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ შპს -------- ნაცვლად ბიუჯეტში ჯარიმა-პირგასამტეხლოს თანხების გადახდა ჯამურად 15 065 ლარის ოდენობით, რომლითაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გარდა ზემოაღნიშნულისა კომპანიის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ფიზიკური პირების (--------, -------) ურთიერთშედარების აქტები გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით ღირებულებით 150 000 ლარი (გადამხდელის განმარტებით მომსახურება ეხებოდა ავტომობილების რემონტს). გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით ვერ იქნა გაშიფრული რა სახის მომსახურება იქნა გაწეული, რომელი სატრანსპორტო საშუალებისთვის და რომელ პერიოდებში, შესაბამისად აღნიშნული ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება. აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები არ იქნა მიჩნეული სარწმუნო დოკუმენტად, ვინაიდან აღნიშნული აქტები არ შეიცავდა გაშიფრულ ინფორმაციას, კერძოდ, შესრულებულ მომსახურებებს პერიოდების მიხედვით. ამასთან, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი სარწმუნო დოკუმენტური მტკიცებულებები.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 21.11.2024 წლის №24172/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.11.2024 წლის №24172/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის მიერ 2021 წლის დეკემბერში ფიქსირდება თვითმცლელის რეგისტრაცია, მაგრამ არ არსებობს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გადაანგარიშების ეტაპზე ხარჯებში გათვალისწინებულია იდენტური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების 75%.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომლის საფუძველზეც დასტურდება მუნიციპალიტეტის მიერ
შპს-ს ნაცვლად ბიუჯეტში ჯარიმა-პირგასამტეხლოს თანხების გადახდა ჯამურად 15 065 ლარის ოდენობით, რომლითაც დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გარდა ზემოაღნიშნულისა კომპანიის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა ფიზიკური პირების ურთიერთშედარების აქტები გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით ღირებულებით 150 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით ვერ იქნა გაშიფრული რა სახის მომსახურება იქნა გაწეული, რომელი სატრანსპორტო საშუალებისთვის და რომელ პერიოდებში, შესაბამისად აღნიშნული ხარჯის რეალობა და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება. აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 21.11.2024 წლის №24172/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)