ბრძანება N 17023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17023
25/06/2020
შპს -----
(მის: -------)
2020 წლის 20 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 20 იანვრის 48776/1/2020 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის N094-265 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი N33).
საჩივარში აღნიშნული გარემოებები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დასაკუთრებული ქონების საინვესტიციო ქონებად განხილვას და ქონების გადასახადით დაბეგვრას.
გადამხდელის განმარტებით, კომპანიას გააჩნია 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში, რომლის მიხედვით, დასაკუთრებული ქონება არ ჩაითვალა საინვესტიციო ქონებად და შესაბამისად, არ დაიბეგრა ქონების გადასახადით. მომჩივანი მიიჩნევს, რომ აუდიტორის მიერ, ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიუხედავად დასაკუთრებული ქონებისათვის კვალიფიკაციის შეცვლა იყო არასწორი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 11 აპრილის N10710 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 27 დეკემბერს გამოსცა N46822 ბრძანება და ამავე თარიღის N094-265 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელი თანხა შეუმცირდა სულ 10435.66 ლარით;მათ შორის გადასახადი შეუმცირდა 11254 ლარით; დაერიცხა: ჯარიმა 800 ლარი და საურავი 18.34 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო დასაკუთრებულ ქონებას, არ განიხილავს ქონების გადასახით დაბეგვრის ობიექტად. შემოწმებით დასაკუთრებული ქონება მიჩნეული იქნა ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების ზრდის მიზნით, დაექვემდებარა საინვესტიციო ქონებად აღიარებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩართული იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ამასთან, ქონების გადასახადის გაანგარიშებისთვის, შემოწმების მიერ სხვადასხვა ვებ გვერდებზე ( --------- ) არსებული ინფორმაციის შედეგად განისაზღვრა ხსენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია არის მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, მატერიალური აქტივი არის აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი არამატერიალური აქტივი არის ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახამად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა: ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. საინვესტიციო ქონება აქტივად უნდა აღიარდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც: ა) მოსალოდნელია, რომ საწარმო მიიღებს ამ ქონებასთან დაკავშირებულ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს; ბ) შესაძლებელია საინვესტიციო ქონების თვითღირებულების საიმედოდ შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2020 წლის 20 იანვრის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დასაკუთრებული ქონების საინვესტიციო ქონებად განხილვას და ქონების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საწარმო დასაკუთრებულ ქონებას, არ განიხილავს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. შემოწმებით დასაკუთრებული ქონება მიჩნეული იქნა ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების ზრდის მიზნით, დაექვემდებარა საინვესტიციო ქონებად აღიარებას და სსკ-ს 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ჩართული იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. ამასთან, ქონების გადასახადის გაანგარიშებისთვის, შემოწმების მიერ განისაზღვრა ხსენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება. გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, დაერიცხა ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა“)
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40