განთავსებული კაპიტალის შემცირება N 2547

2547 განთავსებული კაპიტალის შემცირება 04.07.2022
№ დოკუმენტი 2547
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

განთავსებული კაპიტალის შემცირება N 2547

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს რეზიდენტი საწარმოს, შპს „X"-ის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 1000 ლარს. საწარმოს კაპიტალში შეთანხმებული შენატანი განხორციელებულია მისი ერთადერთი პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ 1000 ლარის ოდენობით.

· პარტნიორმა დაარეგისტრირა გადაწყვეტილება რეესტრში, რომლითაც მან 2022 წლის ივლისში 700 ლარით შეამცირა საწარმოს განთავსებული კაპიტალი. პარტნიორის გადაწყვეტილება შეესაბამება „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს. კაპიტალის შემცირებული ოდენობის თანხა დაუბრუნდა პარტნიორ ფიზიკურ პირს.

· განთავსებულ კაპიტალში განხორცილებული შენატანის ოდენობის ფარგლებში კაპიტალის შემცირების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ საწარმომ პარტნიორს დაუბრუნა 700 ლარი, რომელიც საწარმომ არ განიხილა მოგების განაწილებად და არ დაბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით.

შეფასება

· - სსკ-ის 97.1.(ა) მუხლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

- სსკ-ის 981 .1 მუხლის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

- სსკ-ის 130.1 მუხლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

- სსკ-ის 2.6 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

- სსკ-ის 8.12 მუხლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

- სსკ-ის 8.12(ა) მუხლის თანახმად, დივიდენდს არ მიეკუთვნება იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება.

· განთავსებულ კაპიტალში შეთანხმებული და განხორცილებული შენატანის ოდენობის ფარგლებში პარტნიორისთვის დაბრუნებული 700 ლარი, არ ექვემდებარება გადასახადებით დაბეგვრას.

ღონისძიებები

· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და მის მიმართ დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

იგულისხმება, რომ:

განთავსებული და განხორციელებული შენატანის ოდენობით კაპიტალის შემცირების შესახებ საწარმოს პარტნიორის გადაწყვეტილება რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და შესაბამისობაშია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონთან.

სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 1 იანვრიდან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.