ბრძანება N 18751

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 14.08.2024
№ დოკუმენტი 18751
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 18751

14 აგვისტო 2024

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.: „-------“)

2024 წლის 24 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) №90963/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის ID: "-------" შესაგებელთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე და ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №21727/2/2023 გადაწყვეტილებით აღდგენილი ზედმეტობა იქნას გათვალისწინებული 2023 წლის 7 ივნისს საწარმოს მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციიდან გადასახდელ დღგ-ის თანხაში, ხოლო იმავე ოპერაციაზე საწარმოს მიერ 2023 წლის 26 ივნისს გადახდილი და ამჟამად გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტობა დაუბრუნდეს საწარმოს მისი მოთხოვნის შესაბამისად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“ ) მიერ 2024 წლის 8 ივლისს წარდგენილი გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის (ID: "-------" ) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის 2023 წლის 26 ივნისს გადახდილი თანხა.

გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის მე-135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ზედმეტობა წარმოშობილი იყო ხანდაზმულ პერიოდში.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით დადგენილია ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურები და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა.

ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება:

ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას).

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ: გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ზედმეტობა 2023 წლის ივნისშია წარმოშობილი და არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდში წარმოქმნილ ზედმეტობას. განმარტავს, რომ 2023 წლის 7 ივნისს კომპანიამ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალება, ტრაქტორი. საწარმო კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის არ ქონის გამო ვერ ახერხებდა საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერას, ხოლო შემოსავლების სამსახურმა განხორციელებული ოპერაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დღგ-ის გადახდამდე მას კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი არ მიანიჭა. განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულებისას გაირკვა, რომ 2023 წლის 9 იანვარს ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გპაბ-ზე დარიცხული ზედმეტობის ჩამოწერა. ამის გამო, საწარმომ ქონების მიწოდებაზე გადაიხადა სრულად მიღებული თანხის 18%. გადამხდელმა 2023 წლის 9 იანვარს ავტომატურ რეჟიმში გპაბ-ზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 27 მაისის №21727/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა 31.12.2022 წლის მდგომარეობით საწარმოს გპაბ-ზე აღედგინა ამავე თარიღისთვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №21727/2/2023 გადაწყვეტილებით აღდგენილი ზედმეტობა იქნას გათვალისწინებული 2023 წლის 7 ივნისს საწარმოს მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციიდან გადასახდელ დღგ-ის თანხაში, ხოლო იმავე ოპერაციაზე საწარმოს მიერ 2023 წლის 26 ივნისს გადახდილი და ამჟამად გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტობა დაუბრუნდეს საწარმოს მისი მოთხოვნის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №21727/2/2023 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად:

„შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია). გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 31.12.2022 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 8,724.00 ლარი, რაც წარმოშობილია დღგ-ის 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით. მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2020 წლიდან 01.01.2023 წლამდე პერიოდში არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებისთვის, აღნიშნულ ზედმეტად გადახდილ თანხაზე 1.01.2023 წლის მდგომარეობით გასული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა და აგრეთვე, გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა უფიქსირდებოდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია (მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია)).

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, საკითხის განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის 9.01.2023 წელს ავტომატურად გაუქმების აუცილებელი და საკმარისი პირობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ოპერაციის გატარების გზით 31.12.2022 წლის მდგომარეობით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგენილი უნდა იქნას ამავე თარიღისთვის არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის ნაშთი.“

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება ზედმეტობა 8 811.10 ლარი, ხოლო გადასახადის გადამხდელი ითხოვს თანხის დაბრუნებას აღნიშნული ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საბჭოს 2024 წლის 27 მაისის №21727/2/2023 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა დაუსაბუთებელია და არ იკვეთება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „-------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ შესაგებელს უარის თქმის თაობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადამხდელის განმარტებით, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი არის 2023 წლის 26 ივნისს გადახდილი თანხა.გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის მე-135 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი ზედმეტობა წარმოშობილი იყო ხანდაზმულ პერიოდში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

63,65.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავი.