გადაწყვეტილება № 27467/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27467/2/2026
18 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 1.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27467/2/2026).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 მარტის №001-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10545 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ქონების გადასახადი - 67 401.23 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის №4075 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №01.12.05.001.006 და №01.12.05.001.003 საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 12 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია შპს „-----“ (ს/ნ -----) მიერ შპს „-----“-ის ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში 2024 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, სადაც უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდები №------ და №-------), შეფასებულია 1 249 243 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგის ჩათვლით შეადგენს 1 474 107 აშშ დოლარს. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შენობა-ნაგებობის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 698 631 ლარი, ხოლო 2024 წელს - 663 230 ლარი. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის, 202-ე მუხლის 41 ნაწილის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის საფუძველზე, დაკორექტირდა (გაიზარდა) ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და მომჩივანს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 მარტის №5724 ბრძანება და №001-42 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 67 401.23 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო თარიღი 15.04.2026 წელი).
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 18 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 13 მაისის №10545 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 201-ე, 202-ე, 205-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასით და აღნიშნულის შესაბამისად ქონების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია, თუ რატომ განსაზღვრა საგადასახადო ორგანომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ფასად შეფასების ფასი დღგ-ის ჩათვლით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების გადასახადის გადამხდელი კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების მიხედვით. ამასთან, აქტივის ღირებულება, საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, მოიცავს აქტივის შესყიდვის, წარმოების, მშენებლობისა და სხვა ხარჯებს, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას. ამავე დროს, დღგ-ის ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის გადასახადს, ხოლო დღგ-ის გადამხდელი ბიზნესი, რომელიც ძირითად საშუალებას იყენებს დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებისთვის, უფლებამოსილია ჩაითვალოს აღნიშნულ აქტივთან დაკავშირებული დღგ. ამ პირობებში, აქტივის საბაზრო ფასის განსაზღვრა დღგ-ის ჩათვლით ქონების გადასახადის მიზნებისთვის იწვევს არათანაბარ მდგომარეობას სხვადასხვა გადასახადის გადამხდელს შორის. კერძოდ, თუ საგადასახადო ორგანო ქონების გადასახადის დარიცხვის ბაზად იყენებს აქტივის საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით, მაშინ: იმავე აქტივის სხვა დღგ-ის გადამხდელ კომპანიაზე რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველ კომპანიას ექნება უფლება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ; შესაბამისად, იგი აქტივს ბალანსზე აღრიცხავს დღგ-ის გარეშე ნასყიდობის ფასით; შედეგად, ქონების გადასახადის გამოანგარიშება მოხდება აქტივის დღგ-ის გარეშე საბალანსო ღირებულებიდან. ანალოგიური შედეგი მიიღება იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანია დააფუძნებს შვილობილ კომპანიას, რომელიც იქნება დღგ-ის გადამხდელი და აღნიშნულ აქტივს შეიტანს მის კაპიტალში. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აქტივის კაპიტალში შეტანა საქონლის მიწოდებად არ განიხილება, ხოლო მიმღები პირი ითვლება მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ. ასეთ
შემთხვევაში შვილობილი კომპანია აქტივს ბალანსზე აღრიცხავს შესაბამისი საბალანსო ღირებულებით (საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე) და ქონების გადასახადს გადაიხდის საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამგვარად, პრაქტიკაში იქმნება სიტუაცია, როდესაც ერთ შემთხვევაში ქონების გადასახადი დარიცხულია აქტივის დღგ-ის ჩათვლით საბაზრო ფასიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში იგივე აქტივზე ქონების გადასახადი გამოითვლება დღგ-ის გარეშე საბალანსო ღირებულებიდან. აღნიშნული მიდგომა, არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო სისტემის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს – გადასახადის გადამხდელთა თანასწორობას საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას დღგ არ უნდა ჩაითვალოს დასაბეგრი ქონების ღირებულებაში იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი არის დღგ-ის გადამხდელი და მას აქვს აღნიშნული დღგ-ის ჩათვლის უფლება. ითხოვს მოხდეს დამატებით დარიცხული ქონების გადასახადის შესაბამისად გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10545 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ 2023-2024 წლებში დეკლარირებული უძრავი ქონების დასაბეგრი ბაზა დაკორექტირდა მესამე პირის მიერ მომზადებული ბიზნესის შეფასების ანგარიშში არსებული საბაზრო ღირებულების (1 249 243 აშშ დოლარი დღგ-ის გარეშე) შესაბამისად. დასაბეგრი ბაზის გაზრდის საფუძველზე, 2026 წლის 16 მარტის №5724 ბრძანებითა და №001-42 საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 67 401.23 ლარი. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 13 მაისის №10545 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10545 ბრძანება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;202