ბრძანება N 22913
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 22913
06/08/2020
შპს ----------------------
(მის.: ქ. -----------------)
2020 წლის 15 თებერვლის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 22 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 15 თებერვლის №49494/1/2020 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №006-979 „საგადასახადო მოთხოვნას“, ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 ნოემბრის №006-44657 შეტყობინებას „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ და 2020 წლის 17 იანვრის №011-2020-003890 ბრძანებას „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემულ დარიცხვის ბრძანებას და საგადასახადო მოთხოვნას, ასევე, არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას და წარდგენილ საინკასო დავალებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებისათვის დასჭირდა კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი დრო, ვინაიდან ელოდებოდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოქვეყნებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას. გადამხდელი ითხოვს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ამოქმედება მოხდეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ.
გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილია 2018 წლის 28 იანვრის №17488/21, 17 თებერვლის №33808/21 და 17მარტის №59488/01 საჩივრები, რომლითაც ასევე გასაჩივრებულია ზემოხსენებული ადმინისტრაციული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით. ამასთან, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დასაბუთებულია, რომ შპს ----- ს მთელი ქონება შეძენილია ფიზიკური პირის ------- ის მიერ მოზიდული სახსრებით, რომელმაც ჯერ კიდევ 2018 წელს რამდენჯერმე მოითხოვა სასესხო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ქონების გადაცემა თანხების სანაცვლოდ, ხოლო აღნიშნული შეთანხმების განხორციელებას დე ფაქტოდ ხელი შეუშალა დამფუძნებელ ------- ს არაკანონიერმა საქმიანობამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ----- ს პარტნიორის ------- ს სარჩელი ---------- სა და შპს ----- ს მიმართ, 2017 წლის 01 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების №GEO-001, 2017 წლის 01 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების №GEO-002, 2017 წლის 22 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების №GEO-003, 2017 წლის 22 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების №GEO-004, 2017 წლის 22 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულების №GEO-005, 2017 წლის 27 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების №GEO-006 ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარსა და განცხადებებში მითითებული გარემოებები და მტკიცებულება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის შესაბამისად, დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №006-979 „საგადასახადო მოთხოვნასთან“, „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 ნოემბრის №006-44657 შეტყობინებასთან და „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2020 წლის 17 იანვრის №011-2020-003890 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის № 17726 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ---------ს საქმიანობის სრული სალიკვიდაციო საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 03 მაისიდან 2019 წლის 30 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. 2019 წლის 14 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 26 ნოემბრის №41129 ბრძანება და ამავე თარიღის №006-2979 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 124 166 ლარი, მათ შორის, გადასახადი 81 292 ლარი, ჯარიმა 40 920 ლარი და საურავი 1 954 ლარი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №41129 ბრძანება და ამავე თარიღის №006-2979 „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ავტორიზებულ ვებ-გვერდზე 2019 წლის 26 ნოემბერს, ხოლო გადამხდელი აღნიშნულ დოკუმენტებს გაეცნო 2019 წლის 02 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით ასევე დგინდება, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს გამოიცა შეტყობინება №006-44657 „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“, რომელიც გადამხდელს გაეგზავნა ავტორიზებულ ვებ-გვერდზე 2019 წლის 28 ნოემბერს. მომჩივანი შეტყობინებას გაეცნო 2019 წლის 02 დეკემბერს.
ამავე ბაზის მონაცემების მიხდვით, ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 17 იანვრის №011-2020-003890 ბრძანება „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ მომჩივანს გაეგზავნა ავტორიზებულ ვებ-გვერდზე 2020 წლის 17 იანვარს, ხოლო გადამხდელი მას გაეცნო 2020 წლის 22 იანვარს.
ამასთან, ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 19 თებერვლის №021-2020-025029 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2020 წლის 17 იანვრის №011-2020-003890 ბრძანების საფუძველზე შპს ----- ს საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები. ამდენად, აღარ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი. ხოლო ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 26 ნოემბრის №006-979 „საგადასახადო მოთხოვნის“ და „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 27 ნოემბრის №006-44657 შეტყობინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის „ე“ პუნქტის შესაბამისად უნდა დარჩეს განუხილველი, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა. ხოლო „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2020 წლის 17 იანვრის №011-2020-003890 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ----- ს საჩივარი 2019 წლის 26 ნოემბრის №006-979 „საგადასახადო მოთხოვნასთან“, „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ 2019 წლის 27 ნოემბრის №006-44657 შეტყობინებასთან და „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2020 წლის 17 იანვრის №011-2020-003890 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას და გამოყენებულ იძულებით ღონისძიებებს. ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყებას
ფაქტობრივი გარემოებები
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში გადამხდელის მიერ წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საწარმოს პარტნიორის სარჩელი ფიზიკურ პირსა და მომჩივანი საწარმოს მიმართ დადებული სესხის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის განახლების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ასევე დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის შემოწმება. შედგა შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით დამატებით განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა. გამოიცა ანალიტიკური დეპარტამენტის ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ბრძნება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენაზე ამდენად, აღარ არსებობს გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარსა და განცხადებებში მითითებული გარემოებები და მტკიცებულება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც სსკ-ს 299-ე მუხლის შესაბამისად, დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა. ხოლო „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა სსკ-ს 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(2); 299(6); 299(7); 301,,დ“)