ბრძანება N 10979

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 10979
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10979

17.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------" (ს/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 21 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 21 აპრილის №80504/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №083-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით შემმოწმებლებს დაევალათ საკითხის დამატებითი შესწავლა და მცირე მეწარმეებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება. შემმოწმებლებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში დააწერინეს ახსნაგანმარტება 3 მეწარმეს, თუმცა მაღალია ალბათობია იმის, რომ აღნიშნული პირები ფრაზებსა და ტერმინებს ვერ გამოიყენებდნენ იმ მნიშვნელობით, რა დატვირთვაც მათ ენიჭებათ ფინანსურ აღრიცხვასა და კანონმდებლობაში. აღნიშნულის მიუხედავად, შემმოწმებლების მიერ დასკვნაში მითითებული არგუმენტები არ ამყარებს მომსახურების კონტრაქტის შრომით ურთიერთობად განხილვის საფუძვლებს. გადამხდელი განმარტავს, რომ მომსახურების გამწევი პირების სამუშაო ატარებს დამოუკიდებელ ხასიათს და არ საჭიროებს კონტროლს, სამუშაო სრულდება საწარმოს მასალით, ხოლო აღჭურვილობა და ინვენტარი ეკუთვნით მეწარმეებს, მიუთითებს, რომ პორტალზე შეავსო კითხვარი, რის საფუძველზეც აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა მომსახურების გაწევად.

2. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ აღნიშნულ ნაწილშიც არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. აცხადებს, რომ მეთოდური მითითებით, თუ შესამოწმებელ პერიოდში სალაროს ნაშთი მცირდება და ხმარდება რაიმე აქტივის შეძენას, განვლილ პერიოდში ნაშთის სესხად განხილვა არ უნდა მოხდეს. ასევე განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს არ ჰქონდა სასესხო ვალდებულება, შესაბამისად, სალაროში არსებული ნაშთი ვერ ჩაითვლებოდა ფიქტიურად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 ნოემბრის №28072 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საკითხი, შეისწავლოს სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ კითხვარის მიხედვით, ასევე შეისწავლოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ მათი სტატუსის ფარგლებში სხვა დამსაქმებლებისგან შემოსავლების მიღების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად და აღნიშნული ნაშთის პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია შეისწავლოს საკითხის ზეპირი განხილვისას გადამხდელის მიერ გამოთქმული განმარტებების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 ნოემბრის №28072 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 23 მარტის №083-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებსა და შპს "---------” შორის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში წარმოშობილი ურთიერთობის კლასიფიცირების საკითხი კითხვარის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან, რომელთა მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტებები შესრულებული სამუშაოს შესახებ, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. მათი განმარტებით, შესრულებული სამუშაო მოიცავდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. სამუშაოს დამკვეთი მომუშავე ფიზიკურ პირებს უზრუნველყოფდა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ძირითადი მასალით, აღჭურვილობით და სატრანსპორტო საშუალებით. ორი მათგანის განმარტებით, სამუშაოს შესასრულებლად გამოყენებული ტექნიკიდან მათ საკუთრებაში იყო მხოლოდ კუთხსახეხი ე.წ. ბალგარკა, ჩაქუჩი და სხვა მსგავსი წვრილმანი იარაღები. ამასთან, 2019 წლიდან დღემდე აღნიშნულ პირებს დეკლარირებული სხვა შემოსავალი არ უფიქსირდებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი დღეის მდგომარეობით დასაქმებულია შპს "----------" მძღოლის პოზიციაზე და იღებს ხელფასს. ასევე, შემოწმებისათვის წარმოდგენილი ერთ-ერთი მეწარმის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებგვერდზე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები გადაგზავნილია შპს "----------" ბუღალტრის მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიცირების საკითხი დარჩა უცვლელი და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი და დღგ შემცირებას არ დაექვემდებარა.

2. სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით "ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებსა და შპს "----------“ შორის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში წარმოშობილი ურთიერთობის კლასიფიცირების საკითხი კითხვარის შესაბამისად. შემოწმების მიერ დადგენილი გარემოებების, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების ახსნა-განმარტებებისა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიცირების საკითხი დარჩა უცვლელი და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი და დღგ შემცირებას არ დაექვემდებარა.

ამასთან, სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით "ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე" განსაზღვრული №9 დანართის შესაბამისად, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი მომსახურების ანაზღაურების თანხების ხელფასად განხილვის საკითხს, სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვას და აღნიშნული ნაშთის პასუხისმგებელ პირზე/დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებსა და კომპანიას შორის ეკონომიკური საქმიანობის ნაწილში წარმოშობილი ურთიერთობის კლასიფიცირების საკითხი კითხვარის შესაბამისად. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებით, დამკვეთი მომუშავე ფიზიკურ პირებს უზრუნველყოფდა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ძირითადი მასალით, აღჭურვილობით და სატრანსპორტო საშუალებით. ორი მათგანს 2019 წლიდან დღემდე დეკლარირებული სხვა შემოსავალი არ უფიქსირდებათ. ხოლო ერთ-ერთი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი დასაქმებულია კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე და იღებს ხელფასს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიცირების საკითხი დარჩა უცვლელი და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი და დღგ შემცირებას არ დაექვემდებარა.

სალაროს ნაშთის არაგონივრულ ნაშთად განხილვასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 302(6); 304(21)

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის ბრძანება №22708 „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9)