გადაწყვეტილება №18569/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18569/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18569/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------ის 28.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18569/2/2022).

 

დავის საგანი:

სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №001-92 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27936 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 34 480 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 19 236

ჯარიმა - 9 618

საურავი - 5 626

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/საბაჟო დეკლარაციებისა და უკან დაბრუნებული სასაქონლო ზედნადებების 2019 წლის იანვრის, ივნისის, 2020 წლის მარტის, ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, დეკემბრის, 2021 წლის იანვრის და აპრილის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდებში მიღებული აქვს კორექტირებული (დადასტურებული) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/დაბრუნებული აქვს საქონელი მომწოდებლებისათვის. ჩასათვლელი თანხის კორექტირებით გადასახდელმა დღგ-მა შეადგინა სულ 19 790 ლარი, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა ჩასათვლელი თანხის კორექტირებით აღსადგენმა დღგ-მა კი შეადგინა 150.24 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაკორექტირდა საწარმოს ჩასათვლელი თანხის კორექტირებით გადასახდელი დღგ. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2022 წლის №17272 ბრძანება და №001-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27936 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე- 4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით და საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 2020 წლის 18 მარტიდან პანდემიის გამო მოუწია საქმიანობის შეჩერება, შეჩერების მიუხედავად ფართის მეპატრონეს იჯარის თანხას მაინც უხდიდა. წლის ბოლოს ფართის მეპატრონემ კატეგორიულად მოთხოვა ფართის დაცლა. ვინაიდან მოითხოვა იჯარის თანხის გაზრდა, არსებული პანდემიის გამო კომპანია რეალურად ვერ ფუნქციონირებდა. ვინაიდან ორჯერ გადაიტანა კოვიდ-ინფექცია და შესაბამისად სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა კომპანიის ფუნქციონირებას, იძულებული გახდა, დაეცალა შენობა. დისტრიბუტორებმა უკან გაიტანეს თავიანთი საქონელი. კოვიდ-ინფექციის გამო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რასაც დაემატა ფინანსური პრობლემები. რეალურად მუშაობა უწევდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, არის ქვრივი, ჰყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც ამჟამად უმუშევარია (მუშაობდა ვითიბი ბანკში, რომელმაც საქართველოში ფუნქციონირება შეწყვიტა). დაკისრებული საგადასახადო დავალიანება იმდენად დიდი თანხაა, რომ მისი გადახდის საშუალება არ აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.