გადაწყვეტილება №26339/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26339/2/2025
09 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 16.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26339/2/2025).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 184 152,18 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 92 096
დღგ - 63 620
მოგების გადასახადი - 26 954
საშემოსავლო გადასახადი - 1 522
ჯარიმა - 46 950
საურავი - 45 106,18
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-732 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.06.2024 წლის №6303 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება. აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-732 და 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №006-732 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე და 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) მიმართ შედგენილი 18.06.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, მის საფუძველზე გამოცემული 24.06.2024 წლის №14692 ბრძანება და 25.06.2024 წლის №006-329 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე გაიგზავნა 25.06.2024 წელს, თუმცა გადასახადის გადამხდელი ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია (გაეცნო 2024 წლის 29 ოქტომბერს). შედეგად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 30.07.2024 წლის განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 19.08.2024 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 20.10.2025 წელს. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს სადავო აქტების გასაჩივრების ვადის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ საწარმოს დირექტორი ---- გარდაიცვალა გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდში, კერძოდ, 31.07.2023 წელს, შესაბამისად, მისი გარდაცვალების დღიდან საწარმოს არ ჰყავდა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით შეეძლო წარმოედგინა და დაეცვა საწარმოს ინტერესები. აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2023 წლის №28029 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 25.12.2023 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 27.12.2023 წლის №33372 ბრძანება და ამავე თარიღის №006-732 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 184 152 ლარი, მათ შორის, გადასახადი 92 096 ლარი, ჯარიმა 46 950 ლარი, საურავი 45 106 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „---“-ის (ს/ნ ---) დირექტორი --- (პ/ნ ---) გარდაიცვალა 31.07.2023 წელს. 24.10.2023 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და საწარმოს დირექტორებად დანიშნულ იქნა ფ/პ --- და ფ/პ ---. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „----ს (ს/ნ ---) საგადასახადო შემოწმების, მათ შორის შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პერიოდში, საწარმოს ჰყავდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირები, რომელთაც შეეძლოთ კანონით დადგენილი წესით წარმოედგინათ და დაეცვათ საწარმოს ინტერესები.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „---“-ის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. კომპანიის დირექტორი - წარმომადგენლობითი და უფლებამოსილი პირი --- (პ/ნ ---) გარდაიცვალა გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდში კერძოდ 2023 წლის 31 ივლისს, შესაბამისად მისი გარდაცვალების დღიდან მეწარმე სუბიექტს არ ჰყავდა ის წარმომადგენლობითი და უფლებამოსილი პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით შეეძლო წარედგინა საზოგადოება და დაეცვა მეწარმე სუბიექტის ინტერესები. კომპანიის დირექტორის გარდაცვალების ფაქტის გამო აუდიტის დეპარტამენტმა არა თუ შეაჩერა გასვლითი საგადასახადო შემოწმება, არამედ 2023 წლის 27 დეკემბერს, მაშინ, როდესაც კომპანიას არ ჰყავდა დირექტორი 2023 წლის 25 დეკემბერს ბატონი ---ის გარდაცვალებიდან 5 თვეში, შედგა გასვლითი შემოწმების აქტი. აღნიშნული აქტის საფუძველზე 2023 წლის 27 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №33372 ბრძანება, რომლის თანახმად კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა თანხების გადახდა და 2023 წლის 27 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №33372 ბრძანება, მიუხედავად შემოწმების კანონშეუსაბამო განხორციელებაზე პრეტენზიების არსებობისა, იმავე 2023 წლის 25 დეკემბრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე კიდევ ერთხელ გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14692 ბრძანება და 25 ივნისის №006-329 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებებით უპირობოდ არის დადგენილი, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გასვლითი საგადასახადო შემოწმება განხორციელდა კომპანიის წარმომადგენელის მონაწილეობის გარეშე, რომელმაც დირექტორის გარდაცვალების ფაქტიდან გამომდინარე ვერ განახორციელა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის და 2023 წლის 27 დეკემბრის №33372 ბრძანების კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლების რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14692 ბრძანების და 2024 წლის 25 ივნისის №006- 329 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ წარმოებას, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელდა სხვა თანმდევი კანონშეუსაბამო აქტების გამოცემა და იძულების წესით მეწარმე სუბიექტის აქტივებიდან თანხების ამოღება. კომპანიის შედარების აქტით 29.01.2025 წლის მდგომარეობით ფიქსირდება სულ ჯამში ძირი 7 984 ლარი, ჯარიმა 139 040 ლარი და საურავი 45 766,52 ლარი დავალიანება, რასაც კანონისმიერი საფუძველი არ გააჩნია. მხედველობაში მისაღებია სასამართლოს მიდგომები დავაში მონაწილე გარდაცვლილი პირის უფლებების დაცვის მიზნით, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით ერთის მხრივ დადგენილია ---ს გარდაცვალების ფაქტი და აღნიშნული გამო სასამართლომ კანონით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (279.მ) დადგენილი მოთხოვნის იმპერატივით 8 თვის ვადით 2025 წლის 18 მაისამდე შეაჩერა საქმის წარმოება, რათა შეძლებოდა კომპანიისათვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია და გაესაჩივრებინა სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონშესაბამისობა, განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა შპს „---“-ის დირექტორის გარდაცვალებითა და კომპანიის წარმომადგენელი და უფლებამოსილი პირის გარეშე გასვლითი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების უფლების აღდგენის მიზნით საპატიოდ ჩათვლილიყო გაცდენილი დრო და აღედგინათ მეწარმე სუბიექტისათვის კანონით მინიჭებული გასაჩივრების ვადა.
შემოსავლების სამსახურმა 19.11.2025 წლის №25361 ბრძანებაში იმ საფუძვლის მითითებით, რომ გასაჩივრების ვადა იქნა გაშვებული განცხადება განუხილველად დატოვა, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ იგნორირება გაუკეთა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნას და სრულყოფილად არ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი მხარე და მიიღო ისეთი კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, რითაც კომპანიის შემოწმებისას მისივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომები დამალა და კომპანიას მოუსპო კანონით მინიჭებული გასაჩივრების უფლება. ბათილად უნდა იქნას ცნობილი/გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 ნოემბრის №25361 ბრძანება. საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს მოთხოვნა და აღდგეს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების უფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2025 წლის №115477-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული 24.06.2024 წლის №14692 ბრძანება და 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე 30.07.2024 წელს.
ამასთან, აღნიშნული დოკუმენტების გაცნობა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ფიქსირდება 29.10.2024 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარებულად ითვლება 19.08.2024 წელს, ხოლო მისი გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 18.09.2024 წელს. ხოლო, საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 20.10.2025 წელს (№164727/01), მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორი - წარმომადგენლობითი და უფლებამოსილი პირი --- (პ/ნ ---) გარდაიცვალა გასვლითი საგადასახადო შემოწმების პერიოდში კერძოდ 2023 წლის 31 ივლისს, შესაბამისად მისი გარდაცვალების დღიდან მეწარმე სუბიექტს არ ჰყავდა ის წარმომადგენლობითი და უფლებამოსილი პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით შეეძლო წარედგინა საზოგადოება და დაეცვა მეწარმე სუბიექტის ინტერესები. მიუხედავად შემოწმების კანონშეუსაბამო განხორციელებაზე პრეტენზიების არსებობისა, იმავე 2023 წლის 25 დეკემბრის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე კიდევ ერთხელ გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14692 ბრძანება და №006-329 საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №14692 ბრძანების და 2024 წლის 25 ივნისის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ წარმოებას, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელდა სხვა თანმდევი კანონშეუსაბამო აქტების გამოცემა და იძულების წესით მეწარმე სუბიექტის აქტივებიდან თანხების ამოღება. მხედველობაში მისაღებია სასამართლოს მიდგომები დავაში მონაწილე გარდაცვლილი პირის უფლებების დაცვის მიზნით, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით ერთის მხრივ დადგენილია ---ს გარდაცვალების ფაქტი და აღნიშნული გამო სასამართლომ კანონით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (279.მ) დადგენილი მოთხოვნის იმპერატივით 8 თვის ვადით 2025 წლის 18 მაისამდე შეაჩერა საქმისწარმოება, რათა შეძლებოდა კომპანიისათვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია და გაესაჩივრებინა სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონშესაბამისობა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ შესწავლილი და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები, კერძოდ 24.10.2023 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და საწარმოს დირექტორებად დანიშნულ იქნა ფ/პ ---და ფ/პ ---. აღნიშნულის შემდეგ, 6.03.2024 წელს, შემოსავლების სამსახურში წარდგენილია შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი, რაც შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6303 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნა, 24.06.2024 წლის №14692 ბრძანება და 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნა, რომელზეც მომჩივანი მიუთითებს, რომ ვერ გასაჩივრდა 31.07.2023 წელს საწარმოს დირექტორის გარდაცვალების გამო, კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის არარსებობის გამო, გამოცემულია აღნიშნული საჩივრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (შემოსავლების სამსახურის 22.03.2024 წლის №6303 ბრძანების) საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არ დასტურდება, რომ საჩივრის წარდგენის ვადის განმავლობაში არსებობდა ისეთი გარემოება, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის №006-732 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25361 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (10;11); 299; 301 (ე).