იჯარით აღებულ ქონებაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა N 1196
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
იჯარით აღებულ ქონებაზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრა N 1196
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს 20 წლიანი ვადით იჯარით აქვს აღებული ქონება (შენობა-ნაგებობა). ქონების კეთილმოწყობის მიზნით, 2015 წელს საწარმომ დაიქირავა კონტრაქტორი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად
· რემონტის ხარჯმა შეადგინა 100 000 ლარი, რაზეც კონტრაქტორმა 2015 წლის მარტის თვეში გამოუწერა ანგარიშ-ფაქტურა (დღგ-ის თანხა 18 000 ლარი)
· იჯარით აღებული ქონება ერთდროულად გამოიყენება დღგ-ისგან როგორც ჩათვლის უფლებით, ასევე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებში. ამასთან, წინა 2014 წლის მიხედვით დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საწარმოს საერთო ბრუნვის 20%-ზე მეტია
შეფასება
· საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 1999 წლის 12 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმიდან გამომდინარე, იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯი განიხილება ძირითად საშუალებად. ამასთან, სსკ-ის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა"ქვეპუნქტის თანახმად, იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე7 ნაწილის „გ.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საშუალების მიხედვით, თუ იგი გამოყენებულ იქნა ან/და იქნება ერთდროულად ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ დღგ-ის გადამხდელს, გარდა ამ ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულისა, უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე მიიღოს ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, ყოველწლიურად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გაიანგარიშება სხვა ძირითად საშუალებებზე (გარდა შენობანაგებობისა) – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეხუთედის ოდენობით
· როგორც დასახელებული ნორმებით დგინდება, იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობაზე გაწეული ხარჯი განიხილება ძირითად საშუალებად. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსი იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯებს განიხილავს არა შენობანაგებობად, არამედ სხვა ძირითად საშუალებად, რომელიც ცალკე ჯგუფში აღირიცხება და მასზე საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება არა შენობა-ნაგებობებისათვის დადგენილი ნორმით, არამედ 15%-ის ოდენობით. შესაბამისად, იჯარით აღებული ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა უნდა განხორციელდეს არა შენობა-ნაგებობებისათვის, არამედ სხვა ძირითადი საშუალებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით. ამდენად, პირს უფლება აქვს რემონტის ხარჯზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს სსკ-ის 174-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, 5-წელზე მისი გადანაწილებით. კერძოდ, პირს უფლება აქვს, 2015 და ყოველ შემდეგ წელს ჩაითვალოს 3600 ლარი (18 000/5) საერთო ბრუნვაში ჩათვლის უფლების მქონე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად
ღონისძიებები
· პირის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება შეფასებაში აღწერილი ღონისძიებების გათვალისწინებით
იგულისხმება, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარება არ ხორციელდება საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით