გადაწყვეტილება №21833/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21833/2/2024
22 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------ს 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21833/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12648 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №081-175 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32409 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 272 343 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 172 590
დღგ - 131 824
საშემოსავლო გადასახადი - 40 766
ჯარიმა - 75 594
საურავი - 24 159
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3317 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არასწორად აქვს გამოქვითული ელ. ენერგიის, წყლის და იჯარის ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) 2019, 2020 და 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, ხოლო 2020, 2021 წლებზე მეწარმეს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №30385 ბრძანება და №081-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისად მომჩივანს დაერიცხა 275 359 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანება 27.06.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 7.09.2023 წლის №20091/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12648 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის დასკვნა, 18.08.2023 წლის №20532 ბრძანება და №081-175 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 689 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 21 დეკემბრის №32409 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომლის გათვალისწინებით განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება. ამასთან, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ხარჯის (მათ შორის, ელექტროენერგიის, იჯარის, გადახდილი სესხის პროცენტის ხარჯი) დოკუმენტაცია/მტკიცებულებები სრულად იქნა გათვალისწინებული, რის საფუძველზეც შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანება (საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) მომჩივნის მიერ შესაბამისი პროცედურების და ვადების დაცვით გასაჩივრებული იყო ჯერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, ხოლო შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია წარმოებაში და მისი განხილვა ჯერ-ჯერობით არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანება კანონიერ ძალაში ჯერაც არ არის შესული და აღნიშნული კანონიერ ძალაში შეუსვლელი ბრძანების აღსრულება არამართლზომიერი და არაკანონზომიერია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №081-175 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დოკუმენტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომლის გათვალისწინებით განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 689 ლარით.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ხარჯის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები სრულად იქნა გათვალისწინებული.
ამასთან, მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12648 ბრძანების აღსრულება და განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულია სასამართლოში და არ არის კანონიერ ძალაში შესული. შესაბამისად, მისი აღსრულება არამართლზომიერი და არაკანონზომიერია.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12648 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არასწორად აქვს გამოქვითული ელ. ენერგიის, წყლის და იჯარის ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, შემოწმებით დაკორექტირდა (შემცირდა) 2019, 2020 და 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები, ხოლო 2020, 2021 წლებზე მეწარმეს გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა. აღნიშნული 2023 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 ივნისის №12648 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12648 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის დასკვნა, 18.08.2023 წლის №20532 ბრძანება და №081-175 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 18 689 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(11), 304(1"გ").