ბრძანება N 24544

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.10.2023
№ დოკუმენტი 24544
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24544

05 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის. : ----------)

2023 წლის 5 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2023 წლის 5 ივნისის №81481/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №040-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. პირი განმარტავს, რომ შპს „----------“ მიერ შესრულებული სამუშაოები ასახა რეალიზაციაში და დაბეგრა დღგ-ით, ხოლო მომსახურების საბოლოო მიმღებს წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად აღნიშნული ოპერაციის ფიქტიურად/ყალბად აღიარების საფუძველი არ არსებობს. მომჩივანი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

2. პირი არ ეთანხმება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაზრდას და განმარტავს, რომ საწარმომ ფაქტიურად მოპოვებული რესურსების შესახებ წარადგინა გაანგარიშება და გადაიხადა კუთვნილი მოსაკრებელი, ითხოვს დამატებით დარიცხული მოსაკრებლის გაუქმებას.

3. პირი ითხოვს საწვავის შესახებ ინფორმაციის, არ წარდგენის გამო დარიცხულ ჯარიმისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახდო კოდექსი 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

4. პირი არ ეთანხმება, შემოწმებით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ზრდას და აცხადებს რომ მათთვის გაუგებარია, თუ რა დაედო საფუძვლად დასაბეგრი ბაზის გაზრდას, გადამხდელი მოითხოვს საწარმოს წარმომადგენელთან ერთად მოხდეს საშემოსავლოს გადასახადის გადაანგარიშება.

5. პირი არ ეთანხმება, სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად განსაზღვრის შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს და განმარტავს, რომ ყველაზე ცუდ ვარიანტშიც კი სალაროში ყოველ სამ თვეში თანხა უტოლდება ნულს, შესაბამისად სალაროს ნაშთად რაიმე თანხის განხილვა უსაფუძვლოა, ასევე უსაფუძვლოა სესხად განხილული თანხიდან მიღებულ სარგებელზე დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №291 და ამავე წლის 27 თებერვლის N3660 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 24 ნოემბრიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 15 მაისის №10801 ბრძანება და ამავე თარიღის №040-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 797 369 ლარი, მათ შორის, შემცირდა გადასახადი 327 335 ლარით, დაერიცხა ჯარიმა 2 124 572 ლარი და საურავი 132 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

● შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაფუძნდა 2021 წლის 24 ნოემბერს. ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელი. მის საქმიანობის სახეს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი, შესამოწმებელი (24.11.2021 - 01.02.2023 წ) პერიოდის, დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს ჯამში 8 058 572 ლარს. საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის № ---------- საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელით გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის, დოკუმენტაციისა და საბანკო ამონაწერების, ასევე სხვა უწყებებიდან შემოსული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დაანგარიშდა შპს „----------“(მომჩივანი) ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები/მიღებული შემოსავლები. ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად, დგინდება შპს „----------“(მომჩივანი) (ს/ნ ----------) სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციების განხორციელება, ამ ნაწილში დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 159-ე, 160-ე, 1601 მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 6 763 283 ლარით. გადასახდელი დღგ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით შემცირდა 233 152 ლარით, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით პირს დაეკისრა სანქცია 2 124 254 ლარის ოდენობით.

● სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ბრძანებების საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---------- ლიცენზია 2022 წლის 31 იანვარს გაცემულია შპს „----------“(მომჩივანი) (ს/ნ ----------). ლიცენზიით გათვალისწინებულია ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მ დ. ---------- ქვიშა-ხრეშის მოპოვება ჯამურად - 24 460 კუბური მეტრის ოდენობით. 2022 წლის 31 მარტს გამოიცა ბრძანება ასათვისებელი რესურსის ოდენობის შესახებ. 2022 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა გეგმით შეადგენს 15000 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს. აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა 2022 წლის 10 ოქტომბერს. გადამხდელს 2022 წლის იანვრის თვეში დეკლარირებული აქვს ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 500 მეტრ კუბ ქვიშა-ხრეშზე 100 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საწარმოს ასათვისებელი გეგმის რაოდენობა აღემატება ფაქტობრივად მოპოვებულს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 1 თებერვლის №20 ბრძანების საფუძველზე, შემოწმებით, გადასახდელი მოსაკრებელი განისაზღვრა 10 909 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშზე. შედეგად, დაკორექტირდა საწარმოს საგადასახადო ვალდებულება და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი გაიზარდა 2 081 ლარით. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევისათვის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად.

● საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ნავთობპროდუქტების სპეციალური ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები. დღგ-ს დეკლარაციის დანართში წარადგენს საწვავის ნაშთების შესახებ ინფორმაციას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრი და სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით განესაზღვრა ჯარიმა.

● საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი, შესამოწმებელი (24.11.2021-01.03.2023 წ) პერიოდის, საშემოსავლოს გადასახადის დეკლარაციების მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ხელფასის განაცემი შეადგენს ჯამში 1 004 296 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი (გარდა პროცენტისა), წარმოდგენილია ჯამში 3 210 761 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერები, საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. საწარმოს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან მომსახურების მიღება, მათ შორისაა ფართის იჯარა, ტექნიკის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქირაობა, სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურებები, ასფალტის დაგების მომსახურება, სარემონტო მომსახურება, კომპიუტერული და სხვა ტიპის მომსახურებები. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხულია 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი, რომელთა ჯამური სალდირებული სადებეტო ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 1 694 556 ლარს. აღნიშნული ნაშთის თითქმის მთლიანად დაკავებულია წყაროსთან, რაც დასტურდება განაცემთა შესახებ ინფორმაციიდან, ასევე გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითაც, დამატებით წარმოდგენილ ცხრილთან ერთად. საწარმო განმარტავს, რომ საქვეანგარიშო პირებზე გაცემულ თანხებზე არაა წარდგენილი დოკუმენტი, რის გამოც ყოველთვიურად ბეგრავენ საშემოსავლო გადასახადით. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემი განისაზღვრა სულ 1 185 222 ლარით, ხოლო გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემი (გარდა პროცენტისა) 3 132 794 ლარით. შედეგად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საწარმოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და ნაშთები. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში (24.11.2021 წ) - სალაროში საწყისი ბუღალტრული ნაშთი იყო 0 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ( 01.02.2023 წ)- სალაროს ნაშთი შეადგენს 51 780 ლარს. ამასთანავე, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის აღენიშნება კრედიტორული დავალიანების ნაშთი 250 624 ლარის ოდენობით. ანალიზისთვის დაანგარიშდა შპს „----------“(მომჩივანი)-ის ყოველი კალენდარული თვის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, რომელიც შედარდა შესაბამისი თვის ჭრილში სალაროში დაფიქსირებულ თვის ბოლო ნაშთს. ყოველი თვისთვის, საკასო ხარჯისა და შემოსავლის 10%-ზე მეტი თანხა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. გათვალისწინებულ იქნა არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში (ნებისმიერ დღეს) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა თუ მოექცეოდა გონივრული ნაშთის ფარგლებში, ან თუ აღარ ფიქსირდებოდა ან თუ არ აღემატებოდა 1000 ლარს. არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება სალაროდან გატანილი ან/და დაბრუნებული თანხებით შესაბამისი კალენდარული თვეების არაგონივრული ნაშთის გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნული ნორმატიული და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სესხის პროცენტის სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 12 856 ლარი, მოგების გადასახადის მიზნებისთვის გაცემული სესხის ოდენობაა 55 555 ლარი, საიდანაც 3 775 ლარი შესამოწმებელ პერიოდშივე ჩაითვალა დაბრუნებულად. შედეგად, საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა 2 571 ლარით, მოგების გადასახადი (ჩათვლის გათვალისწინებით) კი გაიზარდა 9 138 ლარით. ამასთან პირს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, შესაბამისად გადამხდელს დეკლარირებულთან შედარებით შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ს თანხა და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმოზე 2022 წლის 31 იანვარს გაცემულია ლიცენზია ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ჯამურად - 24 460 კუბური მეტრის ოდენობით, აღნიშნულზე 2022 წლის 31 მარტს გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც 2022 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა გეგმით შეადგენს 15000 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს, ხოლო აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა 2022 წლის 10 ოქტომბერს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვრის თვეში დეკლარირებული აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 500 კუბური მეტრი რესურსის მოპოვების შესახებ. შემოწმებით საწარმოზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრა 10 909 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშზე და შესაბამისად გაიზარდა გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან მომსახურების მიღება. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ყავს 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი. გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, აღნიშნული პირებისათვის საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებზე არა არის წარდგენილი დოკუმენტი, რის გამოც ყოველთვიურად ბეგრავენ საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცალ-ცალკე დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემი და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემი (გარდა პროცენტისა), რის შედეგადაც პირს გაეზარდა საშემოსავლო გადასახადი.

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით საწარმოს სალაროში საწყისი ბუღალტრული ნაშთი იყო ნულის ტოლი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი ნაშთი შეადგენდა 51 780 ლარს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა პირის ყოველი კალენდარული თვის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, რომელიც შედარდა შესაბამისი თვის ჭრილში სალაროში დაფიქსირებულ თვის ბოლო ნაშთთან. ყოველი თვისთვის, საკასო ხარჯისა და შემოსავლის 10%-ზე მეტი თანხა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. ასევე გათვალისწინებულ იქნა არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში (ნებისმიერ დღეს) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მოექცეოდა თუ არა გონივრული ნაშთის ფარგლებში. შესაბამისად გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვისთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/ჩათვლის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. პირი არ ეთანხმება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაზრდას.

3. პირი ითხოვს საწვავის შესახებ ინფორმაციის, არ წარდგენის გამო დარიცხულ ჯარიმისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახდო კოდექსი 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

4. პირი არ ეთანხმება, შემოწმებით გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ზრდას.

5. პირი არ ეთანხმება, სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე უპროცენტო სესხად განსაზღვრის შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, შესაბამისად გადამხდელს დეკლარირებულთან შედარებით შეუმცირდა გადასახდელი დღგ-ს თანხა და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

2. საწარმოზე 2022 წლის 31 იანვარს გაცემულია ლიცენზია ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე ჯამურად - 24 460 კუბური მეტრის ოდენობით, აღნიშნულზე 2022 წლის 31 მარტს გამოიცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც 2022 წლის ასათვისებელი რესურსის ოდენობა გეგმით შეადგენს 15000 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს, ხოლო აღნიშნული ლიცენზია გაუქმდა 2022 წლის 10 ოქტომბერს. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის იანვრის თვეში დეკლარირებული აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 500 კუბური მეტრი რესურსის მოპოვების შესახებ. შემოწმებით საწარმოზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრა 10 909 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშზე და შესაბამისად გაიზარდა გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობაც.

3. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

4. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება სხვადასხვა ფიზიკური პირებისაგან მომსახურების მიღება. ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული ყავს 60-ზე მეტი საქვეანგარიშო პირი. გადამხდელის წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, აღნიშნული პირებისათვის საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებზე არა არის წარდგენილი დოკუმენტი, რის გამოც ყოველთვიურად ბეგრავენ საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცალ-ცალკე დაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდის გადახდის წყაროსთან დასაბეგრი ხელფასის განაცემი და გადახდის წყაროსთან დასაკავებელი სხვა განაცემი (გარდა პროცენტისა), რის შედეგადაც პირს გაეზარდა საშემოსავლო გადასახადი.

5. საწარმოს სალაროში საწყისი ბუღალტრული ნაშთი იყო ნულის ტოლი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კი ნაშთი შეადგენდა 51 780 ლარს. შემოწმების მიერ დაანგარიშდა პირის ყოველი კალენდარული თვის საკასო ხარჯები და საკასო შემოსავლები, რომელიც შედარდა შესაბამისი თვის ჭრილში სალაროში დაფიქსირებულ თვის ბოლო ნაშთთან. ყოველი თვისთვის, საკასო ხარჯისა და შემოსავლის 10%-ზე მეტი თანხა ჩაითვალა სალაროს არაგონივრულ ნაშთად. ასევე გათვალისწინებულ იქნა არაგონივრული ნაშთის გამოვლენიდან შემდგომი 3 თვის განმავლობაში (ნებისმიერ დღეს) სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა მოექცეოდა თუ არა გონივრული ნაშთის ფარგლებში. შესაბამისად გამოვლენილი სალაროს არაგონივრული ნაშთი მისი წარმოშობის კალენდარულ თვისთვის დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1); 106; 154(1„ა“); 160; 1601; 178(1); 274; 280(1); 282(3); 291;