გადაწყვეტილება №20475/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20475/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20475/2/2023

26 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“- 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20475/2/2023).

 

დავის საგანი:

ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №086-20 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14468 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 11 529,84 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 6314

ჯარიმა - 3157

საურავი - 2058,84

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, წყალგაყვანილობის სამუშაოს შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.06.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახდო შემოწმება, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის შემოწმების მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 23.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 19.05.2009 წელს ხოლო დღგ-ის გადამხდელად 26.01.2011 წლიდან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული დოკუმენტების მიხედვით საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 20 ლარს. საჯარო/სამეწარმეო რეესტრის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ფინანსთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სისტემაში დეკლარირებული მონაცემების შესწავლით გაირკვევა, რომ მომჩივანს, შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად (დეკლარირებული მონაცემების მიხედვით) უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება. საზოგადოების მიერ, შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი განმარტების შესაბამისად, ბუღალტრულ გატარებებში ,,საწესდებო კაპიტალის შემცირებად" აღრიცხული განაცემები განხილულ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად, რამაც შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 120 000 ლარი.

ასევე გაანგარიშდა ჩასათვლელი თანხა, რითაც შემცირდა მოგების გადასახადის ძიღითადი ნაწილი. მოგების გადასახადში დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოშობილა. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2023 წლის №086-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14468 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წელს დაიწყო საგადასახადო შემოწმება და შეამოწმეს მოგების გადასახადის ნაწილში. გადასახადის დაანგარიშების შემდეგ დაუდგინდა მოგების გადასახადი. მოგების გადასახადი გადახდილი ქონდა 2016 წლამდე და ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოხდა ისე, რომ როდესაც ხდებოდა დივიდენდის განაწილება არ ხდებოდა დადეკლარირება, რადგან ბუღალტერს ეგონა, რომ მოხდებოდა ჩათვლა ავტომატურად, რადგან მოგების გადასახადის გადახდილი თანხა იყო დაახლოებით 40000 ლარი.

აუდიტმა აღმოაჩინა აღნიშნული და ჩაეთვალა დარღვევად. მოგების გადასახადის ნაწილში მოხდა გადახდილი გადასახადის ჩათვლა, ხოლო დივიდენდის საშემოსავლოს ნაწილში დაერიცხა გადასახადი 6314 ლარი ძირი. ასევე 3157 ლარი სანქციის სახით.

გადასახადის შემცირება მოხდა შემთხვევით, რადგან ფაქტი სახეზეა, არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელები, რადგან 40 000 ლარი გადასახადი მოგების გადაიხადა. ვინაიდან 2016 წელს მოხდა ესტონურ მოდელზე გადასვლა ამან გამოიწვია ბუღალტრის დაბნეულობა, ეგონა, რომ ავტომატურად მოხდებოდა გაქვითვა გადახდილი მოგების გადასახადიდან და არ მოხდა დადეკლალირება. ახალ საგადასახადო სივრცეში გადასვლა იწვევს დაბნეულობას ხშირ შემთხვევაში. ვინაიდან ეს იყო უნებლიე შეცდომა და არა გამიზნული ქმედება ითხოვს მოეხსნას ჯარიმა ხოლო საურავს და გადასახადს 6 314 ლარს გადაიხდის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ მომჩივანს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდთან დაკავშირებით არ შეუსრულებია საგადასახადო ვალდებულებები, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია უნებლიე შეცდომით, არა გამიზნული ქმედებით, რადგან ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით დივიდენდის განაწილებისას არ ახდენდა დადეკლარირებას. ეგონა, რომ მოხდებოდა ჩათვლა ავტომატურად, რადგან მოგების გადასახადის გადახდილი თანხა იყო დაახლოებით 40 000 ლარი.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან მისთვის არის იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია უნებლიე შეცდომით ჯარიმისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულება.შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად (დეკლარირებული მონაცემების მიხედვით) კომპანიას უფიქსირდებოდა გაუნაწილებელი მოგება. შემოწმების მიმდინარეობისას, ბუღალტრულ გატარებებში „საწესდებო კაპიტალის შემცირებად“ აღრიცხული განაცემები განხილულ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად. ამასთან, შემოწმების შედეგად გაანგარიშდა ჩასათვლელი თანხა, რითაც შემცირდა მოგების გადასახადის ძირითადი ნაწილი. აღნიშნული ოპერაციის მიხედვით, მოგების გადასახადში დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ დადგინდა. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275(2);272(1);269(7);