გადაწყვეტილება №18896/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 18896/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18896/2/2023

10.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“-ის 16.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18896/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №999-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №18433 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1646 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9624 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 5125

ჯარიმა - 2466

საურავი - 2033

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანი სესხისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გასცემდა თანხებს პროცენტის დარიცხვით.

აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2022 წლის №18433 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 28.07.2022 საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

შემოსავლების სამსახურის სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივნის მიერ 2019, 2020 და 2021 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები წარდგენილი არ არის. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებსა და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებს. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საჯარო რეესტრში არსებული ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით. კერძოდ, შესწავლილია სესხის გაცემისა და დაბრუნების (შეწყვეტის) პერიოდები, გასესხებული და დაბრუნებული თანხების ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და გამსესხებლისა და მსესხებლის მიერ საგამოძიებო სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციები გადახდილი პროცენტების (სარგებლის) შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდში პროცენტის სახით მიღებული სარგებელი სულ შეადგენს 24 660 ლარს, საიდანაც 2019 წელს მიღებულია 10 596 ლარი, 2020 წელს - 12 131 ლარი და 2021 წელს - 1 933 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე, მე-100 და 102-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2022 წლის №21064 ბრძანება და ამავე თარიღის №999-9 საგადასახადო მოთხოვნა.

2.09.2022 წელს გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა განცხადება და ითხოვა დაკისრებული საურავის, 2 033 ლარის, ჩამოწერა. იგივე მოთხოვნით გადამხდელმა 19.12.2022 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული განცხადება (საჩივარი) მიიჩნია აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი განცხადების (საჩივრის) დაზუსტებად და 1.02.2023 წლის №1646 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2022 წლის ივნისში ფინანსურმა პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მოტივით. მომჩივნის მიმართ ჩატარდა საგადასახადო შემოწმება. თავიდანვე ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან და განმარტავს, რომ მან არ იცოდა რომ მისი ქმედება იყო დასჯადი. გადამხდელი განმარტავს, რომ მან სრულად აანაზღაურა ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი, კერძოდ გადაიხადა გადასახადი და ჯარიმა. რისთვისაც აიღო კრედიტი და აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. გადატანილი აქვს ტუბერკულიოზი, გაშორებულია მეუღლეს და კმაყოფაზე ყავს არასრულწლოვანი შვილი. საგამოძიებო სამსახურმა 17.08.2022 წელს მომჩივანთან გააფორმა განრიდება. 2.09.2022 წელს საურავის ჩამოწერასთან დაკავშირებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს თუმცა პასუხი არ მიუღია. 18.10.2022 წელს ხელმეორედ მიმართა აღნიშნულ საკითხზე თუმცა პასუხი ამ შემთხვევაშიც არ მიუღია. 28.12.2022 წელსაც მოხდა მესამედ მიმართვა ამავე საკითხით, თუმცა მომჩივნის თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერია და ვინაიდან შეასრულა განრიდებით ნაკისრი ვალდებულებები, როგორც სისხლის სამართალში ამ შემთხვევაშიც უნდა გავრცელდეს მის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები.

მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1646 ბრძანების გაუქმებას და მის ნაცვლად ახალი ბრძანების გამოცემას, რის საფუძველზეც მოხდება საურავის ჩამოწერა. იმ შემთხვევაში, ხოლო თუ არ მოხდება საურავის ჩამოწერა მზადაა გადაიხადოს 1000 ლარი 6 თვის მანძილზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლი პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული საურავისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.