ბრძანება N 25564

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2025
№ დოკუმენტი 25564
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25564

20 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 4 აგვისტოს და 3 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის და 13 ნოემბრის სხდომებზე (ოქმები №81; №94) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ---------) 2025 წლის 4 აგვისტოს №123166/21 და 3 ოქტომბრის №98223/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №081-175 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება, არ მომხდარა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების და წარდგენილი მასალების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა. აცხადებს, რომ შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კალკულაციები), რომლის მიხედვით სრულყოფილად არის გაკეთებული კერძის მისაღებად რეალური ნედლეულის ინგრედიენტების წონები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონკრეტული კერძის გასამზადებლად გამოყენებული ნედლი ინგრედიენტების წონა განსხვავდება უკვე დასრულებულ მზა კერძში არსებული იმავე ინგრედიენტის წონისგან, შესაბამისად, განახლებულ კალკულაციაში ინგრედიენტების წონები ამა თუ იმ კერძებისთვის წარმოდგენილია უფრო გაზრდილი წონებით და ყველა დანაკარგი, რომელსაც გადის ნედლეული მზა კერძში არსებულ წონამდე მისასვლელად არის გათვალისწინებული ახალ კალკულაციაში. აღნიშნულ კალკულაციაში ასევე არ არის შეყვანილი კერძების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის პროდუქტების წილი, მაგალითად, ნიორის, ყველის და სხვადასხვა ცომეული კერძების შესახებ ინფორმაცია. აგრეთვე, ცომეული კერძების გამოყოფა კალკულაციაში და მათთვის განცალკევებით კალკულაციების მიყენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ ცომეულ კერძებზე გავრცელებულ იქნება ახალი კალკულაციით განსაზღვრული შესაბამისი ფასნამატი.

ასევე აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა 2025 წლის 4 თებერვლის და 4 მარტის განაცხადი ვადაგასულ ან/და უვარგის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტის დადასტურების შესახებ, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურდა ადგილზე გასვლით და მის გარეშეც. მოცემულ შემთხვევაში შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა 2025 წელს განხორციელებული ჩამოწერების ანალიზით და აღნიშნული უნდა გაევრცელებინა განვლილ/შესამოწმებელ პერიოდზეც.

გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ საწარმომ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და დანიშნულ იქნა ექსპერტიზა მზა კერძების კალკულაციებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც შედგენილი დასკვნები წარმოდგენილია დაზუსტებული საჩივრით და აღნიშნული დასკვნები შემოწმების მიერ უნდა იქნა მიჩნეული სარწმუნოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 თებერვლის №3208 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კალკულაციები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 24 თებერვლის №3208 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 27 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 ივლისის №081-175 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია სარესტორნო საქმიანობა, კერძოდ, გადამხდელი ახორციელებს მზა საკვების მიწოდებას მომხმარებლებისათვის განსაზღვრული ოდენობებით. შემოწმებით დადგენილია თითოეული ულუფის ღირებულება, ხოლო თვითღირებულებების განსაზღვრა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კერძების რეცეპტების შესაბამისად. აღნიშნული რეცეპტები შემოწმების ეტაპზე გავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ უშუალოდ კერძის მწარმოებლებთან (მზარეულებთან) და თავის მხრივ, აღნიშნული რეცეპტების საფუძველზე შედგენილი გაანგარიშებები მოწოდებულია შემოწმებისათვის, რაც გადამხდელთან ერთად შესწავლილია შემოწმების მიერ. აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმების ეტაპზე გადამხდელთან ერთად დადგენილია თითოეულ კერძის საწარმოებლად საჭირო ნედლეული და მათი რაოდენობები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად შემოწმებისათვის დამატებით წარმოდგენილია საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის თანახმად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შეცვლილია (გაზრდილია) შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი კერძების რეცეპტებში მითითებული ინგრედიენტების რაოდენობები. ამასთან, წარმოდგენილ გაანგარიშებას არ გააჩნია სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შემოწმებისათვის შესაძლებელი გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად, შემოწმებისათვის დამატებით წარდგენილია საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის თანახმად გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ შეცვლილია (გაზრდილია) შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი კერძების რეცეპტებში მითითებული ინგრედიენტების რაოდენობები. ამასთან, წარმოდგენილ გაანგარიშებას არ გააჩნია სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები შედგენილია შემოწმების დასრულების შემდგომ ეტაპზე გადასახადის გადამხდელის დაკვეთით. ასევე დასკვნებში მითითებულია, რომ ექსპერტები დააკვირდნენ ქ. -------ში განთავსებულ რესტორან ------- ექსპერტიზის დანიშვნის განცხადებაში მითითებული კერძების მომზადების პროცესს. ინსპექტირების პერიოდში კერძები მომზადდა დამკვეთის (წარმომადგენლის) მიერ, ინგრედიენტების შერჩევა, რაოდენობ(ებ)ის განსაზღვრა და გამოყენების თანმიმდევრობა თავად დამკვეთმა (წარმომდგენელმა) განსაზღვრა. თავდაპირველად ექსპერტიზაზე ელექტრო სასწორის გამოყენებით აწონილი იქნა ექსპერტიზაზე წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული პროდუქტები, რის შემდეგაც განხორციელდა დამკვეთის მიერ სხვადასხვა დასახელების კერძების მომზადება (საწყისი ინგრედიენტებით მომზადდა რამდენიმე პორცია, თითოეული კერძის ინგრედიენტების რაოდენობა განისაზღვრა მომზადებული კერძების პორციების რაოდენობის პროპორციულად).

აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნებით წარმოდგენილია კერძების მომზადების ფოტო ილუსტრაცია. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა დასკვნებში გამოყენებული ნედლეულის რაოდენობები და ფოტო მასალა, თუმცა აღნიშნულის მიხედვით, ექსპერტიზით მიღებული მზა პროდუქციის მოცულობის ცალსახად შედარება შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ მზა პროდუქციის მოცულობასთან ვერ გახდა შესაძლებელი. შედეგად, შემოწმების მიერ, ფოტომასალის საფუძველზე ვერ გახდა შესაძლებელი ზუსტი დასკვნის გაკეთება, თუ რა მოცულობის და რაოდენობის შეიძლება ყოფილიყო შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული მზა პროდუქცია და არის თუ არა მისი მოცულობა ექსპერტიზით მიღებული მზა პროდუქციის იდენტური.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას და სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანია სარესტორნო საქმიანობა, კერძოდ, გადამხდელი ახორციელებს მზა საკვების მიწოდებას მომხმარებლებისათვის განსაზღვრული ოდენობებით. შემოწმებით დადგენილია თითოეული ულუფის ღირებულება, ხოლო თვითღირებულებების განსაზღვრა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კერძების რეცეპტების შესაბამისად. აღნიშნული რეცეპტები შემოწმების ეტაპზე გავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ უშუალოდ კერძის მწარმოებლებთან (მზარეულებთან) და თავის მხრივ, აღნიშნული რეცეპტების საფუძველზე შედგენილი გაანგარიშებები მოწოდებულია შემოწმებისათვის, რაც გადამხდელთან ერთად შესწავლილია შემოწმების მიერ. აღნიშნულის საფუძველზე, შემოწმების ეტაპზე გადამხდელთან ერთად დადგენილია თითოეულ კერძის საწარმოებლად საჭირო ნედლეული და მათი რაოდენობები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების თანახმად შემოწმებისათვის დამატებით წარმოდგენილია საჩივარში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის თანახმად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შეცვლილია (გაზრდილია) შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი კერძების რეცეპტებში მითითებული ინგრედიენტების რაოდენობები. ამასთან, წარმოდგენილ გაანგარიშებას არ გააჩნია სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შემოწმებისათვის შესაძლებელი გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)