ბრძანება N 32689-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.09.2019
№ დოკუმენტი 32689-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32689

20/09/2019

შპს --------------------

(მის: ქ. ---------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 დეკემბრის N081-315 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხები განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 25 ივლისის და 15 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები N52 და N58).

საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხი:

მიიჩნევს, რომ გაუქმებას ექვემდებარება 155 169 ლარზე გადასახადის დარიცხვა, ვინაიდან აღნიშნული თანხა შეცდომით არის დაფიქსირებული სალარო აპარატით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 08 სექტემბრის N23824 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 07 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 11 დეკემბრის N35621 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 12 დეკემბრის N081-315 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 2014880.91 ლარით, მათ შორის გადასახადი 1066553 ლარი, ჯარიმა 523796 ლარი, ხოლო საურავი 424531.91 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

-2015 წლის მოგების დეკლარაციებში შემოწმების შედეგად დადგენილი სისტემურ-ელექტრონული (ტოტალიზატორი) ფორმით მიღებული შემოსავლები აღემატება საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, ხოლო 2016 წელს წარმოდგენილი აქვს მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია.

- საზოგადოებას შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს სიგარეტების, სხვადასხვა ალკოჰოლური/უალკოჰოლო სასმელებისა და სხვა საქონლის რეალიზაცია, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში გადასახადის გადამხდელს აქვს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, ამასთან შემოწმების მიმდინარეობისას გამოვლინდა უზუსტობები გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერებში ასახული შემოსავალსა და გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემებს შორის, კერძოდ 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ზემოაღნიშნული საქმიანობის ნაწილში გადამხდელს პროგრამულად ასახული აქვს 14 690 ლარის შემოსავალი ხოლო საკონტროლო სალარო აპარატით ფიქსირდება 15 241 ლარი, ხოლო 2016 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს პროგრამულად ასახული აქვს 87 692 ლარი, ხოლო საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემებით ფიქსირდება 229 068 ლარი (აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 22 სექტემბრის ზეტ ამონაწერში დაფიქსირებულია 155 169 ლარის შემოსვლა, რაზეც სავარაუდოა არსებობდეს ფიქსაციის აქტი, რომელიც შემოწმების პერიოდში წარმოდგენილი არ არის).

სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 2016 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდიდან მოყოლებული საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების ბარათის მონაცემების გათვალისწინებით.

სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან, რომელსაც განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 2015 და 2016 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი საკონტროლო სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების ბარათის მონაცემების გათვალისწინებით.

- გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერებით დადგინდა რომ საზოგადოებას 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული აქვს საკვები პროდუქტების უსასყიდლოდ მიწოდება, რაც არ აქვს ასახული ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებაში.

სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების გათვალისწინებით.

- 2015 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას გამოვლინდა უზუსტობები შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ ბინგოს, ინტერნეტ სლოტისა და სხვა ჩვეულებრივი (15%-იანი) დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი წარმოდგენლი დეკლარაციის თანახმად შეადგენს 3 123 941 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად დაუდგინდა 2 098 944 ლარი. ხოლო 2016 წელს გადამხდელს წარმოდგენილი აქვს მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია, გამომდინარე აქედან შემოწმებით განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის ფორმირება მათ შორის ბინგოს, ინტერნეტ სლოტის და პროგრამის შემოსავლის ნაწილში, რამაც შესაბამისად შეადგინა 197 802 ლარი, 382 542 ლარი და 5 279 ლარი.

სსკ-ის 99-ე მუხლის შესაბამისად აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა, თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან, აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა როგორც ძირითად გადასახადში ასევე ჯარიმის სახით სსკ-ის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

- საზოგადოებას შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის N927/01 ბრძანების საფუძველზე მიღებული აქვს ბინგოს მოწყობის ნებართვა N19-08/08. აღნიშნული ნებართვის რეგლამენტის თანახმად საპრიზო ფონდი თითოეული გათამაშებისთვის შეადგენს რეალიზებული ბილეთების არანაკლებ 70%-ს, რეგლამენტის მონაცემებიდან გამომდინარე შემოწმებით სსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა ბინგოს გათამაშებებიდან გაცემული მოგებები.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სსკ-ის 154-ე მუხლის ნორმების გათვალისწინებით გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც სსა-ის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, უნდა შედგეს დანართი №8-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარეოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან ჩეკის ასლი უნდა დაეკრას ამ აქტს. ასეთივე აქტი 2 ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლითაც დადასტურდება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების საკონტროლო სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის ფაქტი. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემმოწმებელმა ერთობლივი შემოსავლიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ასევე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს შემმოწმებელს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესაბამისი წლების ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია ერთობლივი შემოსავლიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად, დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით.

საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2 და 2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:

„2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2¹.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2².საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.

ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლითაც დადასტურდება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების საკონტროლო სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის ფაქტი. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემმოწმებელმა ერთობლივი შემოსავლიდან ამორიცხოს საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხები და განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაამოწმოს გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის შესაბამისი წლების ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია ერთობლივი შემოსავლიდან გადამხდელის მიერ საკონტროლო სალარო აპარატიდან შეცდომით ამორტყმული თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით.

4. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოs, შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებულ ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგები გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

5. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

7. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება 155169 ლარზე გადასახადის დარიცხვა, ვინაიდან აღნიშნული თანხა შეცდომით არის დაფიქსირებული სალარო აპარატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმებით გამოვლინდა უზუსტობები გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული შემოსავალსა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებს შორის, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 22 სექტემბრის ზეტ ამონაწერში დაფიქსირებულია 155169 ლარი, რაზეც სავარაუდოა არსებობდეს ფიქსაციის აქტი, რომელიც შემოწმების პერიოდში წარმოდგენილი არ არის.

შემოწმების შედეგად სალარო აპარატის ფისკალური მეხსიერების მონაცემების გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და ერთობლივი შემოსავალი, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

 

გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხების სალარო აპარატში შეცდომით ამორტყმის ფაქტი. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემმოწმებელს დაევალა განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

შემმოწმებელს ასევე დაევალა გადაამოწმოს საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური ამონაწერი და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური განსხვავება დღის საშუალო ნავაჭრებს შორის. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიზანშეწონილია ერთობლივი შემოსავლიდან სალარო აპარატიდან შეცდომით ამობეჭდილი თანხების ამორიცხვის მიზნით შესაბამისი დღის ნავაჭრი მონაცემების ნაცვლად, დღიური ბრუნვა განისაზღვროს შესაბამისი თვის ბრუნვის საშუალო მაჩვენებლის ოდენობით.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100; 259(2)

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის N994 ბრძანების 20(7,,ა“) მუხლი