გადაწყვეტილბა №21146/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21146/2/2023
06 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------ი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 24.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21146/2/2023).
დავის საგანი:
1. კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობის ოდენობა;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №002-234 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14458 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 285 784.58 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 150 333
დღგ - 87 626
მოგების გადასახადი - 2 026
საშემოსავლო გადასახადი - 60 681
ჯარიმა - 81 255
საურავი - 54 196.58
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების გაწევა, უპირატესად სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით (ავარიული საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების გამაგრებითი სამუშაოები).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32016 ბრძანება და ამავე თარიღის №002-234 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 20.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.06.2023 წლის №14458 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:
4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
10. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 26.10.2023 წლის №108552-21-04 წერილით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14458 ბრძანება მომჩივანს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა 23.06.2023 წელს, რომელსაც ადრესატი განთავსებიდან 30 დღის ვადაში არ გაცნობია. შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ოფიციალურ ვებგვერდზე 11.08.2023 წელს განახორციელა 23.06.2023 წლის №14458 ბრძანების საჯაროდ გავრცელება, რომელიც ჩაბარებულად ჩაითვალა 31.08.2023 წელს. ამასთან, მომჩივანი ამავე ბრძანებას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 4.10.2023 წელს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14458 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 20.09.2023 წელი, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 24.10.2023 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის ბრძანებას გაეცნო 4 ოქტომბერს. შემოსავლების სამსახურმა დავალიანება ჩაუთვალა აღიარებულად, ვინაიდან გასაჩივრების ვადები იყო ამოწურული. მომჩივანი განმარტავს, რომ არ დასწრებია საჩივრის განხილვას, ვინაიდან არ ჰქონდა ინფორმაცია მიღებული საჩივრის განხილვაზე, ასევე, არ მიუღია არანაირი შეტყობინება განცხადების გამოქვეყნების თაობაზე, შესაბამისად დაირღვა გასაჩივრების ვადა. ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, აღუდგეს გასაჩივრების ვადა შეტყობინების გაცნობის თარიღიდან - 4.10.2023 წლიდან.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას, რაც დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობის ოდენობა;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32016 ბრძანება და ამავე თარიღის №002-234 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 20.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.06.2023 წლის №14458 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 („ე“) ;