ბრძანება N 6426

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.03.2024
№ დოკუმენტი 6426
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6426

25 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --- ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 14 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ---) №88468/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის №006-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: 1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის, ფასნამატის გამოყენებით, განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე აცხადებს, რომ თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით დარიცხული გადასახადი შეადგენდა 101 653 ლარს, ხოლო კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი შეადგენს 108 818 ლარს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის №1350 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ --- ის (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

 

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის №1350 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის პირველი თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 თებერვლის №006-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გასწორებულ იქნა შემოწმების აქტში/საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, მოგების გადასახადის ნაცვლად თანხები დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადში (ასევე გასწორდა მიმდინარე გადასახდელებიც). აღნიშნული ტექნიკური უზუსტობის გასწორება არ იწვევს აქტის დარიცხვის თანხობრივ ცვლილებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ შემცირდა დარიცხული თანხები. შემოწმებით გასწორებულ იქნა შემოწმების აქტში/საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, აღნიშნული ტექნიკური უზუსტობის გასწორება არ იწვევს აქტის დარიცხვის თანხობრივ ცვლილებას. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის 28 ნოემბრის №006-589 საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადის გრაფაში ასახული იყო აქტით დარიცხული გადასახადი 80 158 ლარი და 2023 წლის პირველი, მე-2 და მე-3 კვარტლის მიმდინარე გადასახდელები, ჯამურად 21 495 ლარი (სულ ჯამურად დარიცხულმა თანხამ შეადგინა 101 653 ლარი), ხოლო მე-4 მიმდინარე გადასახდელი 7 165 ლარი აისახა ცალკე გრაფაში, როგორც გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა.

კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში გადასახადის გრაფაში აისახა 108 818 ლარი, რაც არის აქტით დარიცხული გადასახადის - 80 158 ლარის და საშემოსავლო გადასახადის 2023 წლის ოთხივე მიმდინარე გადასახდელის 28 658 ლარის ჯამი. აღნიშნული მიმდინარე გადასახდელი განსაზღვრული იყო როგორც საგადასახადო მოთხოვნის, ასევე კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის დროს და გადაანგარიშების დასკვნით რაიმე დამატებითი თანხის დარიცხვას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის, ფასნამატის გამოყენებით, განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დარიცხული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 იანვრის №1350 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის პირველი თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 თებერვლის №006-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.