გადაწყვეტილება №27940/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 16.09.2026
№ დოკუმენტი 27940/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№27940/2/2026

16 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“- ის 10.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27940/2/2026).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად მიჩნევა და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრა.

 

დარიცხული თანხა: 299 753.76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 147 884

დღგ - 23 800.89

მოგების გადასახადი - 124 083.11

ჯარიმა - 129 047.40

საურავი - 22 822.36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა ალკოჰოლური სასმლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2025 წლის №24744 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 1.01.2023-1.10.2025 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 17.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 23.03.2026 წლის №6190 ბრძანება და ამავე თარიღის №081-49 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.05.2026 წლის №11421 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 13.08.2026 წლის №------- წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11421 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ამავე დღეს და ვინაიდან, გაცნობა გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა, განხორციელდა აღნიშნული ბრძანების შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გავრცელება 25.06.2026 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11421 ბრძანება ჩაბარებულად ჩაითვალა 15.07.2026 წელს. ამასთან, მომჩივანი შემოსავლების სამსახურის ბრძანებას გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაეცნო 21.07.2026 წელს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო აქტი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს ითვლება ჩაბარებულად, ხოლო პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს და არა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის დღიდან.

ამგვარად, ვინაიდან სადავო აქტი ჩაბარებულად ჩაითვალა 15.07.2026 წელს, გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 4.08.2026 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 10.08.2026 წელს.

გადასახადის გადამხდელი გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს არგუმენტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11421 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის რეალიზებულად მიჩნევა და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა ალკოჰოლური სასმლით ვაჭრობა. ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 1.01.2023-1.10.2025 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 23.03.2026 წლის №6190 ბრძანება და ამავე თარიღის №081-49 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.05.2026 წლის №11421 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ე).