ბრძანება N 4788

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.03.2023
№ დოკუმენტი 4788
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4788

14.03.2023

შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------------------;

იურ. მის.: -------------------------------------)

2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) 2023 წლის 2 თებერვლის №78794/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-305 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18046 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის ---- იანვრიდან 2022 წლის ---- მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32814 ბრძანება და ამავე თარიღის №081-305 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 386 202 ლარი, მათ შორის, გადასახადი 194 236 ლარი, ჯარიმა 97 227 ლარი, საურავი 94 739 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

• შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების მშენებლობა. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით გადამხდელის მიერ სამშენებლო საქმიანობები განხორციელებულია აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ მიწის ნაკვეთზე ქალაქ --------------------------------ში (ს/კ ---------------------). შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია, კომერციული და საცხოვრებელი ფართების რეგისტრაციის მიზნით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამავდროულად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან. ასევე, გაანალიზდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა ორისი.

შემოწმების მიერ გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სრულად აქვს გადახდილი ქონების ღირებულება და ამავდროულად, საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს ავანსის სახით მიღებული აქვს შემოსავალი უძრავი ქონების მიწოდებამდე. გადამხდელის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ბინების რეალიზაციაზე გადამხდელის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული სარეალიზაციო ღირებულებების და საბანკო ანგარიშებზე ავანსის სახით ჩარიცხული თანხების მიხედვით. შემოწმებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, შპს -------- მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული უძრავი ქონების ღირებულებები და ასევე უძრავი ქონების მიწოდებამდე მიღებული ავანსის თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

• გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, შემოსავლებისა სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სამშენებლო სამუშაოები --------ში დასრულებულია 2018 წელს. შესამოწმებელ პერიოდში, 2019-2020 წლებში, გადასახადის გადამხდელს შეძენილი და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე მიტანილი აქვს სამშენებლო მასალები, ძირითადად ბეტონი და არმატურა. ამავდროულად, შემოწმებით ვერ დადგინდა აღნიშნული სამშენებლო მასალების მშენებლობაში გამოყენების ფაქტი.

შემოწმებით შპს „---- -----ის“ მიერ შეძენილი და მარაგებიდან ჩამოწერილი სამშენებლო მასალები შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად და 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა დაბეგვრას თვითღირებულებას დამატებული 10% ფასნამატით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

• შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის -- ივნისს ჩატარებულია ინვენტარიზაცია სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ, რა დროსაც სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დაფიქსირდა 0 ლარი. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დროისთვის სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფული 1 668 ლარი. აღნიშნულის შედეგად, შემოწმებით გამოვლენილი სხვაობები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდებში გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. პირს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი,21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.