გადაწყვეტილება №22286/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 15.04.2024
№ დოკუმენტი 22286/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22286/2/2024

15 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 18.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22286/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების გაუქმებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 16.01.2024 წლის №14903711 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3051 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 24 027 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

2024 წლის 16 იანვარს, მომჩივანმა, „დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილებების შესახებ“ ID "------" განცხადებით მოითხოვა 2023 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციიდან 4 ცალი სპეც. ანგარიშ-ფაქტურის ჩახსნა მათი გაუქმების მიზნით.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, წერილში მითითებულ ნსაფ-ებში დაფიქსირებულია ტრანსპორტირების დაწყების დრო: ნსაფ ეს N2(12/11/2023 – 00:53:43), ნსაფ ეს N2 (12/11/2023 – 00:53:43), ნსაფ ეს N3(12/11/2023 – 00:53:43) და ნსაფ ეს N4 (12/11/2023 – 00:53:43),აღნიშნული გარემოება საგადასახადო ორგანომ მიიჩნია ნსფ-ების გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველად და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 58-ე მუხლის 91 და 92 პუნქტების საფუძველზე, 16.01.2024 წლის №14903711 გადაწყვეტილებით, მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №3051 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 180-ე მუხლებზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაზე, ამასთან ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, წერილში მითითებულ ნსაფებში დაფიქსირებულია ტრანსპორტირების დაწყების დრო: ეს N (12/11/2023 – 00:53:43), ეს N(12/11/2023 – 00:53:43), ეს N(12/11/2023 – 00:53:43) და ეს N(12/11/2023 – 00:53:43), რაც წარმოადგენს ნსფ-ების გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 10 ნოემბერს სპეციალური ანგარიშ-ფაქტურებით შეიძინა 4 ავტომანქანა საგზაო ბიტუმი შპს "------ სგან “ (ს/ნ "-------") და იმავე დღეს გაყიდა სს „-------“-ზე (ს/ნ "------"). მყიდველმა დაადასტურა და განხორციელდა ტრანსპორტირება, თუმცა მეორე დღეს აცნობეს, რომ მიწოდება საბოლოო მომხმარებელზე ვერ განხორციელდა, რადგან ბიტუმის საცავი იყო გადავსებული. შესაბამისად დადგა სპეც. ანგარიშ-ფაქტურების გაუქმების საჭიროება.

შპს „------- -მ “ (ს/ნ "-------" ) შემდგომში სხვას მიჰყიდა აღნიშნული საქონელი. გადამხდელმა დააკორექტირა სპეც. ანგარიშ-ფაქტურები, თანხა და დღგ შეცვალა 0 ლარის მითითებით, რაც მეორე მხარემაც დაუდასტურა. 2023 წლის 12 ნოემბერს წაშალა დაკორექტირებული სპეც. ანგარიშ-ფაქტურები და ეგონა, რომ თავდაპირველი სპეც. ანგარიშ-ფაქტურებიც წაიშლებოდა. ბიტუმის მიწოდება არ მომხდარა, მყიდველმაც განცხადების საფუძველზე მოხსნა ანგარიშ-ფაქტურები ნოემბრის დეკლარაციიდან. ითხოვს სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნას, ვინაიდან უწევს არარსებული სასაქონლო ოპერაციის დაბეგვრა.

განცხადება „დღგ დეკლარაციის დანართებში ცვლილების შესახებ“ ორჯერ აქვს გაკეთებული, რაც არ დაკმაყოფილდა. მყიდველმა ანალოგიური განცხადებით მიმართა სს „------ -ში “ (ს/ნ "-------") და მიიღო დადებითი პასუხი, შესაბამისად, სპეც ფაქტურაც მოეხსნა ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციიდან და ჩათვლიდანაც ამოიღო (ამასთან დაკავშირებით წარმოადგინა განცხადება). ასევე, კომპანიას, რომელმაც მიყიდა ბიტუმი, საქონლის გაყიდვის შემდგომ მიეცა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის წაშლის საშუალება. მოხდა შეცდომა და დაიბეგრა ისეთ ოპერაციაზე, რაც არ შემდგარა.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამავე ბრძანების 58-ე მუხლის 91 და 92 პუნქტების თანახმად:

9 1 ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებით მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ის გაუქმება შესაძლებელია მყიდველის (მიმღების) მიერ ნსაფ-ის დადასტურების შემთხვევაში ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დაწყებამდე.

92 ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების გარეშე მიწოდებისას გამოწერილი ელექტრონული ფორმის ნსაფ-ი უქმდება საგადასახადო ორგანოს მიერ, როგორც გამყიდველის (გამგზავნის), ისე მყიდველის (მიმღების) ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, წერილში მითითებულ ნსაფ-ებში დაფიქსირებულია ტრანსპორტირების დაწყების დრო:

ეს N(12/11/2023 – 00:53:43), ეს N(12/11/2023 – 00:53:43), ეს N(12/11/2023 – 00:53:43) და ეს N(12/11/2023 – 00:53:43), რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 58-ე მუხლის 91 და 92 პუნქტების საფუძველზე, სპეც. ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა არ განხორციელდა.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შეთანხმებული სასაქონლო ოპერაცია გაუქმებულია და არ განხორციელებულა საქონლის მიწოდება საბოლოო მომხმარებელზე, აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი სპეც. ფაქტურები გაუქმებულია, როგორც შპს "-------"- ის (გამყიდველი), ასევე სს "------"-ს მიერ (მყიდველი).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სახეზე არ არის (გაუქმებულია) დასაბეგრი ოპერაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს ჩახსნას აღნიშნული სპეც. ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის დეკლარაციიდან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №3051 ბრძანება;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, 12/11/2023 წლის N1, N2, N3 და N4 ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დეკლარაციიდან; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ მოხდა შეცდომა და დაიბეგრა ისეთ ოპერაციაზე, რაც არ შემდგარა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა, „დღგ-ის დეკლარაციის დანართებში ცვლილებების შესახებ განცხადებით მოითხოვა 2023 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციიდან 4 ცალი სპეც. ანგარიშ-ფაქტურის ჩახსნა მათი გაუქმების მიზნით.

წერილში მითითებულ ნსაფ-ებში დაფიქსირებულია ტრანსპორტირების დაწყების დრო.აღნიშნული გარემოება საგადასახადო ორგანომ მიიჩნია ნსფ-ების გაუქმების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველად და მომჩივნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №3051 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს ჩახსნას აღნიშნული სპეც. ანგარიშ-ფაქტურები დღგ-ის დეკლარაციიდან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

180.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 51-ე მუხლი.