ბრძანება N 18665

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.08.2025
№ დოკუმენტი 18665
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18665

20 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------------ის (ს/ნ --------------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------------;

იურ. მის.: ----------------------------------)

2025 წლის 29 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ი/მ ---------------ის (ს/ნ --------------------) 2025 წლის 29 ივლისის №97203/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №021-53 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშზე მეგობრებისგან პერიოდულად ერიცხებოდა თანხები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. ამასთან, განმარტავს, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა ხანდაზმულ პერიოდზე (2021 წელი) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებში გათვალისწინება. ითხოვს დარიცხული თანხებისა და საურავის შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---------------ის (ს/ნ --------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა 2024 წლის 2 მაისის №10431 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14297 ბრძანება და ამავე თარიღის №021- 53 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 118 374 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 447 ლარი, ჯარიმა 34 073 ლარი, საურავი 12 854 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ფარგლებში შემსყიდველებისთვის მომსახურების გაწევა, კერძოდ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების გაყვანა, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში მათი ვაქცინაცია და კასტრაცია. ასევე, მეწარმე სხვადასხვა პირებს უწევს ვიდეო გადაღებისა და საკურიერო მომსახურებებს. მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10431 ბრძანების საფუძველზე მეწარმესთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის მარტის, 2023 წლის მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები გათვალისწინებულია მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (საბანკო ამონაწერებით) და ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ანალიზით, დადგინა რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიცილაპიტეტისათვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, ამასთან, საბანკო ამონაწერით ფიქსირდება მეწარმესთან თანხების ჩარიცხვა, რომელთან დაკავშირებით გადამხდელს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად, არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. მეწარმის მიერ წარმოდგენილია, როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ასევე ფიზიკური პირის ანგარიშები, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან თანხების ჩარიცხვები, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია „მომსახურების საფასური“, „ვიდეოგადაღების საფასური“ და ა.შ. აღნიშნული ჩარიცხვები გადამხდელს არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა მეწარმის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160- ე მუხლის საფუძველზე, დარიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 მაისის №10431 ბრძანების საფუძველზე მეწარმესთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება, რომლის შესაბამისად დადგენილი მონაცემები გათვალისწინებულია მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას. ამასთან, მეწარმის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ინდივიდუალური მეწარმის, ასევე ფიზიკური პირის ანგარიშების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან თანხების ჩარიცხვები, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია „მომსახურების საფასური“, „ვიდეოგადაღების საფასური“ და ა.შ. აღნიშნული თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით გადამხდელს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, შემოწმების მიერ ხანდაზმულ პერიოდზე (2021 წელი) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის თებერვლის დეკლარაცია დააზუსტა 2024 წლის მაისის თვეში, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, გაიზარდა საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს ჰქონდა უფლება შეემოწმებინა 2021 წლის საანგარიშო პერიოდი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება თანხების ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, რომელთან დაკავშირებითაც მეწარმეს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაში, ასევე, არ დასტურდება აღნიშნული თანხების პირადი მიზნებისთვის ჩარიცხვა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---------------ის (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7828 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა №10431 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14297 ბრძანება და №021- 53 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 118 374 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 447 ლარი, ჯარიმა 34 073 ლარი, საურავი 12 854 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10431 ბრძანების საფუძველზე მეწარმესთან ჩატარდა საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის მარტის, 2023 წლის მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემები გათვალისწინებულია მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (საბანკო ამონაწერებით) და ასევე, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ანალიზით, დადგინა რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფო მუნიცილაპიტეტისათვის გაწეული აქვს მომსახურება, რომელზეც არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, ამასთან, საბანკო ამონაწერით ფიქსირდება მეწარმესთან თანხების ჩარიცხვა, რომელთან დაკავშირებით გადამხდელს არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შესაბამისად, არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. მეწარმის მიერ წარმოდგენილია, როგორც ინდივიდუალური მეწარმის, ასევე ფიზიკური პირის ანგარიშები, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან თანხების ჩარიცხვები, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია „მომსახურების საფასური“, „ვიდეოგადაღების საფასური“ და ა.შ. აღნიშნული ჩარიცხვები გადამხდელს არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას. შესაბამისად, შემოწმების მიერ გაიზარდა მეწარმის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160- ე მუხლის საფუძველზე, დარიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“ ); 163(პირველი და მე-2); 164(1); 168(1);