გადაწყვეტილება №24795/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24795/2/2025
19 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24795/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული სანქციის მართლზომიერება;
2. შეცდომით დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სისწორე;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №085-29 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2111 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 104 909,79 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 55 882
ჯარიმა - 27 483.50
საურავი - 21 544,29
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25772 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.
შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №26781 ბრძანება და ამავე თარიღის №085-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2111 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული სანქციის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კომპანიას წარდგენილი აქვს 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები, რომელთა მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად შეადგენს 257 456 ლარს. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 180-ე, 69-ე, 43-ე, 270-ე, 275 მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეცდომით აქვს დეკლარირებული და შესაბამისი გადასახადი გადახდილი აქვს აგვისტოს თვეში. აცხადებს, რომ ივლისის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია აგვისტოში და აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეცდომით არის ასახული.
შემოწმებით შესაძლებელი იყო შესამოწმებელი პერიოდის კორექტირება, რომლის შემდეგ კომპანიას არ დაერიცხებოდა გადასახადი. საწარმოს მიერ დაზუსტდა 2022 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, შესაბამისად, გადამხდელს ამჟამად ერიცხება მხოლოდ ჯარიმა 10 810 ლარი. ითხოვს ჯარიმისგან სრულად გათავისუფლებას ან 10%-იანი ჯარიმის გამოყენებას, პერიოდის ცვლილებისთვის.
2. შეცდომით დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება
ფაქტების აღწერა
2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (-------- ღირებულებით 212 619 ლარი (დღგ - 32 433)). მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 154 211 ლარს. აღნიშნულ ბრუნვაზე საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა არ ფიქსირდება, შესაბამისად, წარმოადგენს არადოკუმენტურ ბრუნვას. ამასთან, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დეკლარირებულ (არადოკუმენტური-154 211 ლარი) ბრუნვასთან დაკავშირებით განმარტება, თუმცა მომჩივნის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვისა და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად (154 211 + 180 186=334 397ლარი) შესაბამის საანგარიშო პერიოდში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (------- ღირებულებით 212 619 ლარი (დღგ - 32 433)). მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 154 211 ლარს. აღნიშნულ ბრუნვაზე საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა არ ფიქსირდება, შესაბამისად, წარმოადგენს არადოკუმენტურ ბრუნვას. ამასთან, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დეკლარირებულ (არადოკუმენტური-154 211 ლარი) ბრუნვასთან დაკავშირებით განმარტება, თუმცა მომჩივნის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვისა და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად (154 211 + 180 186=334 397ლარი) შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი არ იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დადგენილი ბრუნვა შეადგენს 180 186 ლარს (დღგ-ის გარეშე), საიდანაც 154 211 ლარი (დღგ-ის გარეშე) დეკლარირებულია, ხოლო შემოწმების შედეგად დეკლარირებულ ბრუნვაზე დამატებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა, რაც არასწორია, რადგან კომპანიის მიერ ყველა ოპერაციაზე (გაწეულ მომსახურებაზე) გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო სხვა შემოსავალი კომპანიას არ უფიქსირდება. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა შეცდომით არის დეკლარირებული. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების დასაბუთებაში მითითებულია, რომ არადოკუმენტურ ბრუნვასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი განმარტება. განმარტება ბუღალტრის მიერ მიცემულია სატელეფონო კომუნიკაციით და ახსნილი იყო აუდიტორისთვის რომ ფაქტურის ბრუნვა არასრულად იქნა დაბეგრილი და სხვაობის თანხა 25 975 ლარი უნდა დაებეგრა დამატებით, ამის მიუხედავად საჩივრის ეტაპზე განმარტა რომ კომპანიის მიერ ყველა ოპერაციაზე (გაწეულ მომსახურებაზე) გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა სხვა შემოსავალი კომპანიას არ უფიქსირდება, დეკლარირებულია ანგარიშ-ფაქტურის თანხა შეცდომით შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დადგენილი დღგ-ის ბრუნვა არსებითად არის შესამცირებელი, მათ მიერ ბრუნვა შემცირებულია მხოლოდ 25 975 ლარით (180 186 – 154 211), მიუხედავად ამისა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა საჩივარი. ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას ან ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემოსავლების სამსახურში.
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სისწორე
ფაქტების აღწერა
დარიცხვის საფუძვლები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია დეკლარირებულ ბრუნვასთან დაკავშირებით, თუმცა მომჩივნის მიერ ვერ/არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ინფორმაცია. შედეგად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვის, 2023 წლის აგვისტოსა (გამოწერილი დოკუმენტური ბრუნვა-51 239 ლარი და არადოკუმენტური ბრუნვა-3 599 ლარი, ჯამში-54 838 ლარი) და სექტემბრის (გამოწერილი დოკუმენტური ბრუნვა-55 147 ლარი და არადოკუმენტური ბრუნვა-3 430 ლარს, ჯამში-58 577 ლარი) საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად შესაბამის საანგარიშო პერიოდში.
ამდენად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდებზე შემოწმებით დადგენილი ბრუნვა არასწორია, რადგან კომპანიას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები უფიქსირდება მხოლოდ პირველადი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), შესაბამისად, შეუძლებელი იყო განსახვავებული ბრუნვის მიღება. ამასთან, აცხადებს, რომ დოკუმენტური ბრუნვა სრულყოფილად აქვს დეკლარირებული და ითხოვს, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №085-29 საგადასახადო მოთხოვნით გარდა დღგ-ის დარიცხვისა დამატებით დაეკისრა ჯარიმა 27 483,50 ლარი და საურავი 21 544,29 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. ამდენად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ივლისის, სექტემბრის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებული. აღნიშნულ პერიოდებზე, გადასახადის გადამხდელს, არ აქვს დღგ-ის დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივნის განმარტებით, 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე შემოწმებით დადგენილი ბრუნვა შეცდომით აქვს დეკლარირებული, ამასთან შესაბამისი გადასახადი გადახდილი აქვს აგვისტოს თვეში. აცხადებს, რომ ივლისის თვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია აგვისტოს თვეში და აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციაში შეცდომით არის ასახული. მიაჩნია, რომ შემოწმებით შესაძლებელი იყო შესამოწმებელი პერიოდის კორექტირება, რომლის შემდეგ კომპანიას არ დაერიცხებოდა გადასახადი.ხოლო სანქციის სახით ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილისა უნდა გავრცელდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა პერიოდის ცვლილების გამო. 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადგენილი ბრუნვა შეადგენს 180 186 ლარს (დღგ-ის გარეშე), საიდანაც 154 211 ლარი (დღგის გარეშე) დეკლარირებულია, ხოლო შემოწმების შედეგად დეკლარირებულ ბრუნვაზე დამატებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა, რაც არასწორია, რადგან კომპანიის მიერ ყველა ოპერაციაზე (გაწეულ მომსახურებაზე) გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო სხვა შემოსავალი კომპანიას არ უფიქსირდება. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა შეცდომით არის დეკლარირებული. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას. ამასთან, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის პერიოდებზე შემოწმებით დადგენილი ბრუნვა არასწორია, რადგან კომპანიას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები უფიქსირდება მხოლოდ პირველადი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), შესაბამისად, შეუძლებელი იყო განსახვავებული ბრუნვის მიღება. ამასთან, დოკუმენტური ბრუნვა სრულყოფილად აქვს დეკლარირებული და ითხოვს, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მომჩივნის არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არის სათანადოდ გამოკვლეული.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭოს მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.02.2025 წლის №2111 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეფარდებული სანქციის მართლზომიერება;
2. შეცდომით დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინება;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის სისწორე;
4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 154 211 ლარს. აღნიშნულ ბრუნვაზე საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა არ ფიქსირდება, შესაბამისად, წარმოადგენს არადოკუმენტურ ბრუნვას. შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვისა და 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად.
2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებზე გადასახადის გადამხდელს გამოწერილი ჰქონდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული არადოკუმენტური ბრუნვის, 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბრის საანგარიშო პერიოდებში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დაბეგვრა ჯამურად შესაბამის საანგარიშო პერიოდში.
მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით გარდა დღგ-ის დარიცხვისა დამატებით დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭოს მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 163(2);168(1);275(2);